უკრაინა, საქართველო და მოლდოვა – სამი მეზობელი ქვეყანა, რომლებიც ერთმანეთისგან გამოირჩევიან მკვეთრად დამახასიათებელი ტრადიციებით და კულტურით, სხვადასხვა ტერიტორიებით და მოსახლეობით და რომელთაც ერთი რამ აქვთ საერთო: ღვინის ისტორია. რასაკვირველია, სამივეს ისტორია განსაკუთრებულია. ამ ქვეყნებმა ვენახები და მიწები საუკუნეების მანძილზე შემოინახეს. რა თქმა უნდა, გამოიარეს ომები. გლეხები კარგავდნენ მიწებს, მათ შორის ვენახებს და მაინც, ამ ტერიტორიებზე ღვინის წარმოების ტრადიცია არ გამქრალა.



უკრაინა

კითხვაზე, თუ რომელი ალკოჰოლური სასმელია უკრაინაში ტრადიციული, პირველი რაც გვაფიქრდება არის თაფლუჭი, ნაყენები და შინნახადი არაყი და მხოლოდ უკრაინული სიმღერების გახსენების შემდგეგ ვაცნობიერებთ, რომ არის კიდევ ერთი, უსამართლოდ მივიწყებული სასმელი – ღვინო. ეს იმით არის განპირობებული, რომ უკრაინა არ ასოცირდება მასთან. და ეს დასანანია. მართალია, არ გვაქვს საფრანგეთის ან ესპანეთის მსგავსი ვენახები და ჯერ კიდევ შორს ვართ ჩილეს ან არგენტინის მასშტაბებიდან, მაგრამ უკრაინა გამოირჩევა თავისი მიმზიდველი შტრიხებით და შეუძლია იამაყოს სასმელების უნიკალური არომატებით.

ზოგს შესაძლოა მიაჩნდეს, რომ მსოფლიოში განთქმული სახეობები, რომლებიც ღვინის მწარმოებელ ცნობილ ქვეყნებში მოჰყავთ, უკრაინაში აკლიმატიზებული არ არის. თუმცა, ექსპერტები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. როგორც ჩანს, ყირიმის და ოდესის რეგიონის კლიმატური პირობები უნიკალურია ყველა სახეობისათვის, ვინაიდან მიწა, ტენიანობა და მზე, აქაურ ღვინოს  განსაკუთრებულ და უნიკალურ გემოს სძენს. აქ, საუკუნეების განმავლობაში მოჰყავთ ვაზის ყველაზე ცნობილი სახეობები. ექსპერტების თქმით, უკრაინაში გაშენებული ევროპულ-აზიური ჯიშის ყურძენები დაყოფილია სამ ეკოლოგიურ და გეოგრაფიულ ჯგუფად: დასავლეთ ევროპული სახეობები (ალიგოტი, პინო, რისლინგი, ტრამინერი, კაბერნე სევინიონი, მურვერდე, მერლოტი), შავი ზღვის აუზის სახეობები (რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ცოლიკოური, ალექსანდროული, პლავაი, ფურმინტი) და აღმოსავლური სახეობები (ტერბაში, კარა უზუმი, ბაიან შირეი, თავკვერი, ჰუსაინი, ტაურუსი, მუსკატი და ქიშმიში). ყველა ეს სახეობა, ძირითადად ქვეყანაში მე-19 და მე-20 საუკუნეებში შემოიტანეს; ზოგი მათგანი კარგად შეეგუა გარემოს, სხვების შემთხვევაში კი ჩანაცვლება გახდა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ უკრაინული ღვინის ისტორია მე-19 საუკუნემდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ლეგენდის მიხედვით, მსოფლიოს ღვინის დამზადება ქართველებმა ასწავლეს და შემდეგ იყვნენ ბერძნები. ბერძნებმა, თავის მხრივ იტალიელებს, მათ კი ფრანგებს გადასცეს ეს ცოდნა. ტექნოლოგია ომების და მიგრაციის შედეგად გავრცელდა.  არქეოლოგიური აღმოჩენებისა და გადმოცემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ღვინო ყირიმში ბერძნებმა შეიტანეს და მათვე ადგილობრივ მოსახლეობას ღვინის დამზადება ასწავლეს. ამდენად, ნახევარკუნძულზე ღვინის წარმოება 2,000 წელზე მეტს ითვლის. უკრაინაში გავრცელებული ვაზის მრავალი ჯიში საბერძნეთიდან, ელადას სანაპიროებზე მოშენებული ვენახებიდან არის შემოტანილი.

ყირიმი, ტავრიის ხერსონის ნანგრევები. ფოტო: დმიტრი ა. მოთლი.

ყირიმში, ბერძნული კოლონიები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში შეიქმნა. სწორედ მაშინდელ ქალაქებს შეიძლება დავუკავშიროთ უკრაინული სახეობების სახელების წარმოშობა: კეფესია, ეკიმ კარა, სარი პანდასი, კოკ პანდასი, კოკოური. ყირიმში, ღვინოს  არა მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის, არამედ ვაჭრობის მიზნითაც ამზადებდნენ. 1794 წელს, ტავრიის ხერსონის ნანგრევებთან, ცნობილმა ჰოლანდიელმა ანთროპოლოგმა ეჟენ დიუბუამ ქვაზე აღმოაჩინა წარწერა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნით თარიღდება; წარწერის ტექსტი  ადგილობრივი მოღვაწის, აგასიკლეტას მიღწევებზე მოგვითხრობს. კერძოდ, აღნიშნულია: „ხალხმა ეს ძეგლი მიუძღვნა აგასიკლეტას, რომელმაც წვლილი შეიტანა ღვინის განვითარებასა და სოფლებში ღვინით ვაჭრობის დამკვიდრებაში“.

ეჟენ დიუბუა



იმ პერიოდში ღვინო მდინარეებად მოედინებოდა ყირიმში. ამ სასმელს მიირთმევდნენ არა მხოლოდ წვეულებებსა და ნადიმებზე, არამედ სამკურნალო დანიშნულებითაც. ბერძნებმა, ღვინის მოყვანის და წარმოების საკუთარი გამოცდილება  ადგილობრივებს გაუზიარეს  და შეეცადნენ მისი მოხმარების კულტურაც დაენერგათ. სავარაუდოდ, ამ მცდელობამ არ გაამართლა. დღემდე შემორჩა გამონათქვამი „სკვითივით სმა“, რაც ნიშნავს დიდი დოზით, წყალში გაუზავებელი ღვინის მირთმევას. ნახევარკუნძულზე, ღვინის წარმოების ეს ოქროს ხანა წარსულს ჩაბარდა.

მევენახეობა ვითარდებოდა მას შემდეგაც რაც ბერძნული კოლონიები რომის იმპერიის ნაწილი გახდა. მეოთხე საუკუნეში, მომთაბარე ტომების შემოსევებისას, გლეხებს ხშირად უნადგურდებოდათ ვენახები და ყველაფრის თავიდან დაწყება უწევდათ. ყირიმის ნახევარკუნძულზე ჰუნების ურიცხვი შემოსევების, ოსტგუთების გამუდმებული ლაშქრობებისა და მათთან ომების შედეგად მიწასთან გასწორდა  უძველესი ქალაქები. მე-7 საუკუნეში, ხაზართა იმპერიასთან შეერთების შემდეგ, მევენახეობის დარგს  საფრთხე არ შექმნია, თუმცა არც განვითარებულა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ხაზარების წყალობით დაიწყო ყირიმულმა ღვინომ მსოფლიოში გზის გაკვალვა.

დადასტურებული ფაქტია, რომ ამფორებში, ბერძნული ტრადიციების მიხედვით შენახული ღვინო, გადაჰქონდათ მომთაბარე ხაზარებთან, აღმოსავლეთ ევროპის შორეული ტყე-სტეპების სოფლებში და ვოლგის რეგიონის ტყეებში, სადაც მას ცვლიდნენ პირუტყვში, თაფლსა და ბეწვში. ზავის ნიშნად, ხაზარებმა ყირიმელებს ღვინო გადასცეს, როგორც ყველაზე ღირებული საჩუქარი. თუმცა როცა ყირიმის სახანო ოფიციალურად ოსმალეთის გახდა, მევენახეობა მიივიწყეს. საბედნიეროდ, ოსმაელებმა არ გაანადგურეს ვენახები, რომლებსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ათწლეულების მანძილზე აშენებდნენ და უვლიდნენ.

ყირიმული ღვინის ისტორია, ბესარაბიული ღვინის ისტორიის მსგავსად, მე-19 საუკუნის დასაწყისში თავიდან აღზევდა. სწორედ ამ პერიოდში რუსეთის იმპერიამ სამხრეთ უკრაინის კოლონიზაცია გაააქტიურა.  ცნობილი მეღვინის, უფლისწულ ლევ გოლიცინის ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ, რომ იმპერატორის ჩინოვნიკებმა სპეციალური კომისიები შექმნეს, რომლებიც ყირიმსა და ბესარაბიაში შეისწავლიდნენ ვაზის ჯიშებს, კლიმატურ პირობებს და ნიადაგის ხარისხს.

უფლისწული ლევ გოლიცინი

ვისაც ყირიმში გადასვლა და მევენახეობის წამოწყება სურდა, მეფის ბრძანებულების შესაბამისად, დიდ მამულებს და მიწას იღებდა. უკრაინაში, მე-19 საუკუნის დასაწყისში, დაახლოებით 8500 ჰექტარზე ვენახი იყო გაშენებული, რომლებიც ძირითადად მემამულეებს და მეწარმეებს ეკუთვნოდათ. გასაკვირი არაა, რომ სწორედ მაშინ აღმოაჩინეს მეცნიერებმა, რომ უკრაინის ნიადაგი უნიკალური იყო ვენახის გასაშენებლად, როგორც ნახევარკუნძულზე, ასევე ოდესის და ხერსონის ოლქებში.

უდავოა, რომ გოლიცინის და ტრუბეცკოის ეპოქაში, უკრაინული ღვინისთვის ოქროს ხანა დადგა. პირველმა მსოფლიო ომმა ყველაფერი შეცვალა. ამ ომმა მოიტანა საშინელი ნგრევა, რასაც მოგვიანებით ბოლშევიკური ოკუპაცია მოჰყვა. სწორედ ამ დროს მასობრივად განადგურდა ვენახები. 1919 წლისთვის, უკრაინაში (ყირიმის ჩათვლით) ვენახი მხოლოდ 13,000 ჰექტარზე შენარჩუნდა. კარპატებში, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დარჩენილი ვენახი 3,000 ჰექტარზე ნაკლებ ფართობზე შემორჩა; 1920-1930 წლებში ვაზით დაფარული ტერიტორია  4,500 ჰექტარამდე გაიზარდა და წლის მოსავალმა სულ 20,000-30,000 ტონა ყურძენი შეადგინა. მეორე მსოფლიო ომის დროს კიდევ უფრო მეტი ვენახი განადგურდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურებული ყირიმი

ამის შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირში სიტუაცია დალაგდა და დასტაბილურდა და მას შემდეგ, რაც ღვინო მასობრივ სასმელად გადაქცევის გამო მისი ხარისხი და წარმომავლობა აღარავის აინტერესებდა, 1985 წლის 18 მაისს ქვეყანამ მიიღო ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გადაწყვეტილება. ებრძოდნენ არა მიზეზებს, არამედ კრძალავდნენ უშულოდ ალკოჰოლის გაყიდვას. მოგვიანებით, მიხეილ გორბაჩოვის გადაწყვეტილებით, რომელიც სსრკ-ს ერთადერთი და ბოლო პრეზიდენტი იყო, ყირიმისა და ოდესის რეგიონში ვენახები გაიჩეხა უზარმაზად ფართობზე – დაახლოებით 60,000 ჰექტარზე. მაშინ მხოლოდ ცალკეული მეურნეობები გადაურჩა განადგურებას, რომელთა შორის აღმოჩნდა ცნობილი „მასანდრას მეღვინეობა“ ყირიმში.

მიხეილ გორბაჩოვი

შემდეგ დაიწყო რთული 90-იანი წლები; დრო, როცა ყველა გადარჩენაზე ზრუნავდა და აღარავის ახსოვდა კარგი ღვინო. დახლებზე გამოჩნდა  ოჯახში დამზადებული ღვინო, ეგრეთ წოდებული „შმურდიაკი“, საეჭვო ხარისხითა და წარმომავლობით, რომელიც ერთი ლიტრი სულ რაღაც 3 კარბოვანცი ღირდა.

დროთა განმავლობაში, უკრაინული ღვინის ხარისხი გაუმჯობესდა. ექსპერტების თქმით, უკრაინაში ღვინის მოხმარების კულტურაზე საუბარი სულ ახლახან, 10-15 წლის წინ დაიწყო და ფაქტობრივად, სწორედ ამ პერიოდში ნახევრად ტკბილი ღვინოები მშრალი სასმელით ჩანაცვლდა.

ცოტა ხანში ქვეყანას კვლავ უბედურება დაატყდა თავს. 2014 წელს  ყირიმის ანექსია მოხდა.

იმ პერიოდში, მოხერხდა ზოგიერთი ქარხნის  უკრაინის ცენტრალურ რეგიონებში გადმოტანა, თუმცა ვენახები  ყირიმში დარჩა. ნახევარკუნძულის ანექსიის შედეგად უკრაინამ მისი ვენახების ნახევარი დაკარგა. და სულ ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა გადაწყვიტა გაყიდოს „ნოვი სვიტ“ (Novyi Svit), უკრაინის უძველესი მეღვინეობა და მამული, რომელიც პრინცმა ლევ გოლიცინმა 1878 წელს დააფუძნა.

უფლისწულ ლევ გოლიცინის ძეგლი „ნოვი სვიტის“ ქარხნის შესასვლელთან

ყირიმის დაპყრობით უკრაინამ  ერთდროულად დაკარგა როგორც წმინდა მოგება, ასევე გასაღების მომგებიანი ბაზარი – რუსეთი. მაგალითად, მაშინ როცა ყირიმის ანექსიამდე, უკრაინას წარმოებული ღვინის თითქმის 60% რუსეთში გაჰქონდა, ამჟამად ექსპორტის მაჩვენებელი ნახევარ პროცენტს ძლივს აღწევს. აღმოსავლეთის ბაზარი ხელსაყრელი იყო, რადგან ეს ბაზარი არ გამოირჩეოდა დიდი მოთხოვნებით და ფასიც მიმზიდველი იყო. თუმცა, უკრაინული ღვინის ევროპაში გასატანად და ამ ბაზრის ასათვისებლად საჭირო გახდა ცვლილებების განხორციელება სასმელის ხარისხსა და საწარმოო მიდგომებში. მევენახეობის დარგის ექსპერტების

აზრით, პირველ რიგში, უკრაინაში უნდა გაიზარდოს ვენახების ფართობი. სოფლის მეურნეობის დარგებიდან, მარცვლეული კულტურების წარმოებასათან შედარებით, მევენახეობა გაცილებით მომგებიანი და ხელსაყრელია. მაგალითად, ვენახის ერთი ჰექტარი 14-ჯერ მეტ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს, ვიდრე მარცვლეული კულტურების იგივე ერთი ჰექტარი. თუმცა, საჭიროა არა მასობრივი წარმოების, არამედ მცირე შატოების მხარდაჭერა, რათა განვითარდეს ეგრეთ წოდებული „ტერუარის მეღვინეობები“. ასე შეიქმნება მაქსიმალურად ბევრი ექსკლუზიური ღვინო, რომლებიც საზღვარგარეთ დიდად ფასობს და რომლითაც შესაძლებელია  მსოფლიო ბაზარზე ღირსეული კონკურენციის გაწევა.

უდავოა, რომ ამის შესახებ იციან უკრაინის აგრარული პოლიტიკის სამინისტროში, თუმცა აღსანიშნავია, რომ სურვილებისა და იდეების გარდა, საჭიროა უკრაინელი პარლამენტარების მხარდაჭერა. უპირველეს ყოვლისა, აქ იგულისხმება აღნიშნული მცირე საწარმოებისთვის გადასახადების შემცირება. ისინი განმარტავენ: მსხვილი საწარმოები ყოველ ბოთლზე 50 კაპიკს (0.02 აშშ დოლარი) იხდიან. ასეთი ქარხნებისათვის ეს მცირე თანხაა, ხოლო  „ტერუარის მეღვინეობის“ მფლობელებისთვის, რომელთა წარმოების მოცულობა გაცილებით ნაკლებია, თითოეულ ბოთლზე წელიწადში 50 გრივნის (1.9 აშშ დოლარი) გადახდა საკმაოდ დიდი ფულია.

ამდენად, „ტერუარის მეღვინეობების“ შესაქმნელად, პირველ რიგში აუცილებელია კანონმდებლობის დახვეწა და შეცვლა. კანონპროექტი, რომელიც უკრაინელ ღვინის მწარმოებლებს უფრო ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის, მინისტრთა კაბინეტმა უკვე დაამტკიცა, პარლამენტში დარეგისტრირდა და ამჟამად განხილვის ეტაპზეა. კანონპროექტის ავტორები ვერ იძლევიან გარანტიას,  რომ კანონი სწრაფად და დაუბრკოლებლად დამტკიცდება. თუ კანონს მიიღებენ, უკრაინას ექნება შანსი, გაზარდოს საოჯახო მეღვინეობების რაოდენობა, რომლებიც ამ დროისთვის უკრაინაში სულ 4-ია, მაშინ როდესაც საფრანგეთში 40,000-ია.

უკრაინაში, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების შემაფერხებელი კიდევ ერთი პრობლემა, პროდუქციის არასათანადო რეკლამირებაა. მაგალითად, გასულ წელს უკრაინამ  100 მილიონი ლიტრი ღვინო აწარმოა, რომელთაგან მხოლოდ 4% გავიდა ექსპორტზე. ეს დასანანი მაგალითი მწარმოებლების მიერ განცდილ ზარალზე მეტყველებს. ის ფაქტი, რომ უკრაინული ღვინო მსოფლიოში პოპულარული არაა, გამოწვეულია არა პროდუქციის ხარისხით, არამედ ცნობადობის ნაკლებობით. საზღვარგარეთ არეკლამებენ უკრაინულ არაყს და სასმელებს, ღვინოს კი უყურადღებოდ ტოვებენ. დასავლეთ ევროპასა და მეზობელ ქვეყნებში რიგითი მომხმარებლები არ იცნობენ უკრაინულ ღვინოებს, თუმცა პროფესიონალი მეღვინეები ოდნავ უკეთ არიან ინფორმირებულნი. ძალიან უკვირთ, თუ რატომ არ ხარჯავენ ფულს ღვინის ქარხნები ან ცალკეული ბრენდები საკუთარ პროდუქციის რეკლამის განსათავსებლად.პასუხი აშკარაა – ძვირი ფასი.

უკრაინელი ღვინის მწარმოებლები პრაქტიკულად არ იღებენ დახმარებას სახელმწიფოსგან, ყველა ხარჯი და რისკი საწარმოების საზრუნავია. იმისათვის, რომ უკრაინაში მევენახეობა ისევე განვითარდეს, როგორც ღვინის მწარმოებელ სხვა ქვეყნებში ხდება, საჭიროა სულ მცირე სააგენტოს შექმნა; მაგალითად, როგორც საქართველოში, სადაც სამხრეთ ოსეთის ანექსიისა და რუსეთის მხრიდან ემბარგოს დაწესების შემდეგ, ღვინის პოპულარიზაცია სახელისუფლებო დონეზე ავიდა და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორცილდება. ბიზნესებისა და სახელმწიფო დაწესებულებების ერთობლივი მუშაობის წყალობით, ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ მცირე დროში გავიდა, სულ რაღაც 5-7 წელიწადში.

საქართველო

საქართველო ღვინის აკვანია. ეს არათუ პათოსია, არამედ სამეცნიერო კვლევების დასკვნაა. გასულ წელს, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თასი და თიხის ჭურჭლის ნარჩენები, რომელშიც ღვინო ინახებოდა. კვლევების მიხედვით, ეს ჭურჭელი 8,000 წელზე მეტი ხნისაა. ეს არის ღვინის წარმოების დამადასტურებელი უძველესი მასალა, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ. და ამაში კიდევ უფრო დარწმუნდებით, თუ თანამედროვე საქართველოს ერთხელ მაინც ეწვევით; აქ, გადაჭარბების გარეშე, ქვეყნის თითქმის ყოველ მაცხოვრებელს შეუძლია  ოჯახში ღვინის დამზადება.  შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ტრადიცია, რომელიც ქართველებს გენში აქვთ და რომელიც საუკუნეების მანძილზე  მომავალ თაობებს შემოუნახეს.



საქართველო, როგორც სახელმწიფო, იმ ტერიტორიებზე სადაც ამჟამადაა განთავსებული, ჯერ კიდევ მეფე ფარნავაზის პერიოდში, ქრისტეშობამდე 300 წელს ჩამოყალიბდა. სწორედ ფარნავაზმა, ერთ სამეფოდ გააერთიანა ყველა მცირე სამთავრო. იბერიის (ქართლის) სამეფოს დიდი ნაწილი მდინარე მტკვრის აუზზე მდებარეობდა. ახლა ქართლი ადმინისტრაციულ რეგიონს წარმოადგენს, რომელიც გორისა და მუხრანის დაბლობებზე მდებარეობს. აქ კლიმატი ზომიერია, ზამთარი თბილია, ზაფხული კი ცხელი და მშრალი; უნდა აღინიშნოს, რომ ატმოსფერული ნალექი ძალიან მწირია. ამის მიუხედავად, რეგიონი ყველაზე შესაფერისი ადგილია სუფრის ყურძნის მოსაყვანად.

ქართლში აწარმოებენ ნედლეულს ცქრიალა ღვინისათვის და ყურძნის არყისთვის. რეგიონში ამჟამად აღარაა ღვინის ქარხნები, თუმცა არის ბევრი “ტერუარის მეღვინეობა”, რომლებსაც საფრანგეთის ყველაზე ცნობილ საწარმოებთან კონკურენცია შეუძლიათ და რომელთა შორის ერთ-ერთი უძველია „შატო მუხრანი“.

ქართლი და საქართველოს მთლიანი ტერიტორია  მეზობელი სახელმწიფოებისთვის ყოველთვის გემრიელი ლუკმა იყო. ცნობილ „აბრეშუმის გზაზე“ მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში ხშირი იყო ომები. 735 წელს, თბილისი დაიპყრო ცნობილმა არაბმა მეთაურმა და მოგვიანებით ხალიფა მურვან იბნ მუჰამადმა, იგივე მურვან ყრუმ. თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე თბილისის საემირო შეიქმნა. თავისუფლებადაკარგულმა საქართველომ მტრის უღელქვეშ 386 წელი გაატარა, ქვეყანაში განადგურდა ათეულობით ჰექტარი ვენახი, ვინაიდან მუსულმანებისათვის უცხო იყო მევენახეობის ტრადიცია.

ხალიფა მურვან იბნ მუჰამადი

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ მურვან იბნ მუჰამადმა ვენახების გაჩეხვის განკარგულება გასცა, რათა ქართველ მეომრებს არ შეძლებოდათ ღვინის სმა და მგლებად გადაქცევა. საქართველოში არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვით, ბრძოლამდე მეომრებს ღვინოს უსხამდნენ, რათა ისინი სიმამაცით და სიძლიერით აღვსილიყვნენ და მგლებივით უშიშრები გამხდარიყვნენ.

მხოლოდ მე-11 საუკუნეში, სამეფო ტახტზე მეფე დავით აღმაშენებლის ასვლის და დამოუკიდებელი საქართველოს აღდგენის შემდეგ გლეხებმა დაიწყეს ვენახების იმ მასშტაბით გაშენება, რომელიც თბილისის საემირომდე არსებობდა. დავითის მეფობის პერიოდში საქართველოს ტერიტორია გაფართოვდა. ამდენად, 1104 წელს, მან  კახეთის სამეფო დაიპყრო და  იგი საკუთარ სამეფოს შეუერთა. ეს მიწები ნაყოფიერი აღმოჩნდა ღვინის წარმოებისათვის; დღესაც კი ყურძნის მთლიანი წარმოების 2/3 კახეთზე მოდის. საზოგადოდ, კავკასიის გორაკები სახელგანთქმულია უნიკალური კლიმატითა და ნიადაგით. სწორედ აქ მოდის მსოფლიოში ცნობილი ჯიშის ყურძენი – საფერავი. ადგილობრივების თქმით, ამ ღვინოს სამკურნალო თვისებებიც  აქვს. ამ რეგიონში ხანდაზმულ ასაკს მიღწეული პირები აცხადებენ, რომ მათი დღეგრძელობა საფერავის დამსახურებაა.

საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელი – ფრაგმენტი გელათის მონასტრის ფრესკიდან.

სწორედ კახეთში მზადდება ღვინო უძველესი მეთოდით. აქ, ყურძენს სპეციალურ საწნახელში ფეხით წურავენ და ყურძნის წვენს კონტეინერში ათავსებენ. ქვევრი არის კვერცხის ფორმის სპეციალური თიხის ჭურჭელი, რომელიც  უძველესი ტექნოლოგიით მზადდება. ქვევრის დასამზადებლად  სპეციალურ თიხას იყენებენ, რომელსაც მთის საბადოებში მოიპოვებენ – ის მდიდარია ოქროთი, სასარგებლო ფერადი ლითონებით, მინერალებითა და კირით. კირი, ღვინოსთან რეაქციის შედეგად,  ქვევრის კედლებს ამაგრებს და ანტისეპტიკურ ფუნქციას ასრულებს. ჭურჭელი  ნიადაგში თავსდება. ქვევრში ჩასხმული ღვინის დადუღება 3-4 თვე გრძელდება. ფერმენტაციის პერიოდში, მეღვინეები მასას ოთხ საათში ერთხელ ურევენ. რაც შეეხება გემოსა და ორგანოლეპტურ თვისებებს, ღვინო უნიკალურია. ქართული ღვინის დამზადების ტრადიცია ცოტა ხნის წინ იუნესკომ აღიარა, როგორც მნიშვნელოვანი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა.

უნდა ითქვას, რომ კახეთში ეს საქმიანობა ყოველთვის არ ყვაოდა. ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები, საუკუნეების მანძილზე დამპყრობლებისგან თავს იცავდნენ. კახეთი, მე-15 საუკუნის დასაწყისიდან მე-18 საუკუნის შუა პერიოდამდე, ირანელი და თურქი დამპყრობლების მხრიდან გამუდმებული შემოსევების სარბიელი იყო. მუსულმანების ტრადიციის გათვალისწინებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ვენახები, ისევე როგორც ღვინო, ხელუხლებელი ვერ დარჩებოდა.

ლეგენდის მიხედვით, ერთ-ერთი ასეთი შემოსევისას დამპყრობლებმა ვენახები სულ გაანდგურეს და მინდვრები გადაწვეს. ამ დროს, მწუხარებისგან ატირებულმა გლეხმა თავის მინდორზე იმდენი ცრემლი ღვარა, რომ მიწიდან ვაზი თავიდან აღმოცენდა და აღზევდა.

ზოგადად, მევენახეობა საქართველოს მეტ-ნაკლებად ყველა რეგიონშია გავრცელებული. ღვინის წარმოების მიხედვით, მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი იმერეთია და მისი ადმინისტრაციული ცენტრია – ქუთაისი. ამ რეგიონზე მოდის, საქართველოში წარმოებული ცქრიალა ღვინის 80%. მევენახეობისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია შავი ზღვის სანაპიროს გეოგრაფიული ტერიტორია – აჭარა, გურია, სამეგრელო და აფხაზეთი. ყველა ეს რეგიონი ტენიან სუბტროპიკულ კლიმატის ზონაში, ზღვის დონიდან 500 მეტრზე მაღლა მდებარეობს. სწორედ აქ დაიბადა ოჯალეში, ყველაზე ცნობილი ღვინის სახეობა სამეგრელოდან, რომელიც ხარისხისა და გემოს მიხედვით, შეიძლება ბურგუნდიულ ღვინოებს შევადაროთ. აფხაზეთში ღვინოს 1992 წლამდე აწარმოებდნენ. რუსეთის ფედერაციის მიერ მისი ანექსირების და ამ ტერიტორიაზე თვითგამოცხადებული და თვითაღიარებული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, ქართული ღვინის წარმოება აფხაზეთში შეწყდა. აფხაზეთში მზადდებოდა ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები ავასირხავას, კაჩიჩის და ჩხავერის ჯიშებიდან.

1992-1993 წლებში აფხაზეთის დაკარგვის გარდა, საქართველომ 2008 წელს სამხრეთ ოსეთის მნიშვნელოვანი ნაწილიც დაკარგა. ამ ტერიტორიაზე (სამხრეთ ოსეთში) რუსეთის შეჭრის შედეგად თვითგამოცხადებული რესპუბლიკა შეიქმნა. ამ მიწებზე ვენახები იყო გაშენებული. 2008 წლის ომს წინ უძღოდა ეკონომიკური კონფლიქტი. მაგალითად, 2006 წელს რუსეთმა საქართველოს ღვინოზე  ემბარგო დააწესა. ემბარგოს შედეგად, საქართველომ  ღვინის ყველაზე დიდი ბაზარი დაკარგა, რადგან მოსავლის თითქმის 80% რუსეთში ექსპორტზე გადიოდა. რასაკვირველია, ამან ძლიერი დარტყმა მიაყენა ამიერკავკასიის ამ პატარა ქვეყნის ეკონომიკას. თუმცა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში გატარდა რეფორმები, შეიცვალა კანონმდებლობა და გაუმჯობესდა ღვინის ხარისხი.

საქართველოში შეიქმნა „ღვინის ეროვნული სააგენტო“, რომელსაც მოჰყვა სადეგუსტაციო კომისიის შექმნა, სადაც პროდუქციის ხარისხი კონტროლდება. ერთ პატარა ოთახში, საფრანგეთსა და ესპანეთში გადამზადებული ექსპერტები, ანონიმურად იკვლევენ სხვადასხვა ღვინოების საგემოვნო თვისებებს.

ეს კომისია დღესაც მოქმედებს. იგი მდებარეობს თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, სადაც ქვეყანაში არსებული ღვინის ყველა ნიმუში იგზავნება. თუ ღვინის გემო და გარეგნული მახასიათებლები  აუცილებელ ინდიკატორებს ემთხვევა, მას  შესაბამისი შეფასება ეძლევა და იგზავნება ლაბორატორიაში, რომელიც უკვე  ქიმიურ შემადგენლობას ამოწმებს. და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მწარმოებელს ლიცენზიის შეძენა, ღვინის საზღვარგარეთ გასატანად.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ხარისხის კონტროლის მიზნით სააგენტომ კიდევ ერთი მექანიზმი აამოქმედა. ვენახების თითოეული მფლობელი ვალდებულია, სახელმწიფო სააგენტოს შემოდგომაზე ჩააბაროს ანგარიში ყურძნის მოსავლის ოდენობის შესახებ. ამ მონაცემების მეშვეობით შესაძლებელი გახდა ღვინის გაყიდვების კონტროლი და ღვინის გაყალბების ან სპეციალური ფხვნილებისაგან დამზადების პრევენცია.

შვიდი წლის მანძილზე ქართულმა ღვინის ხარისხმა აბსოლუტურად განსხვავებულ დონეს მიაღწია. 2007-2008 წლებში შეიქმნა სარეკლამო სააგენტოები პროდუქციის პოპულარიზაციისათვის. ღვინის რეკლამირება არა მხოლოდ შიდა ბაზარზე, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ხდება. ამ ყოველივემ ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. ღვინის გარდა, საქართველოს ექსპორტზე გააქვს მინერალური წყლები, ხილი, რძის პროდუქტები და ახლახან დაიწყო მცირე მოცულობით ენერგო რესურსის ექსპორტი. რასაკვირველია, ოსეთისა და აფხაზეთის დაკარგვიდან პირველი 5 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდა, თუმცა ქვეყანამ ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური განვითარებით დიდად გაუსწრო თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს.

მიუხედავად ამისა, ყველაფერი არც ისე მარტივადაა. ქართული ბიზნესის მომავალი კეთილდღეობა და ექსპორტი დამოკიდებულია სახელმწიფოს გონივრულ ქმედებებზე. უდავოა, რომ 2004 წლიდან საქართველომ მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველომ 133-ე ადგილიდან  48-ზე გადაინაცვლა, მთლიანი შიდა პროდუქტი 2009 წლიდან იზრდება და ამჟამად მშპ ერთ სულ მოსახლეზე 3,743 აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც უკრაინაში 2,005 აშშ დოლარს უდრის. თუმცა, მსყიდველობითი უნარის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი უკრაინისას ბევრად არ აღემატება: საქართველოში 9,162 აშშ დოლარია და უკრაინაში 8,655 აშშ დოლარი. საქართველოში სიღარიბის დასაძლევად ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო, მიუხედავად ეკონომიკური ზრდისა, რომელიც მოიცავს ტურიზმის განვითარებას, ექსპორტის ზრდას და შიდა სამრეწველო ბაზრის წინსვლას.

მოლდოვა

ცნობილმა რუსმა ბლოგერმა, რომელიც ახლახან მოლდოვას ესტუმრა აღნიშნა, რომ „ამ ქვეყნისათვის ღვინო იგივეა, რაც ნავთობი -რუსეთისათვის.“ ეს ასეც არის. მოლდოვას მთლიანი შიდა პროდუქტის 4.2% ღვინის სექტორზე მოდის. ამას გარდა, ეს პროდუქტი მოლდოვას რესპუბლიკის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 7.5%-ს შეადგენს. ქვეყანა, ყოველწლირად 15 მილიონ დეკალიტრამდე ღვინოს აწარმოებს,  რაც ასეთი პატარა სახელმწიფოსათვის საკმაოდ დიდი ოდენობაა. თუმცა, მოლდოვას რეკორდული მაჩვენებლები ღვინისა და ყურძნის სფეროში ამით არ შემოიფარგლება. ეს ქვეყანა მსოფლიოში ცნობილია ვენახების სიმჭიდროვითაც. ამ სასოფლო-სამეურნეო კულტურას ქვეყანაში 147,000 ჰექტარი უკავია. რა თქმა უნდა, მათი უდიდესი ნაწილი კომერციულ მეურნეობებს ეკუთვნის, მაგრამ თითქმის ყველა ფერმერს აქვს პატარა ვენახი და მცირე მეღვინეობა.

ღვინის ისტორია, მოლდოვას ისტორიის მსგავსად, გაცილებით უფრო ადრე დაიწყო. მოლდოველები გვარწმუნებენ: ფანტაზიას თუ მოიშველიებთ, მოლდოვას ტერიტორია ყურძნის მტევანს ჰგავს. და ისინი ყვებიან ლეგენდას იმის შესახებ, თუ როგორ წავიდა ერთი მეფე სანადიროდ. მეფეს ნადირობა, დიდი ამალის და თავისი საყვარელი ძაღლის თანხლებით უყვარდა, რომელსაც მეტსახელად „მოლდა“ ერქვა. ერთხელ, მეფე და მისი თანმხლები პირები დაბურულ ტყეში დაიკარგნენ. გზააბნეულებს, დიდი ხნის სიარულის შემდეგ წყურვილი ახრჩობდათ. ისინი ძაღლმა გადაარჩინა, რომელმაც მდინარეს მიაკვლია. მდინარის ნაპირზე ჩამომჯდარმა მეფემ იქვე, გორაკებზე მოფენილი გარეული ყურძენი შენიშნა. ხელმწიფემ წყურვილი და შიმშილი დაიკმაყოფილა და მოგვიანებით ამ მდინარეს, ძაღლის

პატივსაცემად მისი სახელი უწოდა, რომელმაც მეფე და ამალა გადაარჩინა. სინამდვილეში, მოლდოვას დაარსების ისტორია განსხვავებულია. ქვეყანა დაკიელებმა დააფუძშნეს. მოლდოვას შესახებ პირველი ცნობები ჩვენს წელღაღრიცხვამდე 44-70 წლებში გვხვდება. ძველი სამეფო, ამჟამინდელი მოლდოვას ტერიტორის ფარგლებში დაარსდა. დაკია რომის იმპერიაშიც სახელგანთქმული იყო თავისი ნაყოფიერი მიწებითა და მდიდარი ტყეებით. არქეოლოგიური გათხრები მიანიშნებენ, რომ ამ ტერიტორიაზე სწორედ დაკიელებმა დაიწყეს ღვინის წარმოება და ეს სასმელი იყო უბადლო, ვინაიდან მას ჰომეროსი ახსენებს პოემაში „ილიადა“. ერთ-ერთ სტროფში იგი წერს, რომ „ბერძენი ჯარისკაცები ღვინის მოსაძებნად დაკიაში წავიდნენ“.

მოლდოვას მიწებზე ბერძნების ჩასვლის შემდეგ მათ ღვინის წარმოების პროცესი გარკვეულწილად გააუმჯობესეს. კერძოდ, მათ აუხსნეს და უჩვენეს დაკიელებს, თუ როგორ შეიძლებოდა ყურძნის დაწურვა საწურის დახმარებით (სხვათა შორის, მრავალი ოჯახი დღესაც ამ გაუმჯობესებულ ვარიანტს იყენებს).

თავის მხრივ, დაკიელებმაც გააცნეს დამპყრობლებს ღვინის შენახვის სპეციალური მეთოდი. თბილ საბერძნეთში ეს მეთოდი ნაკლებად გამოდგებოდა, თუმცა იგი  მოლდოვასთვის მისაღები იყო: დაკიელები  ყურძენს პირველ ყინვამდე ტოვებდნენ და ამგვარად ხდებოდა ღვინის შენახვა გაყინვით. შესაძლოა,  აქედან მომდინარეობს ღვინის დამზადების მეთოდი, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში „ყინულოვანი ღვინის“ სახელითაა ცნობილი.

მოლდოვას ტერიტორია უაღრესად მიმზიდველი იყო მეზობელი სახელმწიფოებისთვის. შესაბამისად, მოლდოვაშიც ხშირი იყო ომები და მიწების აოხრება. დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით 105 წელს, ხელმწიფე დეკებალუსის მეფობის პერიოდში, რომაელებმა დაკია დაიპყრეს. მეფემ მწუხარებისგან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რომაელები არ შეხებიან დაკიელების ტრადიციებს და კულტურას; ეს ქვეყანა მომგებიანი წყარო იყო იმპერიისათვის, რადგან სწორედ აქედან გადიოდა ექსპორტზე დიდი რაოდენობით ღვინო და მარცვლეული.

მეფე დეცეფალუსი – მე-20 საუკუნის დასაწყისის ნახატი

შუა საუკუნეებში, ამ მიწებზე სლავების ეტაპობრივი დასახლება დროს, ანტიკური კულტურისა და ადგილობრივი მოსახლეობის დანატოვარის ასიმილაცია მოხდა. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა მოლდოვა სახელმწიფოდ. ამ ტერიტორიაზე X-XI საუკუნეებში მოსახლეობა სტაბილურად იზრდებოდა, რადგან მდინარე დნესტრის გასწვრივ  „ბროდნიკები“ სახლდებოდნენ. ეს ის სლავები იყვნენ, რომლებიც გალიციის და კიევის  სამთავროებიდან ბოიარების წნეხს გამოექცნენ. XI-XIII საუკუნეებში, მდინარე დუნაის ქვემო დინებაში არსებობდა სახელმწიფო სახელწოდებით „ბერლადსკაია“, რომლის ცენტრი მდებარეობდა ქალაქ ბერლადში (თანამედროვე ბირლადი, რუმინეთი).

მეფე სტეფან დიადმა გააძლიერა სახელმწიფო, საზღვრები და ეკონომიკა. აყვავების ხანა XV საუკუნეში დადგა. მაშინდელ ხელისუფალს კარგად ესმოდა, რომ მოლდოვას ყველაზე დიდ სიმდიდრეს მისი ვენახები წარმოადგენდნენ და რომ მოგების მისაღებად თავდაპირველად აუცილებელი იყო ინვესტიცია. სწორედ მან შემოიღო სასახლეში „მერიქიფის“ თანამდებობა, რომლის მოვალეობებში შედიოდა ქვეყანაში ყველა ღვინის მწარმოებლის კონტროლი, სასმელის ხარისხის გაუმჯობესება და ვენახების მოშენება-შენარჩუნებისათვის სხვადასხვა მეთოდების გამოგონება. სტეფან დიადის მეფობის დროს მოლდოვაში ვაზის ახალი ჯიშები გაშენდა.

მეფე სტეფან დიადის ძეგლი კიშინიოვში

ქვეყანამ გამოიარა არეულობის პერიოდებიც. თუმცა, უკრაინისა და საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვაში ვენახები მნიშვნელოვანი დარტმყის ქვეშ არ მოქცეულა. ოსმალეთის იმპერიამ, მოლდოვას მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაპყრობასთან ერთად, რასაკვირველია ვენახების ზვრების მოსპობაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. ლეგენდის მიხედვით, მოლდოველი მებრძოლები დამარცხებისაგან სწორედ ყურძენმა გადაარჩინა. ციხესიმაგრეში გამაგრებულ ჯარისკაცებს ოსმალებმა ალყა შემოარტყეს. მათ  სურსათ-სანოვაგის მარაგები ელეოდათ და ქალაქიც დაპყრობის საშიშროების წინაშე იდგა. თუმცა, მამაც რაინდებს წეროები დაეხმარნენ. მათ ჯარისკაცებს ნისკარტებით ყურძენი მიუტანეს. ყურძენმა მეომრებს მალე ძალა შეჰმატა, მათ მტერი დაამარცხეს და ქვეყანა გადაარჩინეს. სწორედ ამიტომ, მოლდოვაში მევენახეობის და მეღვინეობის სიმბოლოა – წერო გაშლილი ფრთებით.

მოლდოვაში, ღვინის წარმოების საფრთხეები ამით არ ამოწურულა. ღვინის და ვაზის ზოგიერთი ისტორიკოსის თქმით, მათი ქვეყნის ისტორიის განსაკუთრებული ნაწილი უკავშირდება ბესარაბიაში რუსეთის მეფის მმართველობას. 1812 წელს, რუსეთის იმპერიამ მოლდოვას ტერიტორიის ნაწილი მიითვისა.

მაშინ, ყველაზე ნაყოფიერი მიწები რუსეთის დიდგვაროვნებს გადაეცათ, სადაც მათ ეგრეთ წოდებული „ღვინის რეზიდენციები“ ააშენეს. უნდა ითქვას, რომ ამას დადებითი ასპექტიც ჰქონდა, რადგან დამპყრობლებმა, ღვინის წარმოების გასაუმჯობესებლად პროფესიონალები საფრანგეთიდან მოიწვიეს. სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ მოლდოვა საფრანგეთს ჰგავდა, რადგან იგი ისეთ სიმაღლეებზე მდებარეობდა სადაც საუკეთესო ფრანგული ვაზის მოყვანა იქნებოდა შესაძლებელი. ამ პერიოდში, მოლდოვას ღვინო იმდენად შეიცვალა, რომ პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე ადგილობრივი ვაზის სახეობამ Negru De Purcari უმაღლესი ჯილდო მიიღო. იმპერიის მეღვინეებმა ასევე შექმნეს განსაკუთრებული მიკრო ზონები ყურძნის სპეციალური სახეობების მოსაშენებლად. საინტერესოა, რომ ეს ზონები დღემდე შემორჩა. განსაკუთრებით აღსანიშნავია „პურკარის“ ჯიში, რომელიც დღესაც მოჰყავთ ძირითადად შტეფან-ვოდეს რეგიონში, „კოდრუ“ და“ფეტეასკას“ ჯიშები ბელცის რეგიონში და სხვა წითელი ღვინის სახეობები ტრაიანის რეგიონში.



ქვეყანაში, ღვინის წარმოებამ გადალახა მრავალი დაღმასვლის პერიოდი, რევოლუციები და ომები. მოლდოვაში ღვინო ყველაზე უკეთ საბჭოთა კავშირის დროს განვითარდა, კერძოდ კი 1970-იანი წლების ბოლოს. მაშინ დიდი ინდუსტრიული პოტენციალი არსებობდა. სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეორე ბოთლი ღვინო, რომელსაც სსრკ-ში სვამდნენ, მოლდოვაში იყო დამზადებული. მოლდოვას ვენახებს ბოლო მნიშვნელოვანი დარტყმა გორბაჩოვის მმართველობის პერიოდში დაატყდა თავს. ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, გორბაჩოვის ბრძანებით, უკრაინის მსგავსად, ვენახები მოლდოვაშიც  ყველგან უნდა გაეჩეხათ. სწორედ მაშინ, 1980-იან წლებში, ქვეყანამ ვენახების უდიდესი ნაწილი დაკარგა.

მოლდოვაში, საბჭოთა კავშირის დროს აიგო ყველაზე დიდი მიწისქვეშა მარნები, სადაც ღვინოს ინახავდნენ. ერთ-ერთი მათგანი “მილესტი მისი” (Milestii Mici) გინესის რეკორდების წინგში აღმოჩნდა, როგორც მარანი, სადაც ღვინოების ყველაზე დიდი კოლექციაა თავმოყრილი. იმავდროულად, „კრიკოვას ღვინის მარანი“ რომელიც ყოფილ მაღაროში განათავსეს, სპეციალურ მიწისქვეშა ქალაქად გადაიქცა, სადაც საკუთარი ქუჩები და კვარტლები მოეწყო.

2006 წელს, რუსეთის ემბარგო მოლდოვასაც შეეხო. მოლდოვამ, საქართველოს მსგავსად, გააუმჯობესა ღვინის ხარისხი და ყველაზე დიდი მოთხოვნის მქონე ბაზარზე შევიდა – ჩინეთში, რამაც ქვეყანას უფრო ძვირადღირებული და დახვეწილი პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა მისცა. მოლდოვამ გასაღების სხვა ბაზრებიც აითვისა და იგი, დღესდღეობით, ღვინით ამარაგებს დსთ-ს ქვეყნებს, რაც მოლდოვას ღვინის მთლიანი ექსპორტის 68%-ს შეადგენს. მოლდოვაში წარმოებული ღვინის ყველაზე დიდი მომხმარებლები არიან ყაზახეთი, უკრაინა და ბელარუსი. 2016 წლიდან კი ემბარგოს მოხსნის შემდეგ, რუსეთი პირველ ადგილს იკავებს ღვინის მოხმარების მოცულობით. მოლდოვას ღვინო,  დასავლეთის ქვეყნების ბაზარზე ყველაზე დიდი ოდენობით იყიდება პოლონეთში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და რუმინეთში.

ამჟამად მოლდოვა, საქართველოს მსგავსად, ჩინეთის ბაზრის ათვისებაზე მუშაობს. ქვეყანა ზრუნავს მისი ყველაზე მომგებიანი დარგის განვითარებაზე. შესაბამისად, მუშავდება კანონები და იწერება კანონპროექტები, რომლებშიც ხშირად ითვალისწინებენ მსოფლიო ღვინის წამყვანი მწარმოებლების მაგალითებს. ქვეყანაში ყურადღება ექცევა ღვინის ტურიზმს. მაგალითად, 2002 წლიდან მოლდოვაში ღვინის ფესტივალი იმართება. ტრადიციულად, ფესტივალი კიშინიოვში იმართება. დედაქალაქის ცენტრში გამოფენა ეწყობა, სადაც წარმოდგენილია ქვეყანაში არსებული ღვინის ყველა კომპანია. 2016 წელს, ღვინის ფესტივალს 100,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ როგორც მოლდოველები, ასევე სტუმრები სხვა ქვეყნებიდან. მოლდოვაში სჯერათ, რომ „ღვინოს დადუღების პერიოდში სიწყნარე უყვარს, ბოთლის გახსნის შემდეგ კი ქეიფი და დროსტარება!“