2010 წელს, საქართველომ ტენდერების ჩატარების „შუშის კედლის“ მეთოდი შემოიღო, რომლის შედეგად სახელმწიფო შესყიდვების ე.წ. „ქაღალდის ტენდერების“ სისტემის რეფორმირება მოხდა, რაც კორუმპირებულ და არაეფექტიან საშუალებად ითვლებოდა. უკრაინამ ე.წ. ProZorro (ანუ „ყველა ყველაფერს ხედავს“) სისტემაზე გადასვლა 2014 წელს, ევრომაიდნის მოვლენების შემდეგ დაიწყო და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის წარმატებულ მოდელად იქცა. მოლდოვას რესპუბლიკა, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ და გამჭვირვალე სისტემაზე 2018 წელს, შესაძლოა ეტაპობრივად გადავიდეს, თუმცა ამჟამად, ქვეყანაში ტენდერების ჩატარების სისტემა ბუნდოვან პრაქტიკას უკავშირდება.


ტენდერები „შუშის კედლების“ რეფორმის ფარგლებში და ჩრდილოვანი
ინტერესები მოლდოვაში, უკრაინასა და საქართელოში

მარინა ჩობანუ

2016 წელს, სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის რეიტინგში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან უკრაინამ საუკეთესო შედეგი აჩვენა და მაქსიმალური 64-დან 55.22 ქულა დააგროვა; მას ფეხდაფეხ მიჰყვა საქართველო 53.13 ქულით, ხოლო მოლდოვამ 47.53 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.



შესყიდვები უკრაინაში მეთოდით „ყველა ყველაფერს ხედავს“

2015 წელს, ProZorro სისტემის ამოქმედებამდე, უკრაინის ხელისუფლება სახელმწიფო შესყიდვებზე დაახლოებით 10 მილიარდ ევროს ხარჯავდა, რომლის 20% კორუფციისა და არაეფექტური ფინანსური მენეჯმენტის გამო იკარგებოდა, რასაც სხვადასხვა ინდიკატორები მოწმობენ. უკრაინის უშიშროების სამსახურმა, ერთხელ ეჭვიც კი გამოთქვა, რომ სახელწიფო „შესყიდვებისთვის“ გამოყოფილი სახსრების დაახლოებით 40% დაიკარგა.

ტენდერებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბავი „ბოიკოს ჭაბურღილების საქმეა“, რომელიც უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის იური ბოიკოს სახელს უკავშირდება. 2011 წელს ბოიკოს სამინისტრომ თითოეული ჭაბურღილი 150 მილიონ ამერიკულ დოლარად შეისყიდა, რაც ძალზედ გაბერილი თანხა იყო.

ხარჯების ხელოვნურად გაზრდის სქემა ჟურნალისტებმა გამოააშკარავეს, თუმცა უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ხუთწლიანი გამოძიების შედეგად დაასკვნა, რომ მინისტრის საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშული არ იკვეთებოდა, რადგან ამ საქმესთან დაკავშირებულ არცერთ დოკუმენტზე ბოიკოს ხელმოწერა არ ფიქსირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად იური ბოიკო უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატია.

იური ბოიკო

მედიამ, ასევე გააშუქა შედარებით ნაკლებად სკანდალური, მაგრამ არანაკლებ საინტერესო ფაქტები, ისეთები როგორიცაა, დეპუტატებისთვის ერთი კილოგრამი ჟოლოს $100 შესყიდვა და კიევის მეტროს სადგურისთვის უბრალო ხის სკამების $8,000 შეძენა.

ქვეყანაში, ფაქტობრივად ყოველდღე მიმდინარეობდა მსჯელობა, სახელმწიფო შესყიდვების მხრივ სხვადასხვა დარგში არსებულ კორუფციაზე, იქნებოდა ეს ენერგეტიკა, ქვანახშირის და სხვა ენერგომატარებლის წარმოება, რკინიგზა თუ გზების მშენებლობა. 2014 წელს გადაწყდა, რომ გარდაუვალი იყო გამჭვირვალე შესყიდვების სისტემის შექმნა, რათა სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს სიტუაციის მონიტორინგის საშუალება მისცემოდათ.

იმ დროისთვის უკრაინაში მოქმედებდა ვებპორტალი, სადაც ქვეყნდებოდა სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებული განცხადებები, შესყიდვებს დაქვემდებარებული ობიექტების ტექნიკური მახასიათებლები და ინფორმაცია ტენდერებში მონაწილეებისა და გამარჯვებულების შესახებ. თუმცა, ეს მონაცემები, გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საკმარისი არ იყო.

ProZorro-ს სისტემის განხორციელება დაიწყო იმ იდეით, რომ „ყველა ყველაფერს ხედავდა“ და განწყობით, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ეხებოდა ეს დაგეგმარებას და ტექნიკური მახასიათებლების დაზუსტებას თუ კონტრაქტების გაფორმების მახასიათებლებს.

ვიქტორ ნესტულია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა უკრაინის“ საჯარო შესყიდვების ექსპერტი, უკრაინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა უკრაინის“ საჯარო შესყიდვების ექსპერტი და ProZorro-ს ელექტრონული შესყიდვების სისტემის ერთ-ერთი განმახორციელებელი აგენტი ვიქტორ ნესტულია ამბობს, რომ დღესდღეისობით ტექნიკურ ასპექტებთან, მომავალ კონტრაქტებთან და ტენდერის ჩამტარებელ ორგანოსთან, ასევე, შემოთავაზებულ თანხებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია ტენდერის გამოცხადების პერიოდშივე ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. მას შემდეგ რაც ტენდერი გამოცხადდება, ვებგვერდი აჩვენებს რომელმა ეკონომიკურმა აქტორებმა შეიტანეს განაცხადი და რა თანხები წარადგინეს.

დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით ნებისმიერი განმცხადებლის სატენდერო წინადადების გადმოწერა ახლა უკვე შესაძლებელია და მას შემდეგ რაც საუკეთესო წინადადება დასახელდება, მხარეების მიერ ხელმოწერილი კონტრაქტიც ქვეყნდება. ამასთან, დაინერგა ანალიტიკური ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობით ინფორმაციის აგრეგირება და მარტივი ფორმით წარმოდგენაც ხდება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაუსის ღილაკზე სულ რამდენიმე დაწკაპუნების შედეგად მომხმარებელს კონკრეტული მიმწოდებლის მიერ ხელმოწერილი სახელმწიფო კონტრაქტების რაოდენობის, ამ კონტრაქტების ღირებულების და იმ სახელისუფლებო ორგანოების ნახვა შეუძლია, რომლებთანაც ეს კონკრეტული ეკონომიკური აქტორი ყველაზე ხშირად თანამშრომლობს.

აქედან გამომდინარე, სისტემის ნებისმიერი მომხმარებლის პროფილის პოვნა, კარტელურ გარიგებებთან ან გარკვეული ეკონომიკური აქტორებისადმი პრეფერენციულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებული ეჭვების გადამოწმება და ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირება ამჟამად უკვე შესაძლებელია.
ეს სახელმწიფო სახსრების ხარჯვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარებულია.


გამჭვირვალობა კორუფციის ნაკლებობას არ ნიშნავს.

„გამჭვირვალობა არ ცვლის კონტრაქტის გამფორმებელი ორგანიზაციების აზროვნებას და ქმედებებს. ყოვლისმომცველი გაციფრულების მიღმა, ადამიანური ფაქტორები მუშაობს. თუ ქვეყნის სამართლებლივი სისტემა უმოქმედო იქნება და ადამიანებს ეცოდინებათ, რომ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის არ დაისჯებიან, ისინი კვლავ გააგრძელებენ სახელმწიფოსთვის საზიანოდ შესყიდვების განხორციელებას.

ProZorro-ს სისტემამ გამჭვირვალობა მოიტანა, რათა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ნებისმიერი მცდელობის მარტივად ანალიზი შესაძლებელი გამხადარიყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და იურისტი, რომლებიც ტენდერების ანალიზს, უკანონობის იდენტიფიცირებას და სამართალდამცავ ორგანოებში შესატანი სარჩელების ფორმულირებას ახდენენ. მაგრამ რა ხდება დანაშაულის იდენტიფიცირების შემდეგ? სამწუხაროდ, სისხლის სამართლის საქმეები მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში აღიძვრება ხოლმე. უფრო ხშირად კი საჩივრები რეაგირების გარეშე რჩება,“ – აცხადებს ვიქტორ ნესტულია.

ონლაინ პორტალი „ჩვენი გროშები“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო შესყიდვებზე სახსრების ხარჯვის ანალიზს უკვე შვიდი წელია ახორციელებს. გამოცემის მთავარი რედაქტორი იური ნიკოლოვი ამბობს, რომ ProZorro-ს სისტემის დანერგვის შემდეგ უკრაინელებმა დაიწყეს იმით დაინტერესება თუ სად მიდის სახელმწიფოს ფული. ხალხი მიხვდა, რომ საჭიროა ტენდერების რეგულარული მონიტორინგი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდამრღვევები ამ პროცესით მუდამ ისარგებლებენ.

იური ნიკოლოვი

„ორი წლის წინ, ტენდერების მონიტორინგში ჩართული თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანი წარმატება იყო ის მომენტი, როცა სახელმწიფოს მიერ ტრანსფორმატორების შესყიდვისას, 64 000 ევროს გაფლანგვის სქემა გამოაშკარავდა. მაშინ, ტენდერებზე პირადად დასასწრებად და პროცესის კანონიერად წარმართვაზე მონიტორინგის უზრუნველსაყოფად უცხოელი კონსულების ჩართვა გახდა საჭირო. ამის შედეგად მაღალ დონეზე თაღლითობის მასშტაბები შემცირდა. თუ ადრე, ბოიკოს ჭაბურღილების სქემით, ნავთობმომპოვებელი აღჭურვილობის ორმაგ ფასად შეძენაც

კი იყო შესაძლებელი, კერძოდ 400,000 ამერიკულ დოლარად, ამჟამად არსებული სქემებით, შესყიდვის ფასის მხოლოდ 20%-ის მოპარვა ხერხდება, რათა ეს ყველაფერი ზედმეტად თვალშისაცემი არ გახდეს. მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა ასეთ შემთხვევებზე საუბარი დაიწყო“ – ამბობს იური ნიკოლოვი, რომლის აზრით კარტელური შეთანხმებებით შესაძლოა ფასების ხელოვნურად ზრდაც ხდებოდეს. ნიკოლოვი ამის ნათელ მაგალითად რუსეთიდან ბენზინის იმპორტით დაკავებული ბიზნეს სტრუქტურების შეთანხმებას ასახელებს, რის შედეგადაც უკრაინაში ბენზინზე ფასის ზრდა მოხდა.


ორგანული მონოპოლია – გამოწვევა

გარდა ზემოთჩამოთვლილი სფეროებისა, უკრაინაში ასევე არსებობს მონოპოლიები, ისეთი როგორიც მაგალითად ფოლადის წარმოებაა. „ყველა ქარხანა რინატ ახმეტოვს ეკუთვნის. რისი გაკეთება შეგვიძლია? რკინიგზისთვის რელსებს მხოლოდ ერთი კომპანია (ახმეტოვის კომპანია) აწარმოებს იმ ფასად რომელსაც ის ადგენს. ევროპელ მწარმოებლებს უკრაინის რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ, რადგან ტენდერში მონაწილეებისთვის წაყენებული მოთხოვნები ძალიან მკაცრია და მათ ბიუროკრატიასთან შეჯახება უწევთ,“ – ამბობს იური ნიკოლოვი. მისი ინფორმაციით ის სექტორები, სადაც ყველაზე მეტი ფული ტრილებბს, უკრაინელი ოლიგარქების მიერ გავლენის სფეროებად არის გადანაწილებული.

რინატ ახმეტოვი

ბატონი ნიკოლოვი ამტკიცებს რომ ენერგეტიკის და ლითონის ინდუსტრიებს ოლიგარქი რინატ ახმეტოვი აკონტროლებს; ბუნებრივი აირის ბაზარზე ყველაზე მნიშვნელოვან პირს დმიტრი ფირტაში წარმოადგენს; იგორ კოლომოისკი კი ნავთობის მოპოვების სფეროში ფლობს მონოპოლიას და უკრაინის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი კომპანია „უკრნაფტა“ მისი წარმომადგენლების კონტროლის ქვეშ იმყოფება.

დმიტრი ფირტაში

ამავე დროს, „ჩვენი გროშების“ ჟურნალისტი ამბობს, რომ პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომლის უახლოესი მეგობარი პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანია, უკრაინის ინდუსტრიის ყველა სექტორის ადმინისტრაციული რესურსების მაკონტროლებელია.

პეტრო პოროშენკო, ვოლოდიმირ გროისმანია

უკრაინაში სახელმწიფო სახსრებთან დაკავშირებული თაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საქმე „როტერდამ პლიუსის“ სახელითაა ცნობილი. ეს ელექტროენერგიის ქვითრის გამოთვლის სქემის სახელმწოდებაა, ამ სქემის ავტორი კი უკრაინის ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დმიტრი ვოვკია. ვოვკის აზრით საჭირო იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქვანახშირის მაღაროებზე დამოკიდებულების შემცირება და ქვეყნისათვის ნედლეულის ახალი წყაროების გამოძებნა.

დიმიტრი ვოვკი

იმის მიუხედავად, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქვანახშირის მოპოვება კვლავ გრძელდება და ამ რესურსის უცხოეთიდან იმპორტირება არ ხდება, ვოვკმა ელექტროენერგიის ტარიფი მაინც გაზარდა და ახალი ტარიფი ისეთივე სიდიდის გახადა, როგორიც ქვანახშირის როტერდამიდან იმპორტირების შემთხვევაში იქნებოდა.

„როტერდამის პორტში ქვანახშირის ფასს, ვოვკმა ტრანსპორტირების ხარჯები დაამატა (იგულისხმება 6,500 კილომეტრის მანძილზე ზღვით ტრანსპორტირება, რომელშიც პორტის და რკინიგზის ტრანსფერის ხარჯებიც შედის) და ამ ჰიპოთეტური ციფრის საფუძველზე, ელექტროენერგიის ტარიფი გაზარდა“ – ამბობს უკრაინის საბინაო-კომუნალური მეურნეობის ყოფილი მინისტრი ალექსეი კურჩენკო. მისი თქმით „როტერდამ პლიუსის“ სქემა გარკვეული ჯგუფების გამდიდრების და მოსახლეობისთვის დამატებითი ტვირთის წყარო გახდა. მისი აზრით, ეს ტვირთი ყოველწლიურად 481 მილიონ ევროს უტოლდება.

ალექსეი კურჩენკო

ნიკოლოვის თქმით, „როტერდამ პლიუსის“ მეთოდოლოგიის განხორციელება, პრეზიდენტ პოროშენკოსა და ყველაზე მდიდარ უკრაინელ ოლიგარქ რინატ ახმეტოვს შორის აშკარა კავშირებზე მიუთითებს.

„არ ვიცი რისთვის ვიხდით ამ ფულს, რადგან ქვანახშირზე დაფუძნებულ ელექტროენერგიაზე ამჟამად დამოკიდებული არ ვართ. ამ ელექტროენერგიას აგრესორი ქვეყნისგან ვიღებთ. უკეთესი სერვისი არ გვაქვს, მაგრამ უფრო მეტს მაინც ვიხდით. ეს პრეზიდენტის მიერ ოლიგარქების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებაა. ისინი მდიდრდებიან, ჩვენ კი ვღარიბდებით,“ – ამბობს ნიკოლოვი, რომელიც აღნიშნავს, რომ უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული გამოძიების კუთხით ჯერჯერობით რაიმე ცვლილება არ მომხდარა.

კიდევ ერთი საქმე, რომელიც სამართლებლივი სისტემის კორუფციაზე და ასევე იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა არ ისჯება, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკავშირდება. მინისტრმა არსენ ავაკოვმა „მიცუბიშის“ ფირმის ჰიბრიდული ავტომობილები 1 მილიარდ გრივნად (40 მილიონ ამერიკულ დოლარად) ალტერნატიული შემოთავაზებების განხილვის გარეშე შეიძინა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებულ კომპანიას ტენდერში კონკურენტი არ ჰყოლია.

არსენ ავაკოვმა

„სამოქალაქო აქტივისტების რეაგირება მყისიერი იყო. მათი განცხადებით, შესასყიდი ფასი დაახლოებით 10 მილიონი ამერიკული დოლარით გაიზარდა, შესყიდვის პროცედურა კანონს არ შეესაბამებოდა, არსებობდა მრავალი დარღვევა და შესაბამისად ტენდერი უკანონო იყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა უკრაინის“ ექსპერტებმა ყველა შესაბამის ინსტიტუტს მიმართეს, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს. ამ შემთხვევაში კომპეტენტურ ორგანოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარმოადგენდა. ორი თვის შემდეგ სააგენტომ ოფიციალური პასუხი გამოაქვეყნა, სადაც დარღვევების არსებობა აღიარა, კონტრაქტი უკანონოდ გამოაცხადა და მისი შეწყვეტა მოითხოვა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ ამ ოფიციალური პასუხის გამოქვეყნებიდან სულ რაღაც შვიდ საათში, აუდიტის სამსახურმა კიდევ ერთი წერილი გამოსცა, რომლის მიხედვითაც მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ახალი ინფორმაციის მიღების საფუძველზე, კონტრაქტი ახლა უკვე კანონიერად გამოაცხადეს“ – აღნიშნავს ექსპერტი.

მას შემდეგ რაც სკანდალი აგორდა, მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ მან ამ კონტრაქტის ფარგლებში 5 მილიონი ამერიკული დოლარის ფასდაკლებას მიაღწია. ასე რომ, მისი აზრით, უკმაყოფილების მიზეზიც არ არსებობდა. ამის მიუხედავად, ვიქტორ ნესტულია აცხადებს, რომ ფასი მაინც ძალინ მაღალი იყო და ამ ყველაფრისთვის

ჯერ-ჯერობით არავინ არ დასჯილა. სამოქალაქო საზოგადოების ერთადერთ იმედად ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო რჩება, რომელმაც ახლახან თავისი გამოძიება წამოიწყო და ამ საქმესთან დაკავშირებით სამინისტროს თანამშრომლების სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე წვდომა მოითხოვა.

„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინაში ზოგიერთ დაწესებულებაში ძველი სისტემის წარმომადგენლები მუშაობენ, რომლებიც რეფორმებზე უარს აცხადებენ. ერთადერთი ის შეიცვალა, რომ ეს სქემები ახლა გამჭვირვალედ გამოიყენება. თუ ბიზნესმენები ხედავენ და არ ეთანხმებიან გარკვეულ პირობებს, მათ ანტიმონოპოლიურ საბჭოში საჩივრის შეტანის საშუალება აქვთ, რომელსაც შეუძლია აიძულოს შესაბამისი ორგანო შეცვალოს შესყიდვის მოთხოვნები,“ – აცხადებს ვიქტორ ნესტულია.

ამჟამად, უკრაინაში, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებს 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება და დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ტენდერების კანონიერებაზე ოფიციალურად პასუხიმსგებელი ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახურია, მაგრამ მას ტენდერების გაკონტროლებისთვის აუცილებელი უფლებამოსილება არ გააჩნია, რადგან ის კანონპროექტი, რომელმაც ამ მიმართულებით კანონმდებლობა უნდა დაარეგულოროს უკვე ექვსი თვეა უკრაინის უმაღლეს რადაში დევს, თუმცა მისი დამტკიცება დღემდე ვერ მოხერხდა.

„ალბათ, დეპუტატები არ არიან დაინტერესებული სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანი მონიტორინგით. შესაბამისად, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს იმ საქმეებთან დაკავშირებით მიმართავენ, რომლებიც სახელმწიფო სააგენტოების

მიერ განხორციელებული შესყიდვების კანონიერებას ეხება, აღნიშნული სამსახური აცხადებს, რომ მას ამის უფლებამოსილება არ გააჩნია, რადგან კანონპროექტი ჯერ კიდევ არ არის მიღებული. ეს კი სპეციალურად ხდება“ – ამბობს ვიქტორ ნესტულია.



გამჭვირვალობა როგორც საპილოტე პროექტი მოლდოვაში

შესაძლოა, 2018 წლიდან მოლდოვაში უკრაინის მსგავსი გამჭვირვალე ელექტრონული შესყიდვების სისტემა ამოქმედდეს, რადგან ამჟამად ეს პროექტი საპილოტე რეჟიმში მუშაობს. მანამდე კი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის ერთადერთი წყარო ტენდერების, მათში მონაწილეობის პირობების, საჯარო ორგანოებთან კონტრაქტებზე ხელმომწერი ეკონომიკური აქტორების სახელების და კონტრაქტების ღირებულების შესახებ გამოქვეყნებული განცხადებებია. ეს კი სამოქალაქო საზოგადოების მიერ საჯარო სახსრებით განხორციელებული შესყიდვების მონიტორინგის შესაძლებლობებს ზღუდავს.

გარდა ამისა, საჯარო შესყიდვების ონლაინ რეესტრი – etender.gov.md საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დაბალღირებულებიანი კონტრაქტების შესახებ მონაცემების გამოქვეყნებას არ მოითხოვს. დაბალღირებულებიან კონტრაქტებში, საქონლის შემთხვევაში 3,800 ევრომდე ღირებულების და მომსახურების შემთხვევაში, 4,700 ევრომდე ღირებულების კონტრაქტები იგულისხმება.

2014 წელს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ მოლდოვამ სახელმწიფო შესყიდვების სისტემის რეფორმირების პროცესი დაიწყო. ხელისუფლების მიერ დაანონსებული რეფორმების მიუხედავად, ევროპაში არსებულ საუკეთესო პრაქტიკასთან ადაპტირების კუთხით მოლდოვა კვლავ ჩამორჩება რეგიონის სხვა ქვეყნებს, ხოლო სისტემაში არსებული ნაკლოვანებები კარტელური შეთანხმებების დადების და ფასების ხელოვნურად ზრდის შესაძლებლობას კვლავ იძლევა, რაც სახელმწიფო ფინანსური რესურსების არაეფექტიანად გამოყენებას იწვევს.

ქვემოდ მოყვანილი მაგალითი კარგად აღწერს მოლდოვაში არსებულ სიტუაციას. 2013 წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, მოლდოვას დედაქალაქში ფასიანი ავტოსადგომები უნდა მოწყობილიყო. ორწლიანი დაყოვნების შემდეგ, საჯარო კონკურსში ავსტრიულმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელიც ტენდერის გამართვამდე ერთი თვით ადრე შეიქმნა. კონტრაქტზე ხელი მერის მოადგილემ ქალაქის საკრებულოს წევრთა თანხმობის გარეშე მოაწერა. ამ საქმესთან დაკავშირებით კიშინოვის მერის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ბრალდებები ასევე წარედგინათ დედაქალაქის მერის მოადგილეს, საჯარო ტრანსპორტისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მფლობელ მილიონერ ბიზნესმენს და კომპანიის სამ მენეჯერს, რომლებმაც ტენდერის გაყალბებას შეუწყვეს ხელი.

დადგინდა, რომ მოთხოვნილი სპეციფიკაციები ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის გაუმართლებლად მკაცრ მოთხოვნებს შეიცავდა და სატენდერო პირობები 16 კანდიდატი კომპანიიდან, მხოლოდ აღნიშნულ მილიონერთან დაკავშირებულ კომპანიაზე იყო მორგებული. პროკურატურის განცხადებით, ტენდერის ორგანიზებისთვის სახელმწიფო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსმა იგორ გამრეტკიმ სავარაუდოდ, 2 მილიონი ევრო ან იმ კომპანიის აქციების 26% მოითხოვა, რომელსაც ტენდერში უნდა გაემარჯვა.

კიშინიოვში ავტოსადგომების მოწყობასთან დაკავშირებული კონტრაქტის ხელმოწერიდან ორი წლის შემდეგაც კი პროექტი არ დაწყებულა, რადგან მათ ვისაც ამ პროექტის განხორციელება ევალებოდათ, გარკვეული ინტერესები ამოძრავებთ.

არსებული ინფორმაციით მისი გერმანიაში მცხოვრები ძმისშვილის მეშვეობით მან კვიპროსში კომპანია დააფუძნა, რომელიც პროექტში გამარჯვებული კომპანიის აქციონერთა სიაში შევიდა. მას შემდეგ რაც მან სრულად აღიარა დანაშაული, იგორ გამრეტკის სამსახურიდან გათავისუფლება და ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა. ამ საქმეში მონაწილე სხვა პირების მიმართ სასამართლო განაჩენი ჯერ არ დამდგარა. იგორ გამრეტკიმ სამართალდამცავებს განუცხადა, რომ მას კიშინოვის მერთან (რომელიც მისი ყოფილი კლასელი იყო) კომპანიის აქციების 26% უნდა გაეყო.

იგორ გამრეტკის

ეკონომიკის ექსპერტის რომან ჩირიკას განცხადებით, გამჭვირვალობის ნაკლებობა ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული კომპანიის თანხების მართვის კუთხითაც შეინიშნება. „ჩემი აზრით, გამჭვირვალობის ყველაზე დიდი ნაკლებობა შესყიდვების კუთხით და მონიტორინგის სისტემის მუშაობის მიმართულებით არსებობს. იმის მიუხედავად, რომ ახალი კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისია, მისი განხორციელება მაინც მოლდოვურად ხდება. მაგალითად, ბევრი ქვეყანა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მისაღებად მხარეებს ანონიმურ ელექტრონულ სისტემას სთავაზობს და ეს საკმაოდ რთული პროცესია. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი ყურადღება ფასის სიმცირეს ეთმობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ხარისხის მინიმალური დონე მაინც იქნება უზრუნველყოფილი, რადგან ეს დონეც კი არ არის ზუსტად აღწერილი.

რომან ჩირიკას

იმპორტირებულ წამლებთან დაკავშირებით ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ამ წამლებზე ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი 100%-დან 150%-მდე. ეს მას შემდეგ აღმოვაჩინეთ, რაც მწარმოებლების ფასები მოლდოვას წამლის სააგენტოში რეგისტრირებულ ფასებთან შევადარეთ. ვიცით რაც ხდება ამ ქვეყანაში წამლების შემოტანის შემდეგ, თუმცა მთელი გარე სეგმენტი, სადაც ბევრი შუამავალი კომპანია მოქმედებს, არ არის რეგულირებული. ფულის გაფლანგვა მოლდოვას გარეთაც ხდება,“ – აცხადებს რომან ჩირიკა.

კომპანიებისთვის, სახელმწიფო შესყიდვები ფულის კეთების ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და მარტივი წყარო იყო და არის. 2016 წელს, მოლდოვაში განხორციელებულმა სახელმწიფო შესყიდვების საერთო ოდენობამ, მცირე ღირებულების კონტრაქტების გამოკლებით, 358 მილიონი ევრო ანუ ქვეყნის მშპ-ს 5.6% შეადგინა. თანხების უდიდესი ნაწილი მშენებლობაზე, რემონტზე, წამლებზე და ბენზინპროდუქტებზე დაიხარჯა.

არსებული პრობლემების კონტექსტში სიტუაცია კიდევ უფრო დრამატული გახდა მას შემდეგ რაც „საჩივრების განხილვის ეროვნული ორგანოს“ ჩამოყალიბება 2016 წლის მაისიდან 2017 წლის სექტემბრამდე გადაიდო და რის გამოც, ტენდერების შედეგებით უკმაყოფილო ეკონომიკურ აქტორებს მხოლოდ სასამართლოებში გასაჩივრების ვარიანტი დარჩათ. ახლადჩამოყალიბებული დაწესებულების ხელმძღვანელად კი სისტემისთვის კარგად ნაცნობი პირი – საჯარო შესყიდვების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი

ვიორელ მოსნეაგა დაინიშნა. მოსნეაგამ საჯარო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტი 2016 წლის იანვარში დატოვა, მას შემდეგ რაც საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრმა და საგამოძიებო გაზეთმა Ziarul de Garda-მ გამოძიების შედეგები გამოაქყვეყნეს. მასალების მიხედვით, მისი ოჯახის მფლობელობაში მყოფმა კომპანია Aldos Grup SRL-მა საჯარო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამართული ტენდერები მოიგო, რომელთა საერთო ღირებულება ორი წლის მანძილზე თითქმის 1.6 მილიონ ევროს შეადგენდა.

ვიორელ მოსნეაგა „დავების გადამწყვეტი ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელია. როგორც გაზეთში Ziarul de Garda გამოქვეყნდა, მოსნეაგას საჯარო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელად მუშაობისას, მისი ოჯახის მფლობელობაში მყოფმა კომპანიამ 1.7 მილიონი ევროს ოდენობის ტენდერები მოიგო.

ამ კომპანიის მიერ მოგებული ყველაზე მსხვილი ტენდერები მისმა კონკურენტებმა გააპროტესტეს, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებმა ეს პრეტენზიები, უმეტეს შემთხვევებში, უარყვეს. გამოძიების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ცენტრმა ბატონი მოსნეაგას საქმიანობის შემოწმება დაიწყო, თუმცა სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა იმ მოტივით, რომ გამომძიებლებმა ვერ დაამტკიცეს რომ მოსნეაგა რაიმე ზეგავლენას ახდენდა მისი დის კომპანიისა და შესაბამის შემსყიდველ სახელმწიფო ორგანოებს შორის კონტრაქტების ხელმოწერაზე. აქედან გამომდინარე, ახლადშექმნილი „საჩივრების განხილვის ეროვნული ორგანოს“ ხელმძღვანელის წარსული საქმიანობა, ამ ორგანოს დამოუკიდებლობასთან და სამართლიანობასთან დაკავშირებით გარკვეულ ეჭვებს ბადებს.

კიშინოვში მდებარე დამოუკიდებელი ანალიზის ცენტრ „Expert-Grup“-ის ეკონომისტმა იური მორკოტილომ ბევრჯერ აღნიშნა, რომ შესყიდვების სისტემაში გამჭვირვალობის და ეფექტურობის გაზრდაზე მიმართული ძალისხმევა არასაკმარისი იქნება, მანამ სანამ საჩივრების და დავების განმხილველი დამოუკიდებელი ორგანო არ იარსებებს. ექსპერტის აზრით, ნამდვილი მექანიზმის არ არსებობის პირობებში ნებისმიერი წარმატება ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების კუთხით და ელექტრონული შესყიდვების ახალი სისტემის ფარგლებში გამჭვირვალობის გაზრდის მიმართულებით, არამდგრადი იქნება.

იური მორკოტილომ

ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2018 წლიდან ელექტრონული შესყიდვების საპილოტე პროგრამა MTender-ი ყველა საჯარო შესყიდვის დროს იქნება გამოყენებული, რათა დროთა განმავლობაში ყველა ტრანზაქცია ელექტრონულად (ფურცლის გამოყენების გარეშე) განხორციელდეს. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ სრულად ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა ყოველწლიურად საბიუჯეტო თანხების 10-15%-ის ეკონომიას იწვევს. ჯერ-ჯერობით იმ ათი თვის მანძილზე რაც MTender-ის სისტემა მოქმედებს, ამ პროგრამის მეშვეობით 117 პროცედურა განხორციელდა, რის შედეგადაც 16,200 ევრო დაიზოგა.



საქართველოში გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის ნაკლებობა

საქართველოში, სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დადებითად შეაფასა. გატარებული ცვლილებების შედეგად, ამ ქვეყნის სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალედ ითვლება.

2010 წლამდე ტენდერები კორუფციით და სახელმწიფო სახსრების არაეფექტიანად გამოყენებით ხასიათდებოდა, რაც მწვავე პრობლემას წარმოადგენდა. 2010 წლის ბოლოს რეფორმების პაკეტის ამოქმედების შემდეგ სისტემა მოდერნიზდა და მთლიანად ელექტრონული გახდა, რის შედეგადაც კორუფციის რისკები მინიმუმამდე დავიდა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველო სახელმწიფო შესყიდვებზე მშპ-ს დაახლოებით 10%-ს ხარჯავს. ამავე დროს, ტენდერებში საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მხოლოდ 18% მონაწილეობს, ხოლო კომპანიების 38%-ს ტენდერებში არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა. ისეთ სფეროებში როგორებიცაა ტექნიკა, მშენებლობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ავეჯის მიწოდება,

სურსათი და სასმელები, ტენდერები საკმაოდ რთულად ტარდება. ამ ტენდერებში მონაწილე კომპანიების რაოდენობა ძალზედ მცირეა. საერთაშორისო ინსტიტუტების ანგარიშები აჩვენებს, რომ მონაწილეთა ეს მცირე რაოდენობა სხვა მიზეზებთან ერთად, ადამიანური რესურსების ნაკლებობით და ტენდერებთან დაკავშირებული ინფორმაციის სიმწირით არის გამოწვეული.

თბილისში მოქმედი ონლაინ გამოცემა iFact-ის საგამოძიებო ჟურნალისტი ნინო ბაქრაძე ამბობს, რომ შესყიდვების მხოლოდ ელექტრონულად გახორციელდების მიუხადავ, ტენდერების ფალსიფიკაციის მრავალი გზა არსებობს. „მთავრობას მონაწილეობის მიღება სხვადასხვა მეთოდებით შეუძლია. კერძოდ, მეგობრების, ახლო ნათესავების ან ბიზნეს პარტნიორეის კორუფციულ გარიგებებში ჩართვა პირდაპირი შესყიდვების მეშვეობით. არსებობს საკმაოდ ბევრი მაგალითი, როდესაც ტენდერები კონკრეტული ჩინოვნიკების მეგობრებმა ან იმ ადამიანებმა მოიგეს, რომლებმაც მმართველ პარტიას თანხები შესწირეს“ – აცხადებს ის.

ნინო ბაქრაძე, ონლაინ გამოცემა iFact-ის საგამოძიებო ჟურნალისტი

ნინო ბაქრაძე ასევე ასახელებს შემთხვევებს, როდესაც კომპანიები ტენდერების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე დაფუძნდა და მათი დაფუძნების ერთადერთ მიზანს სახელმწიფოსგან კონტრაქტების მიღება წარმოადგენდა. კიდევ ერთი სქემა, რომელიც მოლდოვაშიც და უკრაინაშიც საკმაოდ კარგად არის ცნობილი, კონკრეტულ ეკონომიკურ აქტორზე ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების მორგებაა. მედიის მიერ ამ კავშირების გამოაშკარავების შემდეგ სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაძლოა სისხლის სამართლის საქმეები აღძრან კიდეც, მაგრამ როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ამგვარი საქმეების უმრავლესობა ამჟამინდელი მთავრობის მიერ წინა მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ნაწილს შეადგენდნენ.

როგორც მოლდოვასა და უკრაინაში, ასევე საქართველოში, ის ქართველი მაღალჩინოსნები, რომლებიც ლოიალურნი არიან მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში, სამართალდამცავი ორგანოების ინტერესის საგანს არ წარმოადგენენ ხოლმე.

ბიძინა ივანიშვილი

ერთ-ერთ ყველაზე სასაცილო საქმეში, რომელიც აჩვენებს თუ როგორ გრძელდება კორუფცია ტენდერებში და როგორ არიდებენ დამნაშავეები თავს სასჯელს, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაა გარეული. ჟურნალისტი და „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის ეროვნული კომიტეტის“ წარმომადგენელი საქართველოში ნათია კობერიძე ამბობს, რომ ჯეჯელავას ცოლის საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ სამინისტროს ტენდერი (რომლის საერთო ღირებულება 300,000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა) ტენდერი მონაწილეობის გარეშე მოიგო.

ალექსანდრე ჯეჯელავა

„რა თქმა უნდა, ჯეჯელავა ციხეში არ წავა ან იგი რაიმე სხვა სახით არ დაისჯება, რადგან ხელი ხელს ბანს. ბიძინა ივანიშვილმა ბიუჯეტიდან სახსრების მოპარვაზე მაღალჩინოსნებს კარტ-ბლანში მისცა,“ – ამბობს ის.

ნათია კობერიძე, ტელეჟურნალისტი, ფრილანსერი, „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის ეროვნული კომიტეტი“, საქართველო

დამოუკიდებელმა მედია საშუალებებმა, მაგალითად კი „სტუდია მონიტორმა“, რომელიც კორუფციასთან, სამართალთან და საჯარო სახსრებთან დაკავშირებულ გამოძიებებს ატარებს, ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული მრავალი კორუფციული სქემა და უკანონო ქმედება გამოააშკარავა, მაგრამ ისევე როგორც მოლდოვაში, ამას შესაბამისი ორგანოებისგან მხრიდან რეაგირება

არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, იმის მიუხედავად, რომ არსებობს გონივრული ეჭვი კონკრეტული ოფიციალური პირის მიერ ბიზნესის ფარულად მართვასთან დაკავშირებით, სამართალდამცავი ორგანოები ამ კავშირების გამოძიებაზე უარს აცხადებენ იმ მოტივით, რომ ამ კონკრეტულ პირს არცერთი კომპანია ოფიციალურად არ ეკუთვნის.

„სტუდია მონიტორის“ მთავარი რედაქტორი ნანა ბიგანიშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ იოსებ მაკრახიძის მფლობელობაში მყოფმა კომპანიამ 6.2 მილიონი ევროს ოდენობის ტენდერი მოიგო.

ნანა ბიგანიშვილი

„ამ თემაზე გადაცემაც მოვამზადეთ და მან ამის შესახებ თავადაც გვითხრა: „მაქვს ამის უფლება!“ ასე მუშაობს ჩვენი კანონმდებლობა“ – აცხადებს ნანა ბიგანიშვილი. მისი აზრით სიტუაცია არ გაუმჯობესდება ვიდრე ტენდერებზე ზედამხედველობას განმახორციელებელი ორგანო, დამოუკიდებელი და ეფექტური არ გახდება.


სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში უფრო მეტი გამჭვირვალობის პირობებშიც კი სამივე ქვეყანაში კვლავ იკარგება რესურსები და მცირდება ნდობა, რაც საეჭვო გარიგებებით, ბუნდოვანი ურთიერთობებით და კორუფციით არის გამოწვეული. აღნიშნული უკანონო ქმედებები ხშირად ოფიციალური პირების თანხმობით ხორციელდება, რომლებიც შესაბამისი ორგანოების მუშაობას აფერხებენ ან სამართალდამცავ ორგანოებზე სისხლისსამართლებლივი დევნის კუთხით პოლიტიკურ ზეგავლენას ახდენენ.

„ამგვარი ფაქტების გამოაშკარავება და გამოქვეყნება საჭიროა, რადგან ხანდახან ინფორმაცია სწორ დროს და ადგილას შეიძლება გამოქვეყნდეს ან შესაძლოა ისეთ ადამიანამდე მივიდეს, რომელსაც რაღაცის შეცვლა შეუძლია. არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის შესახებ სტატიების გამოქვეყნების შემდეგ რაღაც რადიკალურად იცვლება ხოლმე. ეს ხანგრძლივი პროცესია,“ – ამბობს ონლაინ გამოცემა iFact-ის საგამოძიებო ჟურნალისტი ნინო ბაქრაძე.