მზის ენერგია, განახლებად ენერგიებს შორის ყველაზე სუფთა, ყველაზე ძლიერი და ხელმისაწვდომია, რომელიც  სულ უფრო პოპულარული ხდება უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. თავდაპირველად მზის ენერგიას წყლის გასაცხელებლად იყენებდნენ, მაგრამ ამჟამად იგი ელექტროენერგიის წყაროდ იქცა.

ავტორები: ლილია ქურჩი, ლუსია ტაუტი, სტეფან სკორპანი

უკრაინა: მზის ქალაქში

პროფესორ ბორის აფანასიევს, ოდესაში, ამ ქალაქის დამაარსებლის ადმირალ ხოსე დე რიბასის ძეგლთან შევხვდით. პროფესორმა, უკვე დამონტაჟებული და ამუშავებული მზის პანელების ერთი კონსტრუქცია გვაჩვენა, რომელიც ძეგლიდან რამდენიმე მეტრში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე მდებარე სახლის სახურავზეა დამონტაჟებული. მსგავსი სისტემებითაა აღჭურვილი ოდესის რამდენიმე რაიონი და კომერციული შენობა, რომელთა ტექნიკური სამუშაოები პროფესორ აფანასიევის მეთვალყურეობით განხორციელდა.

„უპირველეს ყოვლისა, მზის ენერგიას წყლის გასაცხელებლად იყენებენ. ამით ელექტროენერგიაზე დანახარჯები 70%-ით მცირდება. მეორეც, ელექტროენერგიის გენერირება ფოტოვოლტური პანელების დამონტაჟებით ხდება. მზის ენერგიის წყალობით, ჩვენს სახლებში ელექტროენერგიის დაზოგვა თბილი სეზონების დასაწყისსა და დასრულებისას შეგვიძლია“ – ამბობს ექსპერტი. მისი თქმით, მზის ენერგიის სისტემები სულ უფრო მეტად იაფდება და მათ მონტაჟზე გაღებული ხარჯების ამოღებას სულ რამდენიმე თვე სჭირდება.

ბორის აფანასიევი, პროფესორი, გამომგონებელი



შავი ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარე თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი,  მზის ენერგიით ნაწილობრივ მარაგდება. აღნიშნული სისტემა კომპლექსის ადმინისტრაციის თხოვნით შვიდი წლის წინ დამონტაჟდა. მზის პანელები ჰარმონიულადაა შერწყმული შენობის არქიტექტურულ სტილთან, რომლებიც ორ დონეზე, 160 კვადრატულ მეტრზე განლაგდა.

ფაქტობრივად, უკრაინაში, უძრავი ქონების მფლობელებს საკუთარი სახლების „ფულის ქარხნებად“ გარდასახვა შეუძლიათ, რადგან მზის პანელების გამოყენება, ელექტროენერგიის შეღავათიანი ტარიფით ტკბობის საშუალებას იძლევა.



დღესდღეობით, მზის პანელები კვლავ საკმაოდ ძვირია და მათ მონტაჟს ყველა ვერ რისკავს. ამგვარი პროექტების სარგებლიანობის წარმოსაჩენად და ამ მიმართულებით ადამიანების წასახალისებლად, ოდესაში ონლაინ პლატფორმა შეიქმნა სახელწოდებით Odessasolar.org. ამ საიტის მეშვეობით, თითოეულ კორპუსზე მზის ენერგიის კონსტრუქციის მონტაჟის დანახარჯების დათვლაა შესაძლებელი. საიტზე განთავსებულია ინფორმაცია აუცილებელი აღჭურვილობის ფასების, ელექტროენერგიის გენერირების სიმძლავრეების და ინვესტიციის ამონაგების შესახებ.

უკრაინის მთელი ტერიტორია ვარგისია მზის ენერგიის გამოსაყენებლად, რადგან ყოველწლიური საშუალო მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და თითო კვადრატულ მეტრზე 1,235 კილოვატ-საათს უდრის. მაგალითისთვის, მზის ენერგიის პოტენციალი გერმანიაში თითო კვადრატულ მეტრზე 1,000 კილოვატ-საათს, ხოლო პოლონეთში 1,080 კილოვატ-საათს შეადგენს.

საქართველო: შუა საუკუნეების გაკაშკაშებული ციხე-სიმაგრე

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდებარე ქალაქ ახალციხის შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე ასობით ათას ვიზიტორს იზიდავს, როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. შვიდ ჰექტარზე გაშენებულ კომპლექსში განთავსებულია: მეჩეთი, მინარეთი, სინაგოგა, ქრისტიანული ეკლესია, ჯაყელების სასახლე, მუზეუმი და ციხე-სიმაგრე. ზღვის დონიდან 1,000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ახალციხე, მე-9 საუკუნეში დაარსდა და თავდაპირველად მას ლომისა ერქვა.

რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი გზატკეცილების გასაყარზე მდებარე ქალაქში, თურქეთიდან და სომხეთიდან მომავალი ტრასები გადის. ახალციხე უფრო მეტად მიმზიდველი 2012 წლიდან გახდა, მას შემდეგ რაც რაბათის ციხე-სიმაგრეს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ციხე-სიმაგრე ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა და მნახველებს, თავისი განათებით, შთამბეჭდავ შოუს სთავაზობს.

ეს არქიტექტურული მარგალიტი მომნუსხველია არა მხოლოდ დღისით, არამედ ღამითაც, როდესაც განათება ყველა კუთხეში ინთება. რა თქმა უნდა, ეს ვიზუალური სილამაზე საკმაოდ ძვირადღირებული იქნებოდა, ხელისუფლებას ელექტროენერგიის ხარჯების შემცირებაზე რომ არ ეფიქრა. თანხების დაზოგვა 2013 წლიდან  დაიწყო, როდესაც ქალაქი  შეუერთდა ევროკავშირის პროექტს  – კლიმატის და ენერგიის შესახებ „მერების შეთანხმებას“. ამ შეთანხმებით, ახალციხემ ვალდებულება აიღო 2020 წლისთვის CO2-ს ემისია სულ მცირე 20%-ით შეამციროს. სამოქმედო გეგმა ტრანსპორტის, შენობებისა და ქუჩების განათების კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს.

2015 წელს, ციხე-სიმაგრის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განათების ხარჯები შეფასდა. ექსპერტებმა ტრადიციული ლამპიონების ე.წ. „სმარტი“ ლამფებით ჩანაცვლების რეკომენდაცია გასცეს, რითაც ენერგოეფექტურობა გაიზრდებოდა. აქვე, ცოტა ხნის წინ, მზის პანელების სისტემაც დამონტაჟდა. გარემოსდაცვითი აქტივისტის ნუგზარ ტატეშვილის თქმით, ტერიტორიაზე სულ 100 ფოტოვოლტური პანელი განთავსდა, რომელთაგან თითოეულის სიგრძე 2 მეტრია.

ნუგზარ ტატეშვილი, ახალციხის სოციალური განვითარების ცენტრი

ამის შედეგად, დღის განმავლობაში დაგროვილი მზის ენერგია, ღამით რაბათის ციხის გასანათებლად გამოიყენება. „კომპლექსში განლაგებული სასტუმროები, რესტორნები და სხვა შენობები, ტრადიციული ელექტროენერგიით მარაგდება, თუმცა ციხე-სიმაგრე მზის პანელებისგან მიღებული ელექტროენერგიით ნათდება“ – ამბობს ტატეშვილი. ვარაუდობენ, რომ ამ გზით წელიწადში 246,874 კილოვატ-საათი ელექტროენერგია დაიზოგება, რაც 59,250 ლარს (დაახლოებით 19,000 ევრო) შეადგენს.



ციხე-სიმაგრის განათებისთვის საჭირო ყველა ლამპიონი, ენერგოეფექტური LED განათებით შეიცვალა. ენერგოეფექტურმა განათებამ მთელი ქალაქი მოიცვა, სადაც სულ 95 ძირითადი და მეორადი ქუჩა, შესახვევი და გზატკეცილია, საერთო სიგრძით 52 კილომეტრი.

ჩვენი ვიზიტისას, ენერგოეფექტური განათება მხოლოდ ორ ქუჩაზე არ იყო დამონტაჟებული. ღამით ახალციხე და რაბათის ციხე ზღაპარს ჰგავს.

ნუგზარ ტატეშვილის თანხლებით, გზა აწყურისკენ განვაგრძეთ. მისი წინადადებით, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან მდებარე საოჯახო სასტუმროში „ნიკა და გიორგი“ დავბინავდით. ეს ადგილი სპეციალურად შეირჩა, რადგან სასტუმრო სამ წელზე მეტია, ცხელ წყალს მზის კოლექტორის გამოყენებით იღებს, რომელიც გვერდით მდებარე შენობის სახურავზეა დამონტაჟებული. მზის სხივების უკეთ დასაჭერად, კოლექტორების მექანიკური როტაცია დღეში რამდენჯერმე ხდება. ამ სისტემის მეშვეობით, დაახლოებით 500 ლიტრი წყალი ცხელდება, რომელსაც სასტუმროს ვიზიტორები და პერსონალი იყენებს.



სასტუმროს მფლობელებმა, წყლის გამაცხელებელი სისტემა მას შემდეგ შეცვალეს, რაც  ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალციხის სოციალური განვითარების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი გაიარეს, რომელიც რეგიონული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ენერგოეფექტურობის ქსელის“ (CLEEN) ფარგლებში განხორციელდა. CLEEN-ის დახმარებით საქართველოში, მოლდოვასა და სომხეთში 700-ზე მეტი მზის კოლექტორი დამონტაჟდა. ამ პროცესში, პროექტში ჩართული ქვეყნების 30 ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მოლდოვა: მზის კოლექტორები ცხელი წყლის მისაღებად

ცხელი წყალი ფუფუნება აღარაა, მოლდოვას ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ედინეცის წმინდა ელიზაბეტის სახელობის სკოლის მოსწავლეებისთვის. შარშან, სკოლის სახურავზე მზის კოლექტორი დამონტაჟდა. ეს შესაძლებელი გახდა CLEEN-ის მხარადჭერით და მოლდოვაში მოქმედი „გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის“ თანადაფინანსებით.

ამ ახალი სისტემის წყალობით, სკოლის საერთო საცხოვრებელში ორი საშხაპე კაბინა მოეწყო. ამჟამად, 18 მოსწავლე ცხელ წყალს იყენებს პირადი ჰიგიენისა და სამზარეულოს საჭიროებებისთვის. ამ სკოლის მოსწავლეები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან, ჰუმანიტარულ საგნებთან ერთად თეოლოგიას სწავლობენ და განათლებასთან ერთად საცხოვრებელი ადგილით და საკვებით არიან უზრუნველყოფილი.

მზის კოლექტორების უპირატესობის აღმოჩენამ, ამ სკოლის მოსწავლეებს გადააწყვეტინა მონაწილეობა მიეღოთ მაღალი კლასების სტუდენტებისთვის გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში. აღნიშნული კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაცია „თანამშრომლობამ“ ჩაატარა, რომლის მიზანი იყო თემსა და საგანმანათლებო მიზნებისთვის, ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ინოვაციური იდეების შემუშავება.

წმინდა ელიზაბეტის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში გაიმარჯვეს და მათი საერთო საცხოვრებლის ჩრდილოეთ კედლების თერმული იზოლაციისთვის 20,000 მოლდავური ლეი (დაახლოებით 1,000 ევრო) მიიღეს. ამ ინიციატივას მრევლიც შეუერთდა და მათი შემოწირულობებით, საერთო საცხოვრებლის ყველა გარე კედლის თერმული იზოლაცია გაკეთდა.



უკვე რამდენიმე წელია, ადმინისტრაცია ქარის ელექტროსადგურზე ოცნებობს, რომლის მეშვეობითაც სკოლა ელექტროენერგიას მიიღებდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ რამდენიმე ორგანიზაციას გრანტის გამოყოფის თხოვნით მიმართეს, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით დახმარება არავის აღმოუჩენია.

მზის პოტენციალი, მოლდოვაში, ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელების შესაძლებელას იძლევა.  ამის მაგალითი, სტრაშენში მოწყობილი ფოტოვოლტური პარკია, რომელსაც ფრანგი ინვესტორი ფრანკ ლე ბორნი ხელმძღვანლობს. მისი სიმძლავრე 333 კილოვატს შეადგენს. ამ სისტემის მიერ გენერირებული ელექტროენერგია ეროვნულ ელექტროსისტემას მიეწოდება და მისი ტარიფია 1.9 ლეი კილოვატ-საათი (0.09 ევრო კილოვატ-საათი).

ექსპერტების აზრით, 2050 წლისთვის, მთელი მსოფლიო განახლებად ენერგიაზე გადასვლას დაიწყებს. ეს რაიმე ბუნდოვანი ცნება კი არა, არამედ  კონვენციის „პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ“ აუცილებელი პირობაა მთავარი ამოცანის მისაღწევად, რომლის მიხედვითაც გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდა 2 გრადუს ცელსიუსამდე უნდა შეიზღუდოს. თუ ქვეყნები გარემოსდაცვით საკითხებზე არ იმუშავებენ, 2100 წლისთვის დედამიწაზე საერთო ტემპერატურა 3.7-4.8 გრადუსით გაიზრდება. ამან კი შესაძლოა გარემოსთვის შეუქცევადი შედეგები გამოიღოს, რაც გლობალური ტემპერატურის 2 გრადუს ცელსიუსზე მეტით მატების შემთხვევაში დაიწყება.



მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა არა მხოლოდ იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას შეამცირებს, არამედ სარგებელს მოუტანს გარემოსდაცვითი, ჯანდაცვის და დასაქმების კუთხითაც.