“საბჭოთა კავშირის რღვევა, ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო” – ასე აფასებს რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას. შესაბამისად, კრემლი საკუთარი იმპერიალისტური დიდების დასაბრუნებლად, ეკონომიკური და პოლიტიკური წნეხის განსხვავებულ ფორმებს, ასევე პროპაგანდისა და მანიპულირების სხვადასხვა ხერხებს მიმართავს. ჩვენ რუსული პროპაგანდის თავისებურებები და მისი გავრცელების ინსტრუმენტები სამივე ქვეყანაში ადგილზე შევისწავლეთ. ადგილობრივი ანალიტიკოსებისა და მედიაექსპერტების დახმარებით, იმ საერთო და განმასხვავებელი მესიჯების გამოვლენა ვცადეთ, რომელსაც ამ სამ ქვეყანაში ვხვდებით.


კრემლის პროპაგანდის სქემა მარტივად განჭვრეტადია და ის მიზნებიდან გამომდინარე პირობითად სამ პუნქტად შეიძლება, რომ დაიყოს:

  • ქვეყანაში კონფლიქტური წერტილების შექმნა და მისი დანაწევრება. რაც გავლენების შესანარჩუნებლად, შემდგომ კი მოსახლეობის გრძნობებით მანიპულირებისთვის საუკეთესო საშუალებაა;
  • პოლიტიკის ცვლიელება, რაც ძირითადად ქვეყნის დასავლური კურსისგან გადახვევასა და კვლავ რუსული გავლენის ქვეშ მოქცევას, ასევე სათავეში პრორუსული ორიენტაციის მქონე ხელისფლების მოყვანას გულისხმობს;
  • საერთო ისტორიაზე, რწმენაზე და ღირებულებებზე აქცენტირებით, მოსახლეობაში სენტიმენტების გაღვივება და ასე ვთქვათ, მათი გულების მოგება.

საერთო ისტორიულ წარსულზე, რწმენაზე, რელიგიაზე, ტრადიციებზე და ღირებულებებზე აქცენტირებით, კრემლი პოსტ-საბჭოთა სივრცეში დაკარგული გავლენების აღდგენას ცდილობს. შესაბამისად, კრემლის პროპაგანდასთან საბრძოლველად, უფრო დიდი ძალისხმევის გამოყენებაც სწორედ ამ სივრცეში შემავალ ქვეყნებს უწევთ.

კრემლის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი, ქვეყნების დანაწევრებაზე გადის. ამისთვის ის რეგიონში არც კონფლიქტების გაღვივებას და არც ღია ომებში ჩართვას არიდებს თავს. რის შემდეგაც, ის მის მიერვე წამოწყებულ ომს, ხან ხალხების გათავისუფლების ოპერაციად აფასებს, ხანაც კი ერების თვითგამორკვევის ჩარჩოთი ფუთავს. ამის ნათელი მაგალითებია საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ეს ერთ-ერთი მთავარი ხაზია, რაც კრემლის მიზნების განხორციელების თვალსაზრისით, საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვისაც საერთოა. პოსტსაბჭოთა სივრცის ამ სამი ქვეყნისთვის, ბოლო ათწლეულების მანძილზე, რუსულ პირდაპირ ძალასთან და პროპაგანდასთან გამკვლავება, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

აღმოჩნდა, რომ საქართველოშიც, უკრაინაშიც და მოლდოვაშიც კრემლის პროპაგანდის მიერ გაჟღერებული მესიჯები და მიმართულებები თითქმის იდენტურია. მისი მთავარი ხაზი ძირთიდად დასავლეთის დემონიზებაზე გადის და მოსახლეობაში ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე შიშის დათესვას გულისხმობს. საბოლოო მიზანი კი, ქვეყნების მიერ არჩეული დასავლური კურსისგან გადახვევა და რუსულ რელსებზე დაბრუნებაა.

თამარ კინწურაშვილი (“მედიის განვითარების ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი):

“პრინციპში, ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელია, შიშის დათესვა, რომ თუ ჩვენ რუსეთს გავუწევთ წინააღმდეგობას, ჩვენ დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, ქვეყნის დამოუკიდებლობას და უბრალოდ ქვეყნება თავმოყვარეობა, შეიძლება რუსეთი მოვიდეს და ჩაგვრთოს ომში. თუ ჩვენ დასავლეთს დავუახლოვდებით, ომი განმეორდება და ბუნებრივია, რომ ადამიანებს არ უნდათ ომი და აი, ამ შიშით, ერთი მხრივ იმით, რომ დავკარგავთ იდენტობას, მეორე მხრივ იმით, რომ ვთქვათ, თუ ხმას ამოვიღებთ, რუსეთი შეიძლება ისევ შემოიჭრას და გააჩაღოს ომი, ახდენენ ადამინის გრძნობებით მანიპულირებას.”

თამარ კინწურაშვილი



მაგალითად, საქართველოში ამგვარი ეთნონაციონალისტური ორგანიზაციების წარმომადგენლები რუსეთისადმი ლოიალურ დამოკიდებულებას ღიად გამოხატავენ, დროგამოშვებით აწყობენ სახალხო მსვლელობებს  და ნაციონალისტური გზავნილების გახმოვანებით, მოსახოლეობაში ეთნიკური შუღლის გაღვივებას ცდილობენ. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი “ქართული მარშია”. გარდა ამისა, არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც რეგიონებში სეპარატიზმის გაღვივებით არიან დაკავებულები. სწორედ ერთ-ერთი ასეთია ორგანიზაცია “სამეგრელო” სამეგრელოში, რომელსაც რუსეთში მოღვაწე და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ალექსანდრე ჭაჭია აფინანსებს.

ალექსანდრე ჭაჭიას მხარდაჭერა იკვეთება გარკვეული მედიასაშუალებების მიმართაც. მაგალითად გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”  და ონლაინ გამოცემა “საქინფორმი”, რომელთა ფურცლებზეც ხშირად იბეჭდება პრორუსული და ანტიდასავლური მოსაზრებები. გარდა ამისა, კვლევების მიხედვით, კრემლისტური იდეოლოგიით გამოირჩევა ფეისბუქ გვერდი Politicano. ხოლო გაზეთი “ასავალ-დასავალი”, “მედიაკავშირი ობიექტივი” და “ალია ჰოლდინგი” ეთნონაციონალისტურ მედიათა სიებში ლიდერობენ და პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელებით გამოირჩევიან.

ალექსანდრე ჭაჭიას
© Sputnik / Alexander Imedashvili

2018 წლის პირველ მარტს, ე.წ. ინტელიგენციის წარმომადგენლებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართეს, სადაც საქართველოს ნატოში გაწევირიანების წინააღმდეგ, ღია პოზიცია დააფიქსირეს.

„პროდასავლურმა პოლიტიკამ და ქართველების სწრაფვამ ნატოს სამხედრო ალიანსისკენ გაართულა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან და სწორედ ამან განაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, შექმნა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და შეაფერხა ქვეყნის განვითარება. ხალხი გაღატაკდა და მოსახლეობის რაოდენობა 4 მილიონზე დაბლა ჩამოვიდა.“ – წერია კულტურის სფეროს წარმომადგენელთა წერილში. „მიუხედავად ამისა, ქართველებს არც ერთხელ არ უღალატიათ “ნატოს” წევრი სახელმწიფოების სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისთვის, რასაც ვერ ვიტყვით თავად სამხედრო ალიანსზე“ – ასევე, ნათქვამია წერილში. 

2017 წელს საქართველოს, უკრაინის, ჩეხეთისა და უნგრეთის მედიაექსოერტებმა ქვეყნების საინფორმაციო სივრცეში კრემლის გავლენები შეისწავლეს და ერთობლივი ანგარიში – “კრემლის ინდექსი” გამოსცეს. ანგარიშის მიხედვით,  საქართველოსა და უკრაინაში რუსული მედიასაშუალებები მოსახლეობაში კრემლისტური ნარატივის გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ვერ ასრულებენ. კრემლი აქ ადგილობრივ მედიასაშუალებებს მიმართავს. რაშიც მას რუსეთთან ბიზნეს და პოლიტიკურ ალიანსში მყოფი ჯგუფები ეხმარებიან. კრემლის გზავნილებიც იმ მედიასაშუალებების კონტექსტში ჩნდება, რომლებსაც ისენი აკონტროლებენ. მაგალითად უკრაინაში ასეთები არიან დიმიტრი ფირტაში, სერგეი კურჩენკო და სხვები. საქართველოში მედიაორგანიზაციები: “ობიექტივი ტვ” და “ასავალ დასავალი”.

მოლდოვაში კი, ვითარება ოდნავ სხვაგვარდაა. აქ რუსულ ტელეარხებს მოსახლეობაზე პირდაპირი გავლენა ჰქონდა. კერძოდ, ადგილობრივი ტელეარხების დიდი ნაწილი, წლების მანძილზე, რუსული პოლიტიკური და საინფორმაციო გამოშვებების რეტრანსლირებას ახდენდა. ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლს ამით მოსახლეობაზე მანიპულირების მთავარი ინსტრუმენტი ჰქონდა.

პარადოქსია, თუმცა, რუსული პოლიტიკური გადაცემების რეტანსლირება მოლდოვას პროევროპული საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელის ვლადიმერ პლახატნიუკის საკუთრებაში არსებული ერთ-ეთი ყველაზე დიდ მედიაჰოლდინგში შემავალი ტელეარხების საშუალებითაც ხდებოდა. ამას ემატებოდა ადგილობრივი პრორუსული ტელეარხებიც (NTV Moldova, RTR Moldova, Ren Mlodova და ა.შ.), რაც საბოლოო ჯამში, კრემლს საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს უქმნიდა. პროპაგანდამ შედეგი გამოიღო და 2016 წლის ნოემბერში, მოლდოველმა ხალხმა, სწორედ რუსული რბილი ძალის გავლენით, პრეზიდენტად სოციალისტური პარტიის ლიდერი და პრორუსული ორიენტაციის მქონე კანდიდატი იგორ დოდონი აირჩია.



პეტრუ მაკოვეი

პეტრუ მაკოვეი  (დამოუკიდებელი პრესის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი): 

რუსულ მედიასაშუალებებს აქვთ უდიდესი გავლენა მოლდოვაში. ეს ხდება იმიტომ, რომ მოლდოვური ტელეარხების მფლობელები, რომლებიც რუსული ტელეგადაცემების რეტრანსლირებას ახდენენ ამით აკეთებენ ფულს. დეკლარირებულად ისინი აცხადებენ, რომ ებრძვიან რუსულ პროპაგანდას. თუმცა, ისინი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მხოლოდ კოსმეტიკურ ზომებს მიმართავენ.”

2014 წლის მარტში, ყირიმის ანექსიისა და დონბასის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ, უკრაინამ რუსულ სანფორმაციო ომთან ბრძოლა დაიწყო. სწორედ ამ მიზნით, 2014 წელს უკრაინაში “ინფორმაციის პოლიტიკის სამინისტროც” შეიქმნა. ახალი სამინისტროს მიზანი უკრაინის საინფორმაციო სივრცის რუსული პროპაგანდისგან დაცვაა.

გარდა ამისა, უკრაინამ რუსულ პროპაგანდას სხვა თანმხვედრი ნაბიჯებიც შეაგება. კერძოდ: უკრაინაში აიკრძალა რუსული სოციალური ქსელების, რუსული დაბოლოება “რუ”-ს მქონე იმეილების, ასევე რუსული საძიებო სისტემის იანდექსის მოხმარება. აკრძალვები შეეხო წამყვან რუსულ ტელეარხებს (Первый канал, Росія-1, НТВ, ТНТ, РТР Планета, Росія-24, RT და ა.შ.), ფილმებს, სერიალებს, სხვადასხვა კომპანიებს, ბანკებს, რუსულ ავიახაზებს და საქველმოქმედო ორგანიზაციებს.

ამასთან, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ რუსული შოუბიზნესის ათეულობით წარმომადგენელს, სამხედრო მოსამსახურეებსა და კრემლის იდეოლოგიის გამხმოვანებელ ჟურნალისტებს, რომელთა მასალებიც უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ იყო მიმართული.

რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლდა დაიწყო მოლდოვას ხელისფლებამაც. მიმდინარე წლის დასაწყისში, საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით მოლდოვაში კანონი მიიღეს, რომელიც ქვეყანაში რუსული საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტკური გადაცემების რეტრანსლირებას კრძალავს. კანონის მიღებას აქტიურად ეწინააღმდეგებოდა მოლდოვის პრორუსული ორიენტაციის მქონე პრეზიდენტი იგორ დოდონი. ამ კანონის ხელმოწერაზე უარის თქმის გამო, მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს დროებით უფლებამოსილებაც შეუჩერა.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით ამ დრომდე რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს და საკანონმდებლო დონეზე რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის წინააღმდეგ, რაიმე სტრატეგიული ცვლილება არ შეუმუშავებია.ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დღეს, საქართველოს მთავრობას აკლია ინსტიტუციური მდგრადობა, გააზრებული და თანმიმდევრული სტრატეგია, რომელიც ეფექტებს მოიტანდა.

თორნიკე შარაშენიძე (საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი):

“საქართველოს მთავრობას აქვს ერთი ძალიან დიდი სერიოზული პრობლემა, აკლია ინსტიტუციური მდგრადობა. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ მაგალითად, ერთი მინისტრი თუ რაღაც გეგმას დაწერს, მერე მეორე მინისტრი მოვა, დახევს ამ გეგმას, თავის გეგმას წერს და ა.შ. ინსტიტუციური მდგრადობა არ არსებობს…ერთ მშვენიერ დღეს უნდა დადგეს მთავრობა, ჩამოყაროს სტრატეგია ძალიან გააზრებული, სერიოზული და მიყვეს ამას. ისე არ უნდა მოხდეს, რომ ვიღაც ახალი რომ იყოს, ეს დახიოს და რაღაც ახლის წერა დაიწყოს” – ამბობს თორნიკე შარაშენიძე.  

თორნიკე შარაშენიძე

რუსული პროპაგანდის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი და საერთო ინსტრუმენტი სამივე ქვეყნის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ რელიგიური ინსტიტუტებია. დასავლეთისადმი არასწორი წარმოდგენებისა და მითების შექმნაში საკუთარი წვლილი ამ ინსტიტუტსაც შეაქვს და ის კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ეს ინსტიტუტი კრემლს ანტიდასავლური მესიჯების გაჟღერებაში და მოსახლეობაში დასავლეთისადმი შიშების გაღვივებაში ეხმარება.



მაგალითად, უკრაინასა და საქართველოში ეკლესია განსაკუთრებით აქტიური იყო, როდესაც ქვეყნები ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას აწერდნენ ხელს. აქტიურობით გამოირჩეოდნენ მაშინაც, როდესაც საქართველო დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონს იღებდა. მართლმადიდებლური ეკლესიის გარკვეული წარმომადგენლები მოსახლეობას არწმუნებდა, რომ ამით დასავლეთი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვდა.

ადგილობრივი ანალიტიკოსების განმარტებით, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები, ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კაპმანიაში იყვნენ ჩართულები, სხვადასხვა ხერხების გამოყენებით, ისინი პროდასავლელი საპრეზიდენტო კანდიდატის დისკრედიტაციას ცდილობდნენ და მხარს პრორუსული ორიენტაციის მქონე კანდიდატს იგორ დოდონს უჭერდნენ. რამაც საბოლოო ჯამში, შედეგი გამოიღო და მოსახლეობამ არჩევანი სწორედ კრემლის კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთა.



გარდა რელიგიური ინსტიტუტისა, კრემლს სამივე ქვეყანაში დასაყრდენი ადგილობრივ პოლიტიკურ სპექტრშიც ჰყავს. მოლდოვის შემთხვევაში, ეს გამოკვეთილად პრორუსული ორიენტაციის მქონე პრეზიდენტი და სოციალისტური პარტიაა, რომელსაც ის წარმოადგენს. იგორ დოდონი მოლდოვის ევროპულ სტრუქტურებში, მათ შორის, ნატოში გაწევრიანების წინაღმდეგ საჯარო განცხადებების გაკეთებას არ ერიდება და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, ის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გადახედვის პირობასაც დებს.

იგორ დოდონი

რაც შეეხება უკრაინასა და საქართველოს, ლოკალური პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები კრემლის პოლიტიკისადმი სიმპატიას ღიად არასდროს აფიქსირებენ. თუმცა, ისინი ხშირად სტუმრობენ კრემლს, ხვდებიან მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტსაც და ქვეყნის შიგნით არსებული კონფლიქტური რეგიონების მოგვარების ერთადერთ საშუალებად სწორედ კრემლთან პირდაპირ დიალოგში ხედავენ. რაც სტრატეგიული თვალსაზრისით, არასწორი პოლიტიკის ნაწილია. რადგან საერთაშორისო ზეწოლის გარეშე, კრემლთან პირისპირ, მარტო დარჩენილ სახელმწიფოს, მასზე გავლენის მოხდენის არანაირი ბერკეტი არ აქვს, შესაბამისად, მსგავსი მოლაპარაკებები თავშივე განწირულია და საკუთარ კარში გოლის გატანას ჰგავს. გარდა ამისა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების შეფასებით, საოკუპაციო რეჟიმთან პირდაპირი დიალოგი მათ საერთაშორისო სამართლებრივ სუბიექტად აღიარებას ნიშნავს. რაც, ერთის მხრივ, ამ რეჟიმების საერთაშორისო ლეგიტიმაციას გაზრდის, მეორეს მხრივ კი, ოკუპაციის ცნებას მოსპობს.

გარდა ამისა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მოიძებნებიან ისეთი პარტიებიც (მათ შორის მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრები), რომლებიც ნეიტრალიტეტის იდეის პოპულარიზებას ცდილობენ და ქვეყნის ყოველგვარ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდიან. ასეთებია: “ქართული დასი”, “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”.

გარდა სტანდარტული მიდგომებისა კრემლს თითოეული ქვეყნისთვის ინდივიდუალური ტაქტიკა და გზავნილებიც აქვს. რაც სწორედ იმ განსხვავებებში შეგვიძლია მოვიაზროთ, რაც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შემთხვევაში რუსულ პროპაგანდას აქვს. მიდგომები ქვეყნისთვის ყველაზე ცხელი და მტკივნეული თემების მიხედვით იცლვება.

როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, ეს უკრაინაში მიმდინარე ომი, ყირიმის ანექსია და უკრაინის, როგორც წარუმატებელი ქვეყნის მაგალითად წარმოჩენაა. კრემლი მოსახლეობისთვის იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ დასავლურმა რეფორმებმა არ იმუშავა, ქვეყანა უფრო დიდ კორუფციულ ჭაობში ჩაეფლო, 2013-2014 წლებში მოსახლეობის მსხვერპლით დასრულებული პროტესტიც ფუჭი აღმოჩნდა და ხელისუფლებამ მოსახლეობას უღალატა.



საქართველოსთან მიმართებით კრემლს მოცემული მომენტისთვის ერთი მაკაფიო მესიჯი აქვს, რომელიც მოსახლეობაში ანტი-ნატო შინაარსის ტექსტების გავრცელებაში გამოიხატება. მოსახლეობაში ინერგება შიში, რომ თუკი ქვეყანა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მიიღებს, ის ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს სამუდამოდ დაკარგავს. უფრო მეტიც, ქვეყნის ტერიტორიების სხვა ნაწილების დაკარგვის საფრთხის წინაშეც დადგება.



მოლდოვაში კი, მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი, მოქმედი პრეზიდენტის ღია პრორუსული განწყობებია, რომელიც მოლდოვის რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას აქტიურად ცდილობს.

ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კრემლის მთავარი მიზანი რეგიონში გავლენების ხელახალი მოპოვება, ქვეყნების განვითარების დაკონსერვება,  და მათი ევროკავშირს მიღმა დატოვებაა. კრემლის ეს მისწრაფება კი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სუვერენიტეტისთვის უდიდესი საფრთხის მატარებელია.