მარტივი ქარის წისქვილებიდან თანამედროვე ტურბინებამდე, უძველესი მეთოდი კვლავ მუშაობს და მბრუნავი ლაპოტი ქარს ენერგიად გარდაქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ქარი უზარმაზარი პოტენციალის მქონე განახლებადი რესურსია, მას ნაკლებად იყენებენ შავი ზღვის მეზობელ ქვეყნებში – მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში.

ავტორები: ლილია ქურჩი, ლუსია ტაუტი, სტეფან სკორპანი

მომავლის ქარი: ქარის ენერგია, რომელიც შავი ზღვის მეზობელ
ქვეყნებში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, სუფთა მომავლის საწინდარია


საქართველო: დიდი ინვესტიციები მეტი ენერგიისთვის

საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან ერთი საათის სავალ მანძილზე მდებარე ქალაქ გორთან, ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებულ ექვს ტურბინას ვხედავთ. მანქანას გზატკეცილზე ვაჩერებთ, სადაც მამაკაცს ბოსტნეულის ჯიხური აქვს მოწყობილი. ვეკითხებით, თუ როგორ მივიდეთ ტურბინებამდე. იგი ასკვნის, რომ ჩვენ აქაურები არ ვართ, რადგან ყველა ადგილობრივმა იცის ახალი გზის შესახებ, რომელიც პირველ ქართულ ქარის ელექტროსადგურამდე მიდის.

გორში ძლიერი ქარი იცის, რადგან ეს კვერნაკის მთებში მდებარე პლატოა, რომელიც ზღვის დონიდან 824-872 მეტრის სიმაღლეზეა გაშლილი. ექსპერტების თქმით, ეს ადგილი საქართველოში ქარის ენერგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პოტენციურ წყაროს წარმოადგენს. აღნიშნული ელექტროსადგური 2016 წლის დეკემბერში გაიხსნა, რომლის მთლიანი სიმძლავე წელიწადში 20 მეგავატია. იგი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ პროექტის შემადგენელი ნაწილია.

აღნიშნულ პროექტს „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ აფინანსებს. ეს მნიშვნელოვანი პარტნიორობა იმისთვის, რომ საქართველოში განახლებადი ენერგიის წარმოება გაიზარდოს და ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს, განსაკუთრებით ზამთარში.

ექვსი ტურბინა 25 ჰექტარზე, ძირითადად სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზეა განლაგებული. ტურბინები ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძზეა განთავსებული; ამ ადგილის ენერგეტიკული პოტენციალი გამომუშავებული სიმძლავრის 150 მეგავატამდე გაზრდის საშუალებას იძლევა, რისთვისაც იმავე სიმძლავრის 35 ტურბინის დამატებაა შესაძლებელი, რადგან თითო ტურბინის სიმძლავრე 3.45 მეგავატი უნდა იყოს.

ამ ექვსი ტურბინის მიერ გამომუშავებულ ენერგიას, ელექტროსადგურის პერსონალი ამოწმებს, რომელიც კომპანია VESTAS-ის ექსპერტებისგან და ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლებისგანაა დაკომპლექტებული.

ინჟინერი ზურაბ სამხარაძე აქ მშენებლობის დაწყებიდან მუშაობს. ქარის ელექტროსადგურის გახსნის შემდეგ, მას სამსახური სახლთან და ოჯახთან ახლოს გაუჩნდა, რადგან მეზობელ სოფელში ცხოვრობს.  ადმინისტრაციული შენობის დაცვის თანამშრომლებსაც სტაბილური სამუშაო აქვთ და ისინიც ახლომდებარე სოფლიდან არიან.

„მთელი ეს ტერიტორია ცარიელი იყო; აქ გზაც კი არ მოდიოდა. ხალხი მხოლოდ იშვიათად ადიოდა სატელევიზიო ანძასთან. მგლების გამო ადგილობრივებს ძროხების საძოვრებზე გამოყვანაც ეშინოდათ. ახლა კი გვაქვს გზა, სამუშაო ადგილებიც და ელექტროენერგიაც“ – სიამაყით ამბობს ზურაბი.

ზურაბ სამხარაძე, გორის ქარის ელექტროსადგურის დისპეტჩერი



“ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილი ამბობს, რომ „გორის ქარის ელექტროსადგური“ 88 მილიონ კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რასაც დაახლოებით 18,000-20,000 ოჯახის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა შეუძლია.

თორნიკე ყაზარაშვილი, „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარე



„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ კიდევ სამი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს, რომლებიც უნდა განთავსდეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზაში (50 მეგავატამდე), საჩხერესა (120 მეგავატი) და ზესტაფონში (150 მეგავატი).

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანას ქარის ენერგიის წარმოების  მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია და ქარის მეშვეობით, სავარაუდოდ, წელიწადში 4 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია.


მოლდოვა: ქარის ენერგიის პოპულარული პროექტი, რომელიც
არასაკმარისად მხარდაჭერილია

საქართველოში, ქარის პირველი ელექტროსადგურის აშენებამდე სამი წლით ადრე მოლდოვას ჩრდილოეთით ქარის პირველი ტურბინა გამოჩნდა. ედინეცის რაიონის სოფელ ბრატუშენში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე დამონტაჟებული ტურბინა ელექტროქსელს 2013 წლის აპრილში მიუერთდა. იგი დღეში 1,100 კვტ.სთ-ს გამოიმუშავებს. პროექტი კერძო ინვესტორმა დააფინანსა, რომლის საერთო ოდენობა 8.5 მილიონი ლეი (500,000 ევრო) იყო. ყოველწლიურად ტურბინა 1.5 მილიონ კვტ.სთ  ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც SA RED Nord-Vest-ის ელექტროგამანაწილებელ ქსელს მიეწოდება.

მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვიდან სამსაათიანი მგზავრობის შემდეგ, ედინეცის რაიონში შევდივართ და გზის მარჯვენა მხარეს უზარმაზარ ტურბინას ვხედავთ. შეხედვისას თავდაპირველი შთაბეჭდილება სუბიექტურია, მაგრამ ამ ტურბინამ მოლდოვურ პეიზაჟში ნამდვილი სიახლე შეიტანა. მოწყობილობა 60 მეტრი სიმაღლისაა და მისი სიმძლავრე 1.3 მეგავატს შეადგენს.

რამდენიმე კილომეტრში კიდევ რამდენიმე ტურბინა ჩანს: ორი მათგანი ქალაქ კუპჩინის გარეთ, ოთხი – კუპჩინის შაქრის ქარხნის ტერიტორიაზე და ორიც –  ქალაქ ედინეცის გარეთ მდებარეობს. ამ რაიონში, სულ ცხრა ტურბინაა განლაგებული. ყველა მათგანი კერძო ინვესტიციებით დამონტაჟდა. თითო ტურბინის სიმძლავრე 9.6 მეგავატია. ედინეცში შარშან ქარის რვა ტურბინა დამონტაჟდა და ამჟამად კიდევ ორ ტურბინას დგამენ;   ამ ქალაქში 18,000 ადამიანი ცხოვრობს; დამონტაჟებული ტურბინები უკვე 3 მეგავატით მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, ვიდრე მოსახლეობას სჭირდება.

ქარის ახალი ტურბინის საძირკველში უზარმაზარი ცილინდრი  უკვე განთავსდა. ეს ტურბინა ქალაქ ედინეცის გარეუბანში მონტაჟდება. მუშებამდე იოლი მისასვლელია,  რადგან ინსტალაციის საძირკველი მთავარი გზიდან სულ რაღაც 300 მეტრში მდებარეობს. მშენებლობა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე მიმდინარეობს, სადაც პომიდვრები, წიწაკა და ბადრიჯანი მოჰყავთ; ფერმერები წლის ბოლო მოსავალს მოიმკიან.

მომავალი ტურბინის საძირკველი 20-მდე ტონა რკინა-ბეტონისგან ჩამოისხმება. მოლდაველი მუშების ჯგუფმა თავისი სამუშაო უკვე დაასრულა.

სამშენებლო კომპანიის დირექტორი ილიე მიტრინიუკი ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოიდგენდა რომ ამ ადგილზე ტურბინებისთვის საძირკველს გათხრიდა. დღეს, ინვესტორები უცხოურ კომპანიებს აღარ იწვევენ და ამის ნაცვლად კონტრაქტებს ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებთან აფორმებენ. აღნიშნულმა კომპანიამ უკვე ცხრა ტურბინის საძირკველი ააშენა, რომლებიც ექსპლუატაციაში შარშან ჩაუშვეს. ამჟამად კომპანია კიდევ სამ საძირკველზე მუშაობს. ამ კონკრეტული ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრე 1.6 მეგავატი იქნება.

ილიე მიტრინიუკი, სამშენებლო კომპანიის დირექტორი



ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია Colaborare-ს (თანამშრომლობა) თავმჯდომარე, ეკოლოგი გრიგორე მუსტეატა ამბობს, რომ ქარის და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებისადმი გაჩენილი ინტერესი, იმ საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის შედეგია, რომელსაც წლებია აწარმოებენ.

„მწვანე ენერგიის წარმოების კუთხით, დღესდღეობით ედინეცს პირველი ადგილი უკავია. ვამაყობთ, რომ ხალხი დავარწმუნეთ ამ სფეროში ინვესტიციები განეხორციელებინათ. ასე ვამცირებთ CO2-ის გამონაბოლქვის რაოდენობას ატმოსფეროში და ხელს ვუწყობთ ადამიანთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას“ – აღნიშნავს მუსტეატა.

ეკოლოგი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ მოლდოვაში შეღავათიანი ტარიფები არ მოქმედებს, რადგან ქარის ელექტროსადგურების სფეროში მომუშავე ეკონომიკურ სუბიექტებს ევალებათ, ელექტროსისტემას ელექტროენერგია  საბაზრო ფასზე დაბალი ტარიფით მიყიდონ.

გრიგორე მუსტეატა, არასამთავრობო ორგანიზაცია Colaborare-ს თავმჯდომარე



მოლდოვას ჩრდილოეთი, ქარის ენერგიის მისაღებად დიდი პოტენციალით არ გამოირჩევა; ამ მხრივ ქვეყნის სამხრეთში უკეთესი პირობებია. ქარის ყოველწლიური საშუალო სიჩქარე 6.5-8.0 მეტრი წამშია. მოლდოვაში წამში 8 მეტრზე მეტი ქარის სიჩქარე არ დაფიქსირებულა. ექსპერტების განცხადებით, ამგვარ პარამეტრებს მესამე კლასის ტურბინები (საშუალო წლიური სიჩქარე 6.0-7.5 მეტრი წამში) აკმაყოფილებენ, რომელთა კოშკის სიმაღლე 100 მეტრია.

ქარის სიჩქარე მოლდოვას ჩრდილოეთით, ედინეცის რაიონში  

მოლდოვას ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორი, ენერგეტიკის ექსპერტი იონ სობორი ამბობს, რომ მოლდოვაში ელექტროენერგიასთან დაკავშირებული სიტუაცია კრიტიკულია, რადგან მოლდოვა, მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მხოლოდ 18%-ს გამოიმუშავებს, ხოლო ელექტროენერგიის თითქმის 80% თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკიდან მოდის. კიშინიოვთან მზარდი კონფლიქტის პირობებში თუ დნესტრისპირეთი ელექტროენერგიის მოწოდებას შეწყვეტს, მოლდოვა ელექტროენერგიის გარეშე დარჩება. სწორედ ამიტომ, მოლდოვასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განახლებადი ელექტროენერგიის წყაროების განვითარება.

იონ სობორი, პროფესორი, მოლდოვას ტექნიკური უნივერსიტეტი

„სამწუხაროდ, ჩრდილოეთში მხოლოდ რამდენიმე ტურბინა გვაქვს, რომლებიც შეძენისას  არც ახალი იყო და არც თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. ვფიქრობ, 2018 წელს ახალი ტენდერი გამოცხადდება, მას შემდეგ რაც ამოქმედდება კანონი განახლებადი ენერგიის წყაროების ხელშეწყობის შესახებ. ჯერჯერობით უცნობია, თუ მაქსიმუმ რა სიმძლავრის დანადგარებზე დათანხმდება მთავრობა. ხალხი 150 მეგავატზე ან ნაკლებზე საუბრობს, მაგრამ აქ ენერგიის ყველა ტიპი იგულისხმება: ქარი, მზის ენერგია და ბიოგაზი. კანონის ამოქმედების შემდეგ ამ სფეროში ინვესტორებიც გამოჩნდებიან“ – ამბობს პროფესორი სობორი.



ექსპერტების გათვლებით, მოლდოვაში ქარის ენერგიის მისაღებად ყველაზე მეტი პოტენციალის მქონე ტერიტორიის საერთო ფართები სულ 1830 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც ქვეყნის სახმელეთო ტერიტორიის 6%-ზე ნაკლებია. მთლიანი მაქსიმალური სიმძლავრე, რომელიც შესაბამისი დანადგარების დამონტაჟების შემდეგ შეიძლება გამომუშავდეს, 9151 მეგავატია. ამ რაოდენობას მთლიანად არც გამოიყენებენ, რადგან ეს მონაცემები, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის შესაძლებლობებს და მოლდოვას ამჟამინდელ მოხმარებას აღემატება.


უკრაინა: საკუთარი ელექტროენერგიის ქონით მიღებული თავისუფლება

მიუხედავად იმისა, რომ ამინდის პროგნოზით წვიმა იყო გამოცხადებული, ჩვენ გავრისკეთ და ოდესიდან მიკოლაივის რეგიონში გავემგზავრეთ. ეს რეგიონი, უკრაინაში ქარის ენერგიის მიღების მაღალი პოტენციის მქონე ადგილადაა მიჩნეული.

ჩვენი მეგზური ახალგაზრდა ინჟინერი ვიქტორ ლოპუხოვი იყო, რომელიც ოდესაში გავიცანით. ის განახლებადი ენერგიის წყაროების დიდი გულშემატკივარია და ენთუზიაზმით საუბრობს საკუთარი ელექტროენერგიის ქონისგან მიღებულ თავისუფლებაზე, რომლის დროსაც  საშიშროება აღარ არსებობს, რომ გეოპოლიტიკური მიზეზების გამო ვინმე დენს გაგითიშავს.

თხუთმეტი წლის წინ, იგი დათანხმა მეგობრის შეთავაზებას და დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით მზის პანელების გაყიდვების აგენტად მუშაობის დაიწყო. მაშინ ამ ტექნოლოგიის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა და კლიენტებს ბროშურაში გაწერილ მონაცემებს დაზუთხულად უმეორებდა. „რა თქმა უნდა, ჩემნაირი გამყიდველისგან ამ პანელებს არავინ იძენდა“ – თქვა მან.

ვიქტორ ლოპუხოვი, ელექტრო-ინჟინერი

ადამიანების დასარწმუნებლად, ამ სფეროს შესახებ მან მეტი ინფორმაციის მოძიება დაიწყო, რის შედეგადაც ახალმა საქმიანობამ ბოლომდე გაიტაცა. მან თავისი ძალებით მზის პანელის დამზადებაც სცადა. პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, თუმცა ვიქტორმა ხელი არ ჩაიქნია და სულ მალე მზის პანელების შექმნა და დამზადება ისწავლა „ზოგი გამომგონებელს მეძახის, ზოგი ამბობს რომ ენთუზიასტი ვარ, მაგრამ მე ჩემს თავს ინჟინრად მივიჩნევ“ – აღნიშნა ახალგაზრდამ. საქმიანობის დაწყებიდან ათი წლის შემდეგ, მან ამ სფეროში უმაღლესი განათლების მიღებაც გადაწყვიტა.

„ვიდრე ქარის ტურბინა დამონტაჟდება, ერთი წლის მანძილზე ქარის სიჩქარეს 100 მეტრიანი ანტენის მეშვეობით ზომავენ. დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში, ქარის ელექტროსადგურიც შენდება“ – ამბობს იგი.

დაახლოებით ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ მიკოლაივის რეგიონის, ბერეზანსკის რაიონის სოფელ ტუზლის მინდვრებში აღმოვჩნდით. მოღრუბლული ამინდი დაპირებულ წვიმაზე მიანიშნებდა,  ამიტომ სასწრაფოდ გავუშვით დრონი, რათა იქ მდებარე ქარის ხუთი ტურბინის გადაღება მოგვესწრო. საათზე ნაკლებ დროში მოსაღამოვდებოდა და ადამიანები საკუთარ სახლებში სინათლესაც ჩართავდნენ. ამ ეკოლოგიურად სუფთა „მწვანე“ ენერგიას,  ქარის ელექტროსადგური გამოიმუშავებს.

ტუზლის თემში 920 ადამიანი ცხოვრობს;  მათ კუთვნილ მიწაზე აშენებულმა ქარის ელექტროსადგურმა, ამ სოფელს სახელი გაუთქვა. ხუთი ტურბინა, რომელთაგან თოთოეულის სიმძლავრე 2.5 მეგავატია, უფრო ფართო პროექტის ნაწილია რომლის სახელია  „ოჩაკოვის ქარის ელექტროსადგური“. აღჭურვილობისთვის საჭირო კომპონენტები უკრაინაში გერმანული კომპანია „Furlender Felbermayer Wind Logistics“-ის ლიცენზიით დამზადდა.



ტუზლის სოფლის საბჭოს თავმჯდომარე იგორ როგალიოვი ამბობს, რომ რეგიონში ქარის ელექტროსადგურების აშენების ინტერესი შვიდი წლის წინ გაჩნდა. 2010 წელს, ოჩაკოვში 10 ტურბინის დამონტაჟების შემდეგ უკრაინის ქარის ელექტროსადგურის კომპანიამ პროექტის ტუზლში განხორციელების სურვილი გამოთქვა და ქარის ელექტროსადგური უკვე 2012 წლის აგვისტოში გაიხსნა. ბატონი როგალიოვის თქმით, თემი გარკვეულ სარგებელს თავიდანვე ელოდა, მაგრამ პირველი ოთხი წლის მანძილზე არაფერი შეცვლილა, რადგან ინვესტორსა და თემს შორის ურთიერთობების დამარეგულირებელი კონტრაქტი არ არსებობდა.

იგორ როგალიოვი, ტუზლის სოფლის საბჭოს თავმჯდომარე

ამჟამად, სიტუაცია სხვაგვარადაა. მხარეებს შორის 25 წლიანი სოციალური პარტნიორობის ხელშეკრულება დაიდო. ამ შეთანხმების ფარგლებში სოფლისთვის წყლის მომარაგების სისტემა აშენდა, ქუჩის განათების პროექტი განხორციელდა და ადგილობრივი სასაფლაოს გარშემო ტერიტორია მოწესრიგდა. სოფელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდა, მათ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე მზის ბატარეების დამონტაჟების სურვილიც გამოთქვეს.



„ოჩაკოვის ქარის ელექტროსადგურის“ მთლიანი სიმძლავრე 37.5 მეგავატია და იგი ორ ქვესადგურს მოიცავს: 10 ტურბინა ოჩაკოვის რაიონის სოფელ დმიტრივკაშია განლაგებული, ხოლო 5 რუტბინა ბერეზანსკის რაიონის სოფელ ტუზლიში. მომავალში, „ოჩაკოვის ქარის ელექტროსადგურის“ სიმძლავრე სულ 375 მეგავატი იქნება. Furlender Felbermayer Wind Logistics-ის ვებგვერდის მიხედვით, ამჟამად პროექტი გაფართოების სტადიაშია.

უკრაინას, ქარის პოტენციალის გამოსაყენებლად დიდი ტერიტორია აქვს: შავი და აზოვის ზღვების რეგიონები, კარპატები და მისი მიმდებარე ადგილები, დნეპროპეტროვსკის რაიონი და ზედა დონბასი, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული. დღესდღეობით, უკრაინელი ინჟინრები ქარის ელექტროსადგურების დიზაინის შექმნაში, მშენებლობასა და გამოყენებაში ხელოვნდებიან, ხოლო კომპანიები ქარის ენერგიის აღჭურვილობის წარმოების გამოცდილებას იუმჯობესებენ. ქარის ენერგიის განვითარებას მხარს უჭერს უკრაინის უმაღლესი რადა, მათ შორის, შეღავათიანი ტარიფის დაწესების მეშვეობით.

ექსპერტების თქმით, ქარის ტურბინას მშენებლობისა და მონტაჟისთვის 6-7 თვე სჭირდება, რომლის შედეგად სრული დატვირთვით ამუშავდება. თითოეული ტურბინა, შემდეგი 25 წლის მანძილზე სუფთა ენერგიას გამოიმუშავებს და მთელი ამ ხნის მანძილზე, ტექნიკური მომსახურება წელიწადში მაქსიმუმ ორჯერ დასჭირდება.

1996 წელს, უკრაინაში ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. „უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის“ ცნობით, ქვეყნის ქარის ენერგიის პოტენციალი წელიწადში 30 ტერავატს უდრის, ხოლო 2030 წლისთვის ქარის ენერგიის საერთო სიმძლავრემ, შესაძლოა 16 გეგავატს მიაღწიოს.


ენერგო უსაფრთხოება შავი ზღვის ქვეყნებისთვის

ქარის ენერგია, რომლის ტოქსიკური ნივთიერებების გამონაბოლქვი ნულის ტოლია, არა მარტო ელექტროენერგიის შიდა წყაროა, რომლითაც იმპორტი მცირდება, არამედ ეს, ის სუფთა ენერგიაა, რომელსაც გაზისთვის დამახასიათებელი ე.წ. „სათბურის ეფექტი“ არ გააჩნია. ქარი, ისევე როგორც განახლებადი ენერგიის სხვა წყაროები, ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა. მიუხედავად იმისა, რომ  მთლიანობაში მისი წვლილი მცირეა, ეს ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომელიც შავი ზღვის მეზობელმა ქვეყნებმა –  საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, გარე წყაროებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად უნდა გამოიყენონ.