შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ დაკარგეს თავიანთი ტერიტორიების ნაწილის კონტროლი, სადაც განთავსდნენ ე.წ. თვითაღიარებული რესპუბლიკები. როგორ შეიცვალა ეს ტერიტორიები ოკუპაციის მომენტიდან და როგორ შეცვალეს შეიარაღებულმა კონფლიკტებმა რიგითი მოსახლეობის ცხოვრება? როგორ შეიძლებოდა მათი თავიდან აცილება, რისი გაკეთება შეუძლიათ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლის დაბრუნებისათვის და რას აკეთებენ ისინი დღეს?

ოკუპირებული ტერიტორიები: რუსეთის მემკვიდრეობა

ეს, ჩემი მონათხრობია სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის, დნესტრისპირეთის,   „დსრ“-ის (დონეცკის სახალხო რესპუბლიკა) და „ლსრ“-ის (ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა) შესახებ. ესაა რესპუბლიკები, რომლებზეც ხშირად ამბობენ „ფსევდო“ ან „ფიქტიური“ და მათი სახელმწიფოებრივი სტატუსი ძირითადად მხოლოდ მათ მიერვეა აღიარებული. დიპლომატიურ ენაზე მათ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს უწოდებენ. ჩემი, როგორც უკრაინელი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი თითოეულ ამ რესპუბლიკაში,ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაკითხვის ან ადგილობრივ საპყრობილეში ჩასმის მუქარის თანხლებით მიმდინარეობდა.

ავტორი: ქრისტინა შევჩენკო
ოპერატორი: ვიტალი ჩვაკი, როსტიკ პოდოლეცი

რესპუბლიკები ავანსცენის მიღმა

ეს მცირე ტერიტორიები, ყუმბარების აფეთქებისა და ტანკების ხმაურის, ათასობით ლტოლვილის ცრემლებისა და ბავშვების დაცარიელებული ოთახების ფონზე გაჩნდა. თუმცა ომი ერთადერთი არაა, რაც ამ რესპუბლიკებს საერთო აქვთ. საბჭოთა კავშირის ნოსტალგია და რუსეთის მიმართ მძაფრი კეთილგანწყობა – ეს არის ადგილობრივი მენტალიტეტის ფროიდისეული „იგი“ (არაცნობიერი).

გეოგრაფიულად, ეს ტერიტორიები ძირითადად იმ ქვეყნების მიმდებარედ არიან განლაგებული რომლებსაც უკვე გამოეყვნენ ან ცალკე ყოფნა სურთ (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) და მათ რუკაზე საკმაოდ პატარა ადგილი უკავიათ. დნესტრისპირეთის გარდა, ყველას რუსეთთან საერთო საზღვარი აქვს.



ყოვლისმხედველი თვალის – გუგლის სისტემაში – ეს ტერიტორიები ცალკეულ ქვეყნებად მოხსენიებული არ არის; ამ ფონზე, ვერაფერს ვიტყვით მსოფლიოს რიგით მოქალაქეზე, რომელმაც ალბათ გაცილებით მეტი იცის „ნარნიას“ შესახებ, ვიდრე რომელიმე ამ ეგრეთ წოდებულ რესპუბლიკაზე.  ერთადერთი გამონაკლისი პოსტ-საბჭოთა პერიოდის თაობაა, რომლის მენტალიტეტი უფრო ახლოსაა ამ ტერიტორიებთან, თუმცა მათაც ომის შესახებ სმენიათ, მაგრამ ძნელად თუ დაასახელებენ ერთ ქალაქსაც კი რომელიც ამ იდუმალებით მოცულ ტერიტორიებზე მდებარეობს. აქაურების ყოფითი ავანსცენა მუქი, სქელი ფარდებითაა დაფარული და ამ ეგრეთ წოდებული რესპულიკების მცხოვრებლები ფარდის გახსნას არ ჩქარობენ. მე, შევეცადე ამ პოსტ-საბჭოთა დრამის კულისებში შემეხედა.

საქართველო

ჩემი ვოიაჟი საქართველოდან დაიწყო. ვაზითა და კავკასიის მთებით განთქმულ ქვეყანაში ორი ოკუპირებული ტერიტორიაა – სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.

აფხაზეთი

თავდაპირველად აფხაზეთის საზღვართან მისვლას ვცდილობ. ამ რესპუბლიკის დამოუკიდებლობა მსოფლიოს ოთხმა ქვეყნამ აღიარა, რომლებიც ასევე გაეროს წევრები არიან: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ. ეს რესპუბლიკა 1993 წელს შეიქმნა, მწვავე ომისა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი კონფლიქტის შედეგად.


ისტორიული ცნობები: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აფხაზეთმა, რომელიც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ პერიოდში რეგიონში აქტიურად მოქმედებდნენ რუსეთის სადაზვერვო უწყებები, რომლებმაც პროპაგანდისტული კამპანია აწარმოეს და საბრძოლო იარაღი აფხაზ სეპარატისტებს საიდუმლოდ გადასცეს. 1992 წლის აგვისტოში, საქართველომ აფხაზეთში ჯარები გაგზავნა, თუმცა მათ იქ შეიარაღებული წინააღმდეგობა დახვდათ, განსაკუთრებით რუსი და ჩეჩენი დაქირავებული ჯარისკაცების მონაწილეობით. სამხედრო კონფლიქტი, რომლის შედეგად საქართველომ  აფხაზეთზე კონტროლი დაკარგა, 1993 წლის 30 აგვისტოს დასრულდა.


კონფრონტაციის შედეგად, დაახლოებით 200 000-მა ეთნიკურმა ქართველმა აფხაზეთი იძულებით დატოვა, ხოლო დაიღუპა 13,000 ქართველი და 3,000 აფხაზი. საქართველო აფხაზეთს დღესაც ქვეყნის ტერიტორიად მიიჩნევს და ფართო ავტონომიას სთავაზობს.

თხილი და სიმინდი

გზად ზუგდიდში აღმოვჩნდით, დასავლეთ საქართველოში მდებარე ქალაქში, რომელიც შავი ზღვიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს და რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკას ესაზღვრება. დილიდან მზემ გამოანათა და სექტემბრის ცხელ დღეს დაგვპირდა. ზუგდიდში, ჩემი ყურადღება აივნებმა მიიპყრო – სახლებიდან გადმოფენილმა ფერადმა საცვლებმა და აქაურმა მოდამ, სადაც უჩვეულო სტილის შავი ნეილონის წინდებს ატარებენ. როგორც აღმოჩნდა, ეს აფხაზეთის კონფლიქტთანაა დაკავშირებული. ამასობაში, გზა საზღვრისკენ გავაგრძელე.

„ჟურნალისტები? უკრაინა? აჰა… შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა დავრეკო, დაგველოდეთ, ვიდეო და ფოტო გადაღებისგან ჯერ თავი შეიკავეთ“ – გვეუბნება ქართველი პოლიციელი დამტვრეული რუსულით და თან ჩემს პასპორტს, ფოტოგრაფის და მძღოლის დოკუმენტებს ამოწმებს.

ვიდრე იგი ზემდგომებს ესაუბრებოდა, ჩვენ საზღვარს ვათვალიერებდით – აქ დიდი მიმოსვლაა. გზის განაპირას საქართველოს და აფხაზეთის სანომრე ნიშნებიანი ავტომობილები შევნიშნეთ. იქვე მძღოლებიც დგანან და ეწევიან – ტიპური „კარგი ტიპები“ ერთმანეთში საუბრობენ. აფხაზეთის მხრიდან საზღვარს გამუდმებით უახლოვდებიან ტაქსები, იქიდან გადმოდიან ჩანთიანი ადამიანები და ზუგდიდისაკენ ფეხით მიემართებიან. ვიღაც მანქანაშიც ჯდება.

ბოლოს, პოლიციელი გადაღების ნებართვას გვაძლევს, თუმცა მხოლოდ მისი მკაცრი მეთვალყურეობის პირობებში. მას მივყავართ ხიდამდე, რომლის ერთი ნაწილი საქართველოს და მეორე ნაწილი კი აფხაზეთს ეკუთვნის. ხიდზე უწყვეტი მოძრაობაა – ადამიანების ჯგუფები ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოდიან.

„არავინ არაფერს გეტყვით, ამდენად, ნურც შეეცდებით“ – პოლიციელი სიცილით მეუბნება. – და აფხაზეთი სადაა? – აი, იქ, სულ რაღაც 500 მეტრში. ცოტაც და თვალწინ წარმტაცი სურათი იშლება: მაღალი მთები და დაბლობზე თეთრად გადაჭიმული ქოხები. სილამაზით დატყვევებული ტრანსიდან გამოვდივარ და აფხაზეთში მცხოვრებლებს ვუახლოვდები.  აი, შევნიშნე დაახლოებით 50 წლის ქალი და მისი ჭაღარა მეუღლე.

– რატომ მიბრძანდებით საქართველოში? – ვეკითხები და ვცდილობ, კეთილგანწყობა მოვიპოვო.  – დაკრძალვაზე – და მხოლოდ ახლა შევნიშნე, რომ ქალს შავები ეცვა.  – საზღვრის რომელ მხარეს გსურთ ცხოვრება – სახლში. ჩვენ გალიდან ვართ. – მოგწონთ იქ?  – შეიძლება ყველაფერი არ მომწონს… მაგრამ ვცხოვრობთ… რთულია სამსახურის შოვნა. თუმცა, ალბათ, ყველასთვის ასეა. ჩვენ ხშირად გადავდივართ საზღვრის მეორე მხარეს, როდესაც ქორწილში ან დაკრძალვაზე მივდივართ…



შემდეგ ხნოვან მამაკაცს ვხვდები. – მე გალის რაიონიდან ვარ – ღიმილით მპასუხობს იგი. – შეგიძლიათ თქვენი პასპორტი მაჩვენოთ?  დიახ, შემიძლია – ხანდაზმული მამაკაცი აფხაზურ პასპორტს მიჩვენებს. პატარა მწვანე წიგნაკში მის სახელს ვკითხულო – მიხა.

– მიხა, რატომ გადადიან აფხაზები საზღვრის მეორე მხარეს? – ზუგდიდის ბაზარში დადიან. საქართველოში სურსათი იაფია, აფხაზეთში ზოგიერთი პროდუქტი არც კი იშოვება… მე საქართველოში ბინა და გალის რაიონში სახლი მაქვს. ხან აქეთ ვცხოვრობ, ხან იქით…



სულ უფრო მეტი ადამიანი გადმოდის აფხაზეთიდან ზუგდიდის მიმართულებით. აი, საზიდარმაც ჩაიარა! ამასობაში ინტელიგენტური გარეგნობის სათვალიანი მამაკაცი მიახლოვდება და აფხაზეთში ყოველდღიური ცხოვრების შესახებ მიამბობს.

– ადამიანებს ყველაზე მეტად ეკონომიკური სირთულეები აწუხებთ… თხილი და სიმინდი ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყაროა. სამუშაო ადგილები არ არის. ცოტა ხნის წინ სკოლებში ქართული ენა აკრძალეს. აფხაზებმა თავიანთი ენაც დაივიწყეს, ძირითადად რუსულად საუბრობენ – მეუბნება ზუგდიდში მიმავალი მამაკაცი.

ისინი, ვისაც ვესაუბრე, ძირითადად გალის რაიონიდან იყვნენ. მათი უმეტესობა თავს ქართველად მიიჩნევს და არა აფხაზად – ეს ორი ეთნიკური ჯგუფი აქ მკაფიოდ გამიჯნულია. აფხაზებს საკუთარი ენა და ტრადიციები აქვთ. თუმცა, გალში მცხოვრები ქართველები აფხაზეთის ფსევდო რესპუბლიკის ფარგლებში მოექცნენ და იძულებულნი არიან მის კანონებს დაემორჩილონ.

საზღვარზე, ვერ მოვახერხე იმ ადამიანებს გავსაუბრებოდი, რომლებიც საკუთარ თავს აფხაზებს უწოდებენ. მათი უმეტესობა მყისიერად გამერიდა, როგორც კი გაიგეს რომ ჟურნალისტი ვიყავი.

სამედიცინო მომსახურება საქართველოდან

ზუგდიდში ვბრუნდები და ადგილობრივ ჟურნალისტს ვხვდები.

„აქ, აფხაზეთიდან წამოსული ბევრია. ისინი ძირითადად ბაზარში ვაჭრობენ. ზუგდიდში ბევრი ლტოლვილია აფხაზეთიდან, რომლებიც 1990-იან წლებში, ომის შემდეგ ჩამოვიდნენ. მათ აქ ბინები აქვთ“.  ჟურნალისტი მაღლა მიმანიშნებს, სადაც გადმოფენილ ფერად სარეცხს ვხედავ – მხოლოდ მათ აქვთ ჩვევად სარეცხის ასე გაფენა… „სიმართლე გითხრათ, მათ მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, რადგან მათ უფასო საცხოვრებელი აქვთ და საქართველოს ხელისუფლებისგან სოციალურ შემწეობასაც იღებენ. შესაბამისად, დიდი გარჯის გარეშე ცხოვრობენ“.

ზუგდიდში განთავსებულია დევნილთა დასახლება, პასტელის ფერებში შეღებილი სახლებით. დევნილებმა ეს ბინები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღეს. საღამოობით, შედარებით ასაკოვანი ქალბატონები  სახლების წინ მაგიდების გარშემო იკრიბებიან. ერთ ქალბატონს, ნანულის, შვილზე ხელი აქვს ჩაჭიდებული.

„მე იქ [აფხაზეთში] ვცხოვრობ, მეუღლესთან ერთად. იქ სახლი გვაქვს. თუმცა, ამ დასახლებაშიც გვაქვს ბინა. იქ ცხოვრება ძნელია. თუ თავად რაღაცას აკეთებ, შესაძლებელია თავის რჩენა, თუმცა წელს მოსავალი განადგურდა… საზღვარზე ფეხით გადმოვდივარ, ძირითადად ჩემი ქალიშვილის მკურნალობის მიზნით – მას ეპილეფსია აქვს. საქართველოს მხარეს ექიმთან  დამყავს. აფხაზეთში, ასეთი პრობლემების მქონე პაციენტებს საავადმყოფოებში არ მკურნალობენ. ზოგჯერ ქალიშვილი თბილისში ან ქუთაისში მიმყავს, რათა სამედიცინო მომსახურება მიიღოს“ – მეუბნება ნანული.

ნანული ერთადერთი ადამიანი არაა, ვისაც შვილი სამკურნალოდ საქართველოში გადმოჰყავს. ზუგდიდში სპეციალური სამედიცინო დაწესებულება მოქმედებს, რომელიც დევნილებს და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს ემსახურება. ამ დაწესებულების თანამშრომლებმა აგვიხსნეს: აფხაზეთში ჯანდაცვის დონე დაბალია და ამდენად, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა ჩვენს კლინიკას მკურნალობისათვის მიმართავსო.

ლარისა ჩარკვიანი, ზუგდიდის პოლიკლინიკის ექიმი



ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში ათეულობით ადამიანს ვხვდებით. აქ, აფხაზეთის მცხოვრებლებს უფასო გამოკვლევა უტარდებათ. საქართველოში ამ სფეროს ცალკე უწყება განაგებს – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო. სამინისტრო აფხაზეთში მცხოვრები პირებისა და დევნილებისთვის სახელმწიფო პროგრამებს უზრუნველყოფს – საქართველოში 250 000-ზე მეტი დევნილია რეგისტრირებული. პოლიკლინიკის დერეფნებში ვხვდებით მინისტრს –  ქეთევან ბაკარაძეს.

ქეთევანმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის მცხოვრებლებს ანონიმურობის დაცვა სურთ, რადგან ისინი აფხაზეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ და  ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლო რეაქცია აღელვებთ. რასაკვირველია, პაციენტების უმეტესობას თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში მოხვედრა სურს.

„ეს ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი მიზნობრივი პროგრამაა.  სხვადასხვა რეგიონებში ჩავდივართ,  ექიმები მიგვყავს (სხვადასხვა პროფილის 20-35 სპეციალისტი), რომლებიც ამ ადამიანების ჯანმრთელობას სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზე იკვლევენ. აფხაზეთის მცხოვრებლები აქ ხშირად მოდიან. ჩვენ მათ უპრობლემოდ მეხმარებით. ისინი სამინისტროშიც მოგვმართავენ. მათ  ჩვენს მოქალაქეებად მივიჩნევთ. 2016 წელს, საქართველოს რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში აფხაზეთის დაახლოებით 2,000 მცხოვრებს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება გაეწია“.

ალბათ იკითხავთ, რატომ უწევენ  ქართველები უფასო სამედიცინო მომსახურებას იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებად არ თვლიან თავს? ამით ქართველები როგორც დიდსულოვნებას, ასევე გამჭრიახობას გამოხატავენ. ქვეყნის ხელისუფლება აფხაზეთში მცხოვრებ პირებს ჯანდაცვის მომსახურებას იმისთვის სთავაზობს, რომ ამ ადამიანების ინტეგრაციაც მოხდეს და თან დაამტკიცონ, რომ მათ დაკარგულ მოქალაქეებზე ზრუნავენ.

არშემდგარი ინტერვიუ

ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოს მახლობლად ჟურნალისტს ვხვდებით, აფხაზეთიდან. მან ავადმყოფი მამა ჩამოიყვანა და გარკვეული დროით საქართველოს ტერიტორიაზე რჩება. ჩვენ მას რამდენჯერმე წინასწარ დავუკავშირდით, რადგან ქართველმა ჟურნალისტებმა მასთან  გასაუბრება გვირჩიეს. აი, მიმზიდველი შავთმიანი ქალი გულითადი ღიმილით მიახლოვდება.  თუმცა, კამერის დანახვისთანავე გამომეტყველება მყისიერად ეცვლება.

– არა, არაფერს გეტყვით – კამერის წინ არა! – ალბათ ხმის ჩამწერი აჯობებს? – ვეკითხები მე. – არა! ქართველმა ჟურნალისტმა ერთხელ უკვე ჩამომართვა ინტერვიუ და ძვირად დამიჯდა. გამიგეთ, მე იქ სამსახური მაქვს და ოჯახი მყავს და ასეთ რისკზე ვერ წავალ. მესმის, დამიჯერეთ მესმის რომ ეს თქვენი სამუშაოა, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებით – მეუბნება იგი სინანულით. ამის შემდეგ, მან ბოდიში მოიხადა, შებრუნდა და წავიდა.

დანაშაული და ტურიზმი

„კრიმინოგენური ვითარება აფხაზეთში რთულია“ – მეუბნება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. მისი თქმით „იქ, სულ ახლახან, 14 წლის გოგონა გააუპატიურეს და როგორც ხალხი ამბობს, მთავარი ეჭვმიტანილი ეგრეთ წოდებული აფხაზეთის პრეზიდენტის უშიშროების სამსახურის უფროსია, რომელზეც სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დღემდე არ დაწყებულა და დამნაშავე საკუთარი მაფიის მფარველობის ქვეშ იმყოფება“.



ამდენად, რუსებიც საქართველოს და უფრო კონკრეტულად – ბათუმის მზიან პლაჟებს ანიჭებენ უპირატესობას… აქ მათ კომფორტი და უსაფრთხო გარემო ხვდებათ.

აფხაზეთს აქვს ყველანაირი პოტენციალი, იყოს კავკასიის ნიცა – აივაზოვსკისთვის დამახასიათებელი ზღვის პეიზაჟებისა და თვალწარმტაცი მთების ხედების ჩათვლით. ერთმა ნაცნობმა, აფხაზეთიდან დევნილმა, აფხაზეთი ერთი ფრაზით დაახასიათა – „სამოთხე დედამიწაზე“.

საბჭოთა პერიოდში აფხაზეთს ორ მილიონზე მეტი ადამიანი  ყოველწლიურად სტუმრობდა.

ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველომ დაკარგა მისი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული რეგიონი. თუმცა, აფხაზეთიც დაზარალდა. ტურიზმის დაბალი კულტურის შედეგად, მოუვლელი ღირსშესანიშნაობებისა და სასტუმრო-სახლების ფონზე, დღეს უკვე დაცარიელებულია – ჩინებული ქვიშებით მოფენილი სანაპიროები.

რუსეთის დაღი

აფხაზეთში სულ რაღაც ასი ათასი მცხოვრებია დარჩენილი – მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი. უმეტესობას რუსეთის პასპორტები აქვთ. რუსეთი აფხაზეთის მოქალაქეებს პენსიას უხდის და  აფხაზეთის ბიუჯეტის 70%-ს აფინანსებს. გარდა ამისა, ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე 5 000-10 000 რუსი ჯარისკაცია განთავსებული, რომლებიც  ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო საზღვარს აკონტროლებენ, არაღიარებულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის. ფაქტობრივად, აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის პროვინციაა.

სამხრეთ ოსეთი

ჩემი მოგზაურობა სამხრეთ ოსეთთან არსებულ საზღვარზე გრძელდება. სამხრეთ ოსეთის „რესპუბლიკა“ რუსეთის, ვენესუელას, ნიკარაგუას, ნაურუს და ასევე აფხაზეთის, დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის მიერ არის აღიარებული.


ისტორიული ცნობები: 1989 წელს სამხრეთ ოსეთმა  რუსეთთან შეერთება გადაწყვიტა.  დაიწყო ამბოხება, რომელშიც  რუსი მოხალისეები მონაწილეობდნენ. ამის მიუხედავად კონფლიქტი წარმატებით „გაიყინა“. ოთხმოცდაათიან წლებში სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ  მოსკოვთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის კურსი აირჩია. პარალელურად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბრუნვაში შევიდა რუსული რუბლი და რუსეთის პასპორტები. 2008 წელს საქართველომ  დაკარგული რესპუბლიკის დაბრუნება სცადა. თუმცა, მას წინააღმდეგობა გაუწიეს მასზე ძლიერმა რუსულმა ძალებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა. ამდენად, რუსეთის ფედერაციის დახმარებით სამხრეთ ოსეთმა დე ფაქტო დამოუკიდებლობა მოიპვა. საქართველო, ამ ტერიტორიას დღესაც ოკუპირებულ ტერიტორიად, ხოლო ოსებს – საქართველოს მოქალაქეებად მიიჩნევს.


ომში  შვიდასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გაეროს მონაცემებით, ამ კონფლიქტის დაწყებიდან სამხრეთ ოსეთი 118 000-ზე მეტმა პირმა იძულებით დატოვა.

შეკითხვები წეროვანში – სამხრეთ ოსეთის შესახებ 

თბილისიდან 15 წუთის სავალზე დაბა წეროვანი მდებარეობს. დასახლება, სამხრეთ ოსეთიდან დევნილებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ ააშენა. ქალაქში გამაოგნებელია წითელი სახურავების რაოდენობა, რომლითაც გადახურულია 2,000-ზე მეტი შენობა, სკოლა და მაღაზიები.

ამ მყუდრო დასახლებაში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გააშენიანა, დევნილებს გადაეცათ სახლები. ბევრი მათგანი, ოსეთში მცხოვრებ ახლობლებთან ოჯახურ ურთიერთობებს ისევ ინარჩუნებს და ხშირად გადადის ცხინვალში – ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში. წეროვანის გამგებელი, ნუგზარ თინიკაშვილი დაგვთანხმდა საზღვრის მეორე მხარეს ცხოვრების შესახებ მოეთხრო.

„ცხოვრება იქ ჭირს, სოფლის მეურნეობა ცუდად არის განვითარებული. ვინაიდან იქ მხოლოდ კერძო ნაკვეთებია… პენსია თვეში დაახლოებით 150 ლარია (55 აშშ დოლარი), თუმცა მათი მოქალაქეები ჩვენს პენსიასაც იღებენ. მათ ჩვენს მოქალაქეებად მივიჩნევთ. იქ, სურსათის დიდ ნაწილს რუსეთიდან ყიდულობენ, ხილს და ბოსტნეულს კი თბილისიდან. ახალგაზრდები  მხოლოდ სამხედრო სამსახურში საქმდებიან, რადგან აბსოლუტურად არცერთი სფერო განვითარებული არაა“.

აფხაზეთის მსგავსად, სამხრეთ ოსეთის სკოლებშიც ქართულ ენაზე სწავლება, პირველ-მეოთხე კლასებში აკრძალულია.

რუსოჰოლიზმი

საქართველოსთან საზღვარს  რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ და ამ საზღვრის გადმოწევა განუწყვეტლივ მიმდინარეობს. 2012 წელს, მავთულხლართის ღობით გამოყოფილი საზღვარი საქართველოს ტერიტორიის შიგნით გადმოწიეს და რამდენიმე სოფლის შუაში მავთულხლართი გაავლეს, რომლის შედეგად ზოგიერთი მათგანი – გუგუთიანთკარი, დიდი ხურვალეთი და დიცი – სამხრეთ ოსეთის ტერიტოროაზე აღმოჩნდა.

რუსეთი თავს იმართლებს ძველი საბჭოთა რუკის არსებობით, სადაც აღნიშნულია სამხრეთ ოსეთი და ისინი ამბობენ, რომ სწორედ ამ რუკის მიხედვით ადგენენ საზღვრებს; თუმცა, მე, მსგავსი რუკა თვალითაც არ მინახავს“ – განმარტავს თორნიკე შარაშენიძე, პოლიტოლოგი და სამხედრო ექსპერტი.

საზღვარს წევენ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სამხრეთ ოსეთში ცუდი პერიოდია. ეს არაღიარებული რესპუბლიკა ერთადერთ დახმარებას  რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს. იქ არ ფუნქციონირებენ დიდი კომპანიები და არც საშუალო ზომის საწარმოები… მიმოქცევაში რუსული რუბლია და შესაბამისად ეკონომიკა მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული.

რუსეთის დახმარება, ასევე გამოიხატება რესპუბლიკისათვის დაბალი ტარიფებით ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდებაში. ამჟამად, სამხრეთ ოსეთს თავი ძლივს გააქვს და საუბარიც ზედმეტია ტურიზმზე ან კულტურულ ცხოვრებაზე.

რისთვის სჭირდება რუსეთს ეს ტერიტორია? მით უმეტეს, რომ იგი არც ტურიზმის თვალსაზრისითაა მიმზიდველი და არც ნავთობითაა მდიდარი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთი სტრატეგიულად მიმზიდველია, როგორც პლაცდარმი თბილისამდე მისასვლელად.

მოლდოვა

საქართველოს შემდეგ მოლდოვას ვეწვიეთ. ამ ქვეყნის აღმოსავლეთით, მდინარე დნესტრის ნაპირების გასწვრივ, მდებარეობს რესპუბლიკა ადგილისთვის შესაბამისი სახელით – მოლდოვას დნესტრისპირეთის რესპუბლიკა, იგივე „მდრ“.

რუკაზე ეს ტერიტორია, მძინარე დრაკონს ჰგავს. საერთაშორისო დონეზე „მდრ“ აღიარებულია… გაინტერესებთ ვის მიერ? არავის მიერ. მათ შორის, არც ვენესუელას და ნიკარაგუას მიერ; რუსეთმაც კი არ აღიარა ეს „პატარა დრაკონი“, რომელიც თავადვე შექმნა. დნესტრისპირეთს მხოლოდ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ცნობენ, რომლებსაც ასევე აღელვებთ აღიარების საკითხი. ამ წარმონაქმნს, მოლდოვა ოფიციალურად უწოდებს ოკუპირებულ ტერიტორიას.

მდრ


ისტორიული ცნობები: დნესტრისპირეთმა დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა, რუსეთთან კავშირის შენარჩუნების სურვილით. იმ პერიოდში მოლდოვაში რუმინიზაცია მიმდინარეობდა. სეპარატისტებმა, დნესტრისპირეთში განლაგებული რუსეთის მე-14 არმიის დახმარებით, კონტროლი მოიპოვეს დნესტრის მარჯვენა სანაპიროზე. მოლდოვას ჯარებმა  ტერიტორიის დაბრუნება სცადეს, თუმცა ვერაფერს გახდნენ რუსეთის ძლიერ ჯარებთან. 1992 წლის სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ რუსეთისა და მოლდოვას პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს კონფლიქტის მოგვარების ხელშეკრულებას. კონფლიქტი ამჟამად გაყინულია.


ომის დროს დაახლოებით ათასი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათასი კი დევნილი გახდა.

არშემდგარი ინტერვიუ – 2 

როგორ ფიქრობთ, ჟურნალისტი უკრაინიდან როგორ უნდა მოხვდეს გაყინული კონფლიქტის პირობებში მყოფ რესპუბლიკაში? კიშინიოვში, მოლდოვას დედაქალაქში, კოლეგებმა გაგვაფრთხილეს, რომ თავის დროზე ისინი გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ მას შემდეგ რაც სცადეს დნესტრისპირეთში სასკოლო არდადეგების გადაღება. ჰმმ… არაა მიმზიდველი პერსპექტივა.

აქედან გამომდინარე, მათ მირჩიეს, იქ წასვლის სანაცვლოდ კოლეგისთვის მიმემართა, რომელიც როგორც მოლდოვას, ისე დნესტრისპირეთის მედიაში მუშაობს. იგი სოციალურ ქსელში ვიპოვე. აფხაზი ჟურნალისტის მსგავსად, მანაც ინტერვიუზე უარი განაცხადა.

რას ფიქრობენ დნესტრისპირეთში?

მაინც მოვახერხე დნესტრისპირეთის ადგილობრივ მცხოვრებლებთან გასაუბრება. ამისთვის უბრალოდ კიშინიოვის ბაზარში მივედი. იქ ყოველდღიურად მოძრაობენ ავტობუსები მარშრუტით: დუბესარი-კიშინიოვი-რიბნიცა-კიშინიოვი (დუბესარი და რიბნიცა მდრ-ის მიერ კონტროლირებადი ქალაქებია). საზღვარს თავისუფლად კვეთენ როგორც მოლდოვას მოქალაქეები, ისე დნესტრისპირეთის მცხოვრებლები.

კიშინიოვის ცენტრალური ბაზარი, უკრაინის ნებისმიერ ქალაქში არსებულ რკინიგზის სადგურთან მდებარე რიგით ბაზარს წააგავს: მოუწესრიგებელი დახლები, დიდი რაოდენობით პირქუში გამომეტყველების მქონე მამაკაცები, რომლებიც ჩებურეკს შეექცევიან, დახლების ქვეშ გუბეები და გარშემო გამყიდველები. ამ ყოველივეს ცენტრში ვხედავ რაღაც ავტობუსების სადგურის მაგვარს – იქვე საქალაქთაშორისო ავტობუსებია გაჩერებული. თეთრი მერსედესიდან, რომელიც  დუბესარი-კიშინიოვი მარშრუტით მოძრაობს, სვიტერებში ჩაცმული რამდენიმე პენსიონერი და შუა ხნის ქალბატონი ჩამოდის.

მივუახლოვდი და ვეკითხები „შეიძლება რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ?“ „არა, არ შეიძლება“- ქალბატონის გაწვრილებულმა ხმამ გეგმა ჩამიშალა. ყველა სხვა მგზავრი კი უკვე გაიფანტა კიშინიოვის ბაზრის დახლებს შორის.



მიუხედავად ამისა, იმედს არ ვკარგავ და ამბერის პრინცის მსგავსად,  კიდევ ერთ „აჩრდილთან“ მივემართები – ავტობუსში ავდივარ, რომელიც დნესტრისპირეთის მიმართულებით  რამდენიმე წუთში დაიძრება და შიგნით ზღაპრის გმირებს ვპოულობ, რომლებიც არაღიარებული რესპუბლიკიდან არიან – ადგილობრივ პენსიონრებს.

– დღე მშვიდობისა, როგორი პენსიები გაქვთ იქ? – ვეკითხები ჟღალთმიან ქალბატონს, რომელსაც წყალგაუმტარი ნეილონის ქურთუკი აცვია.

– კარგი, რამდენიმე ასეული დოლარი…

– მაშინ კიშინიოვში რატომ ჩამოდიხართ?

– ისე… იქ მივდივარ, სადაც მსურს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლდოვას და რუსეთს და დნესტრისპირეთს. გვსურს, ყველასთან ვიპოვოთ საერთო – ამბობს ქალბატონი და საუბარს პოლიტიკაზე ლაპარაკით განაგრძობს.

– გსურთ მოლდოვასთან ერთად ყოფნა?

– არც კი ვიცი – ყოყმანობს იგი, თუმცა უეცრად ფიქრს აწყვეტინებს ენერგიული პასუხი მეზობელი სკამიდან.

– დიახ, მათ სურთ მოლდოვასთან ყოფნა. ჩემს ნათესავებს სურთ – ამას შედარებით ახალგაზრდა ქალბატონი ამბობს, რომელსაც ზამთრის თბილი ქუდი აქვს ჩამოფარებული.

– ეს თქვენს ნათესავებს სურთ – პასუხობს ჟღალთმიანი ქალბატონი ნეილონის ქურთუკში.

– არ არის მართალი – არ უთმობს ახალგაზრდა, რომელმაც ქუდი კიდევ უფრო ჩამოიფარა.

– ყოველდღე ვუყურებ ახალ ამბებს და ვხედავ… ყველა რუსეთზე ახორციელებს ზეწოლას… რუსეთი კი ყველას მხარს უჭერს… რუსეთს ყველგან მშვიდობა შეაქვს  – დრამატული პაუზებით აცხადებს წითური ქალბატონი ნეილონის ქურთუკში.

და მე გადავწყვიტე თემის შეცვლა.

– რა ტიპის სამუშაოებია თქვენთან?

– არავითარი! – სხარტად მპასუხობს შალის ქუდიანი ქალი.

– ეს როგორ? ჩვენთან არის სამუშაო ადგილები – ქარხნები, საფეიქრო ფაბრიკები, ბაზრები – ნათქვამს იგერიებს ნეილონის ქურთუკიანი ქალი.

– გსურთ, რომ თქვენმა შვილიშვილებმა იცოდნენ რუმინული ენა და ლათინური დამწერლობა?! – ვეკითხები მე. ჩემი შეკითხვა ოდნავ პროვოკაციულია, ვინაიდან რუმინული – მოლდოველების მშობლიური ენა, ამჟამად აკრძალულია დნესტრისპირეთის სკოლებში.

– მსურს, რომ იცოდნენ 5 ენა: მათ შორის ესპანური, პორტუგალიური  და ინგლისური…

– მაგრამ თქვენ ხომ თქვით, რომ არ გსურთ ევროპაში წასვლა?



– როგორ არა?! სამუშაო ადგილი ყველგან სამუშაო ადგილია. ცხოვრებამ შეიძლება ნებისმიერ ადგილზე  გადამისროლოს – ყველაფერი ევროპულის მოწინააღმდეგე აცხადებს სევდანარევი ხმით.

კიდევ ერთი ქალბატონი ამოდის ავტობუსში და მასაც ვეკითხები, რა მიზნით მიემგზავრება დნესტრისპირეთიდან კიშინიოვში.

– იქ არ არის საკვები, დნესტრისპირეთში. უკრაინამ შეწყვიტა ექსპორტი და მაღაზიები დაცარიელებულია. – ჩვენს მაღაზიებში ყველაფერი უხვად არის!

ამის შემდეგ ქალები კამათს იწყებენ. მე მათ მშვიდობა ვუსურვე და წამოვედი. რამდენიმე წუთში ავტობუსი გადის.

დნესტრისპირეთი – სასკოლო არდადეგები

უკვე ვახსენე, სასკოლო არდადეგები და გისოსები, რომელთა მიღმა დნესტრისპირელმა მესაზღვრეებმა მოლდოველი ჟურნალისტები უწყინარი ფილმის გამო ჩასვეს. საქმე იმაშია, რომ სოფელ კორჟოვაში, რომელიც ოფიციალურად მოლდოვას იურისდიქციაშია და თან  მდრ-ს ესაზღვრება, აკრძალულია მოლდოვას ჰიმნი და ეროვნული დროშის აღმართვა. ეს აკრძალვა დნესტრისპირეთის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა შემოიღეს, რომლებიც კორჟოვას თავიანთ სოფლად მიიჩნევენ.

ჟურნალისტებმა, ჯერ კიდევ 2015 წელს დაწერეს სკოლებში აკრძალვების შესახებ და როგორ კიშინიოვში მოგზაურობის დროს ჩვენმა მოლდოველმა კოლეგებმა გვითხრეს, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა და დღემდე სიტუაცია იგივე რჩება – დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სტრუქტურებს სურთ, თავიანთი ტერიტორიიდან გააქრონ ყველაფერი, რაც მოლდოვასთან არის დაკავშირებული. ეს კი განსაკუთრებით, არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებს ეხება, სადაც რუმინული ისწავლება. მდრ-ში, ასეთი სკოლების რაოდენობა ათზე ნაკლებია.

 



მოლდოვური ენა

დნესტრისპირეთი ერთადერთი ადგილია, სადაც მოლდოვური ენა ჯერ ისევ შემორჩენილია. გაგიკვირდათ? აგიხსნით: უხსოვარი დროიდან მოლდოვაში გამოიყენებოდა არა მოლდოვური, არამედ რუმინული ენა. თუმცა, საბჭოთა კავშირის პერიოდში რუმინულ ენაში 40 პროცენტი სლავური სიტყვები დამკვიდრდა, იგივე რუსიზმები. და ამ ჰიბრიდს დაემატა კირილიცა.

1989 წელს მოლდოვა თავის ფესვებს დაუბრუნდა და ხმა მისცა ლათინური დამწერლობის აღდგენას.

მეორეს მხრივ, დნესტრის აღმოსავლეთით მცხოვრებლებმა ეს აღიქვეს, როგორც „ძველი საბჭოთა იდეების“ ღალატი, რამაც სისხლისმღვრელი კონფლიქტი წარმოშვა. მაგრამ ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ. მოლდოვა კარგა ხანია ლათინურ დამწერლობაზე გადავიდა და სახელმწიფო ენად რუმინული გამოაცხადა. დნესტრისპირეთში ამ ფაქტს ჯიუტად უარყოფენ. აქ გვხვდება მოლდოვური ენის უნიკალურ ფენომენი – რუმინული და რუსული სიტყვების ნარევი შეზავებული კირილიცას დამწერლობით. უნდა ითქვას, რომ დნესტრისპირეთის მოლდოვური ენის ვარსკვლავი თანდათან ქრება.

ადამიანები ძირითადად რუსულად საუბრობენ (რუსული, მოლდოვურისა და უკრაინულის მსგავსად, რეგიონის ერთ-ერთი ოფიციალური ენაა), მშობლებს ბავშვები იმ სკოლებში დაჰყავთ, სადაც სწავლება რუსულ ენაზეა. ოფიციალური დაწესებულებებიც რუსულ ენას იყენებენ.

და კვლავ რუსული ფაქტორის შესახებ

დნესტრისპირეთის „სამეფოში“ ადგილობრივი ვალუტა რუბლია და ბიუჯეტი ძირითადად რუსეთის სუბსიდიებზეა დამოკიდებული. რუსეთი უფასოდ აწვდის ბუნებრივ აირს დნესტრისპირეთს. მიუხედავად ამისა, მცხოვრებლებს და საწარმოებს მაინც უწევთ ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა – თუმცა ეს ფული გაზპრომში კი არა, არამედ მდრ-ს რესპუბლიკის ბიუჯეტში მიდის.

ამჟამად, ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება უკრაინის გადაწყვეტილება, კონტრაბანდის არხების გადაკეტვასთან დაკავშირებით და ვაჭრობა ახლა მხოლოდ და მხოლოდ მოლდოვას გავლით წარმოებს. ამდენად, ახლა მოლდოვას დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში კრიზისია. საშუალო ხელფასი 200 აშშ დოლარია.

მოსახლეობის დიდი ნაწილი პენსიონერია, ახალგაზრდები საზღვარგარეთ მიდიან და ადგილობრივ მცხოვრებლებსაც ხშირად რამდენიმე პასპორტი აქვთ – რუსეთის, უკრაინის, მოლდოვას. 2014 წლის შემდეგ, როდესაც მოლდოვამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას, პასპორტის მიღების მსურველთა განცხადებები კიდევ უფრო გაიზარდა – ახლა დნესტრის ერთ სანაპიროზე მდებარე 315,000-ზე მეტმა ადამიანმა მოლდოვას მოქალაქეობა მიიღო.

ფსევდო რესპუბლიკაში ტურიზმი არ ვითარდება. დნესტრის ნაპირის აღმოსავლეთით მდებარე მიწა მხოლოდ მათ აინტერესებთ, ვისაც  საოცრების ნახვა სურს – სსრკ თანამედროვე მსოფლიოში – პატარა სამყარო ლენინის ბიუსტებითა და საბჭოთა დიზაინისთვის დამახასიათებელი აბრევიატურებით.

და რუსეთის მიმართ დიადი სიყვარულის მიუხედავად (2007 წელს დნესტრისპირეთის მცხოვრებლებმა დაადასტურეს საკუთარი განწყობები რეფერენდუმში, როდესაც 97%-მა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციას), „უფროსმა ძმის“ პასუხი არ აღმოჩნდა ამ სიყვარულის თანხვედრი. რუსეთმა, ჯერ-ჯერობით დნესტრისპირეთის ვერც ანექსია მოახერხა და არც მისი სუვერენიტეტი აღიარა. როგორც კლასიკურ რუსულ ლიტერატურაშია: კარენინას ოცნება მის საყვარელ ვრონსკისთან ბედნიერი ცხოვრების შესახებ ნამსხვრევებად იქცა… თუმცა, საინტერესოა, როგორი იქნება მდრ-ის მომდევნო ნაბიჯი – მატარებელს შეუვარდება თუ მიტოვებული კარენინასკენ მოუბრუნდება გული.

„მარცხენა სანაპიროზე არსებული ყველა ეკონომიკური ორგანიზაცია, კიშინიოვშია რეგისტრირებული და ყველანაირი ექსპორტის ოფიციალური დოკუმენტაცია კიშინიოვში აღირიცხება, თუმცა მათ ბიუჯეტში თითქმის ნულოვანი გადასახადები შეაქვთ. მოლდოვას დნესტრისპირეთის რესპუბლიკიდან 4,000-ზე მეტი ახალგაზრდა კიშინიოვში სწავლობს. ჩვენ გვაქვს საერთო საფეხბურთო ჩემპიონატი. ეს ძალიან უცნაური კონფლიქტია“ – აღნიშნავს პოლიტოლოგი ოაზუ ნანტოი.

უკრაინა

ეს ფორმირებები, რომლებიც ცნობილია „დსრ“-ს და „ლსრ“-ს სახელით, 2014 წელს, მაიდნის მოვლენების შემდეგ გაჩნდა. მაშინ, მოსახლეობის ნაწილმა დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებიდან, გადაწყვიტა გამოყოფოდა უკრაინას და მის ამჟამინდელ პროევროპულ მთავრობას.


ისტორიული ცნობები: 2014 წლის აპრილში, პრორუსმა სეპარატისტებმა გამოაცხადეს დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების შესახებ. იმავდროულად, რუსეთის სამხედრო ძალებმა, რომლებსაც ფედერაციის სპეცსამსახურები ხელმძღვანელობდნენ, ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს სლოვიანსკში, კრამატორსკსა და დრუჟკოვკაში. 13 აპრილს, უკრაინის ხელისუფლებამ ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. ქვეყანაში მობილიზაცია გამოცხადდა. 11 მაისს, ეგრეთ წოდებული რეფერენდუმები გამართეს ორივემ „ლსრ“ და „დსრ“. ამის შემდეგ ფსევდო-რესპუბლიკების მეთაურებმა რუსეთს  წინადადებით მიმართეს – მათი ერთიანი ტერიტორია, სახელად ნოვოროსია,  მიეეერთებინათ და უკრაინის სხვა რეგიონებზეც ჰქონოდათ პრეტენზია. რუსეთმა სეპარატისტების მომარაგება დაიწყო მძიმე სამხედრო შეიარაღებით და განსაკუთრებით გრადის ტიპის დანადგარებით. უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიების გარკვეულ ნაწილეზე კონტროლი აღარდგინა, ალყა შემოარტყა დონეცკს და მიუახლოვდა ლუგანსკს, თუმცა რუსეთის პროფესიული არმიის ჩარევის შედეგად, ფრონტის ხაზმა ისევ უკრაინის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. მინსკის ხელშეკრულებების ხელმოწერის მიუხედავად, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებდა, ომი დღემდე გრძელდება.


გაეროს მონაცემებით, 2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით დონბასის ომის დროს გარდაცვლილია 10,225 და დაზარალებულია 24,541 ადამიანი; იმავდროულად, ნახევარ მილიონზე მეტი დევნილია.

„დსრ“ – ორმაგი სტანდარტები

მე კონსტანტინოვკაში ვარ, დონეცკის რეგიონში მდებარე ქალაქში, რომელიც ფრონტის ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. აქ ჩვენი დროის გმირების პოვნას ვცდილობ, „დსრ“-ის მცხოვრებლების. მათ ვეძებ რკინიგზის სადგურზე, საიდანაც „დსრ“-ის მცხოვრებლები მიემგზავრებიან საძულველ უკრაინაში, ზოგი კიევში, ზოგიც ხარკოვში ან დნიპროში. რკინიგზის სადგურამდე და უკან ისინი ავტობუსით მგზავრობენ.

მძღოლები განმარტავენ: ეს ბიზნესი, რასაკვირველია არალეგალურია, თუმცა გამშვებ პუნქტებზე „ჩაწყობა“ შეიძლება. ეს ავტობუსები, რომლებიც ორ სამყაროს აკავშირებენ, ძალიან პოპულარულია და ყოველდღიურად ადამიანების უზარმაზარ ნაკადი გადაჰყავთ. ამიტომაც, ავდივარ ერთ-ერთ ავტობუსში, რომელიც  დონეცკში მიემართება – ეგრეთ წოდებული „დსრ“-ის დედაქალაქში. აქ იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც ახლახან ჩამოვიდნენ კიევი-კონსტანტინოვკას მატარებლით. ხანდაზმული ქალბატონისკენ მივემართები და ვეკითხები თუ „როგორია ცხოვრება „დსრ“-ში.

ბებო შეშინებული თვალებით მიყურებს, თითქოს სერიული მკვლელი ჩიკატილო ვიყო და საჩქაროდ ადის ავტობუსში. მგზავრებთან დალაპარაკების ყველა სხვა მცდელობა ფიასკოთი დასრულდა. ამ ადგილიდან წამოსვლა გადავწყვიტე, როცა მოულოდნელად  ინტელიგენტური გარეგნობის სათვალეებიანი ბებო მომიახლოვდა, გვერდზე გამიყვანა და ჩურჩულით ამიხსნა:

– ისინი არაფერს გეტყვიან, ეშინიათ…

– რისი ეშინიათ?

– რაიმე არასასურველი არ წამოცდეთ. ეშინიათ, არ ესროლონ… ჩემმა მეზობელმა, ცოტა ხნის წინ მითხრა: „რა გამოდის, რომ ჩვენ გამოვიწვიეთ ომი როდესაც იმ დემონსტრაციაში ჩავერთეთ?“ ოღონდ არ ჩამწერო… არავის უთხრა, რომ დაგელაპარაკე. ქალი კიდევ უფრო შეშინებული გამოიყურებოდა, თუმცა მაინც განაგრძო – იქ, ავტობუსში, ჩემი ნათესავია. თუ გაიგებს, რომ უკრაინელ ჟურნალისტს დაველაპრაკე, დამასმენს.

– როგორ დაგასმენთ, ვისთან?

– ხელისუფლების ორგანოებთან – მიპასუხა მან და გავოგნდი… უცებ 1937 წელში ხომ არ აღმოვჩნდი?! ის კი განაგრძობდა – მაგრამ მე მიყვარს უკრაინა, მიყვარს უკრაინული ენა… არ მომწონს, რომ რუსეთი… და ამ დროს ჩემდაუნებურად წამომცდა:

– თქვენი ნათესავი დაგასმენთ? მაგრამ, ის ხომ ნათესავია!

– მერე რა – მიპასუხა მან.

– და ეს მებრძოლები, ისინი რა ეროვნების არიან?

– ჩვენი ნამდვილად არა. თუ მათი საუბრით ვიმსჯელებთ, რუსები უნდა იყვნენ.

– და როგორ ცხოვრობთ, როგორ იღებთ პენსიას?

– მე და მყავს კიევში, ახლა მასთან ერთად ვცხოვრობ, დონეცკში მხოლოდ სტუმრად ჩამოვდივარ, ამდენად ვიღებ უკრაინულ პენსიას. და ისინი ორ პენსიას იღებენ – დსრ“-დან და ასევე აქ გადმოდიან უკრაინული პენსიის მისაღებად. დააკვირდით… კონსტანტინოვკაში ყველა უკრაინული პენსიის მისაღებად ჩამოდის. ყიდულობენ ბევრ პროდუქტს, ვინაიდან უკრაინის მხარეს ყველაფერი ნახევარ ფასშია. იქით კი ფასები ასტრონომიულია… ჩემი ნათესავიც ასე იქცევა. რომ ჰკითხო, უკრაინას ვერ იტანს, თუმცა უკრაინულ პენსიას იღებს. მოიცა, ჯერ არ წახვიდე, შეიძლება იეჭვოს, რომ მე გითხარი…

10 წუთი მოვიცადეთ. ამ დროს გავიფიქრე: ამჟამად მინიმალური პენსია „დერ“-ში 2,730 რუსული რუბლია (დაახლოებით $47) და რესპუბლიკაში როგორც საკვების, ისე ტანსაცმლის ფასები უფრო მაღალია, თუმცა ახლა თითქმის რუსეთის მსგავსია. გასაკვირი არ არის, რომ ხანდაზმულები აქ უკრაინული პენსიის მისაღებად ჩამოდიან.

„რუსული სამყარო“ კარგი სლოგანია, თუმცა როცა ფული ელევათ მაშინ უკრაინა ახსენდებათ, რომელიც ოფიციალურად  „დსრ“-ს და“ ლსრ“-ს მოსახლეობას საკუთარ მოქალაქეებად აღიარებს. სხვათაშორის, დონეცკის მრავალი მცხოვრები იღებს მაღაროელის პენსიას, რომლის ოდენობა დაახლოებით 5,000-6,000 უკრაინული გრივნაა და რამდენჯერმე აღემატება იმ პენსიას, რომელსაც  ტერნოპოლელი ან დნიპროელი ბებია იღებს. ეს რაღაც პარადოქსია…

მოვიდა დრო და გავეშურო ანონიმური დისიდენტი ქალის ნათესავისკენ. მას შარფი უკეთია და მიკროავტობუსში ზის.

– დღე მშვიდობისა, როგორ ცხოვრობთ „დსრ“-ში?

– მშვენივრად…

– რატომ იღებთ უკრაინულ პენსიას [მაშინ]?

– მერე რა? არ მაქვს უფლება?! ჩვენ უკრაინისთვის წლების მანძილზე ვმუშაობდით. და მათ დაიწყეს ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ!

– რას აკეთებენ რუსეთის ჯარები უკრაინაში? და საიდან მიიღეს მებრძლოებმა იარაღი?

– ვერავის ვხედავ. არავის დაუწყია ბრძოლა.

– ანუ, თქვენ არავინ გინახავთ? – ვეკითხები მე.

მცირე პაუზის შემდეგ ქალი ამბობს:

– რატომ გადასცეს დონეცკი? რატომ დნიპრო ან ხარკოვი არ ჩაბარდა? თქვენ გადაეცით დონეცკი.

ორ პენსიონერთან დიალოგის შემდეგ „დსრ“-ელ ახალგაზრდასთან გასაუბრება გადავწყვიტე. მიკროავტობუსთან ახლოს იდგა ახალგაზრდა ბიჭი ჯინსებში, კეპით და სიგარეტს უკიდებდა.

– საერთოდ არ გვჭირდება ეს „დსრ“.  რა შეიძლება იქ ვაკეთოთ? ვის სჭირდება იქ ჩემი დიპლომი? მე არ მინდა იქ ცხოვრება. რამდენჯერმე პოლონეთში ვიყავი და ახლა ევროპაში წასვლა მინდა. პროფესიით იურისტი ვარ, თუმცა იქ რას გავაკეთებ? იქ სამუშაო არ არის, საშუალო ხელფასი 2,500-3,000 რუსული რუბლია ($51). ყველა ჩემი მეგობარი უკრაინის მხარეს არის. ამ კლოუნების მთავრობას ალბათ მხარს უჭერენ ზომბირებული პენსიონრები, რომლებსაც ლენინზე ამოსდით მზე და მთვარე. იცით, ვინ იყო ზახარჩენკო წარსულში? (ზახარჩენკო „დსრ“-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეა). იგი ქათმებით ვაჭრობდა. ყველა ელოდება, როდის შემოვა უკრაინა და დაიბრუნებს ამ ტერიტორიას. მე უკრაინული პასპორტი მაქვს და არ მინდა შეცვლა. ჩემი ნათესავები რომ არა, დონეცკში არც წავიდოდი.

– რატომ არ გამოდიხართ და აპროტესტებთ?

– ხალხს ეშინია. გორლოვკაში, როცა პროტესტის გამოხატვა დააპირეს, სამხედროებმა ჰაერში გაისროლეს.

– ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსვლა შეუძლებელია…

ჩემდა გასაკვირად „დსრ“-ის ბევრი მხარდამჭერი ვერ აღმოვაჩინე. თუმცა, მათაც კი, ვისაც უკრაინასთან დაბრუნება სურთ, ეშინიათ უკრაინის სამხედროების, ვინაიდან იციან, რომ დონეცკში მათი შესვლა ქალაქის გარდაუვალ განადგურებას გამოიწვევს. სხვებს ეშინიათ, რომ უკრაინული მხარე ლინჩის წესით გაასამართლებს მათ.

„ისინი აქ იყვნენ, ის ბოევიკები, ლოთები და მაწანწალები, მათ გადასცეს იარაღი. ადამიანებს მათთვის საკვები მიჰქონდათ“ – ამბობს ქალი უკრაინის მიერ კონტროლირებული სოფლიდან. „ეს ბოევიკები გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ფული უკრაინის ხაზინაში კი არ წავიდოდა, არამედ დონეცკის ბიუჯეტში დარჩებოდა, რომ ისინი უბრალოდ ფედერალიზმს ემხრობოდნენ. მაშინ ჩვენ მათ მხარი დავუჭირეთ, თუმცა მერე გავაცნობიერეთ, რომ გაგვაცურეს და ახლა კი ომია…“

„არავის უკითხავს ჩვენთვის აზრი „დსრ“-ს შექმნის დროს და ახლა გვკითხავენ რამეს თუ კიდევ შემოვლენ?! ჩვენი აზრი არავის აინტერესებს… არავის ვჭირდებით, არავის ვეცოდებით, მათ შორის არც უკრაინას. დღეს არავის აქვს ჩვენს მიმართ სიმპათია“ – მეუბნება სვეტლანა, კონსტანტინოვკას მახლობლად მდებარე სოფელ ზალიჟნედან. „როგორ ფიქრობთ, ჩვენ არაფერი გვესმის? მე მართლმადიდებლურ ეკლესიაში ვმუშაობ. ჩვენი მღვდელი გამშვებ პუნქტზე დადის ხოლმე და მან მითხრა, რომ მეორე მხარეს დაინახა სამხედრო პირები რუსეთის სამხრეებით და დიდ ასოებიანი რუსული წარწერებით…“ ქალი დაფიქრდა და დაამატა -„თუმცა, მე ვერ ვიხსენებ წარწერას… მაგრამ აქაც, კონსტანტინოვკაში, ფიქრობთ რომ ისინი [სეპარატისტები] მხარდაჭერით არ სარგებლობენ? ფიქრობთ, რომ მხოლოდ ცოტა ადამიანი უჭერს მათ მხარს? ეჰ, ამას უბრალოდ არავინ გეტყვით…“



რუსების თვალსაზრისი

ყველა ოკუპირებული ტერიტორია, რომლებზეც დავწერე, სხვადასხვა სახით რუსეთის ფედერაციის მთავრობამ შექმნა. საკუთარი სამშობლოს იმპერიული წარსულის შეჩერება ისევ რუსებს შეუძლიათ, მით უმეტეს, რომ მალე საპრეზიდენტო არჩევნებია.

აფხაზეთის საზღვარზე, რუს ქალბატონს ვხვდები თავის მეგობართან ერთად, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს და აფხაზეთში პირადი საქმეების მოსაგვარებლად ჩამოდის. გადავწყვიტე, მეკითხა მათთვის, რას ფიქრობენ ახლა პუტინსა და რუსეთის პოლიტიკაზე.



– სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, დნესტრისპირეთი, „დსრ“… ყველგან რუსული კვალია. ემხრობით რუსეთის ასეთ აგრესიულ პოლიტიკას?

– როგორ გითხრათ, რუსეთში ვცხოვრობ, რუსეთის მოქალაქე ვარ და სხვა გზა არ მაქვს, ხელისუფლებას მხარი უნდა დავუჭირო… თქვენ უკრაინაში ცხოვრობთ, როგორ ფიქრობთ, თქვენი ხელისუფლება ყველაფერს სწორად აკეთებს?

– ყოველთვის არა….

– მაგრამ თქვენ არ მონაწილეობთ დემონსტრაციებში?

– ვმონაწილეობთ.

– იცით, როდესაც ადამიანს ოჯახი ჰყავს, ბავშვები, თავს ვერ აძლევს უფლებას, ისე მოიქცეს, როგორც სურს….

– იგი მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, ასევე პასუხისმგებელია ბავშვებზე – საუბარში ჩაერთო მამაკაცი.

– მე, თავად ვნახე როგორ დაიწყო ეს კონფლიქტი [აფხაზეთში]. რუსები თავიდანვე იქ იყვნენ და მათ დაიწყეს ომი.

– თუმცა მაინც ისევ პუტინს უჭერთ მხარს?

– ვერ ვიტყვით, რომ პუტინს ვუჭერთ მხარს – ამბობს მამაკაცი.

ქალი, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტს საუბარში ჩაერთოს:

„რუსეთი დიდი ქვეყანაა და სხვა არაფერი დარჩენია, ამგვარ კონფლიქტებში მონაწილეობის გარდა. მაგრამ, მე საბჭოთა კავშირის თაობას ვეკუთვნი. ამ კონფლიქტებს ვერ დავუჭერ მხარს, ვინაიდან მე მეგობრობას ვემხრობი. ეს კონფლიქტები ყველა ჩვენგანზე აისახება. მათ შორისაა ჩვენს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და მზარდი ფასები. ხალხს სანქტ-პეტერბურგშიც უჭირს. რასაკვირველია, არსებობენ პუტინის ფანებიც, მაგრამ ხალხის უმეტესობას მისი ეშინია. ამას გეტყვით: განწყობა არის 50/50-ზე“.

როგორ ფიქრობთ, რუსები შეძლებენ შიშის დაძლევას? ამაზე პასუხს საპრეზიდენტო არჩევნებზე გავიგებთ, 2018 წლის 18 მარტს…