რამდენიმე წლის წინ, ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულებებზე ხელმოწერის შემდეგ, სამივე ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის და რეფორმების გამჭვირვალედ განხორციელების გზას მტკიცედ დაადგა, თუმცა ისინი კვლავ ოლიგარქების მიერ იმართებიან. ამჟამად, მნიშვნელოვანი კორუფციული გარიგებები დაფარულია და იმავდროულად სასამართლო სარჩელები ხელოვნურად ჭიანურდება.


ფართოდ გავრცელებული კორუფცია ოლიგარქების სამყაროში, რომელიც ნაკლებად ისჯება:
უკრაინა, მოლდოვა, საქართველო

მარინა ჩობანუ

უკრაინა, მოლდოვა და საქართველო სამი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომლებსაც მსგავსი პრობლემები აწუხებთ, რაც ერთი საერთო ფენომენითაა გამოწვეული: ოლიგარქები! მართალია სამივე ქვეყანაში მათი გავლენა სხვადასხვანაირი ბუნებისაა, მაგრამ ოლიგარქების მიერ საზოგადოებაზე მოხდენილი ზეგავლენა ერთნაირია: შეზღუდული პოლიტიკური პლურალიზმი, სახელმწიფო ინსტიტუტების უზურპაცია, ხელისუფლების მაღალ დონეებზე გაზრდილი კორუფცია, სასამართლო სისტემის კონტროლი და შეფერხებული რეფორმები. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, თუ როგორ უმკლავდებიან ოლიგარქებს, ებრძვიან

კორუფციას და სჯიან დამნაშავეებს. ამ სამი ქვეყნიდან საქართველო ყველაზე გამორჩეულია, რადგან ამ ქვეყანამ კორუფციის უდიდესი ნაწილის აღმოსაფხვრელად რადიკალური ნაბიჯები ყველაზე ადრე გადადგა. მოლდოვამ და უკრაინამ კორუფციასთან ბრძოლის ვალდებულების დეკლარირება შეძლეს და ამ მხრივ საკუთარი კანონმდებლობის მოდერნიზებაც განახორციელეს, თუმცა ამ ქვეყნებში ნამდვილი პოლიტიკური ნება ნაკლებად არსებობდა, ამიტომ ის შედეგები, რომლებსაც საზოგადოება და გარე პარტნიორები მოელოდნენ, მიღწეული არ არის.

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო, მოლდოვასა და უკრაინაზე წინაა. 2016 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ ჩატარებული მონიტორინგით, 176 ქვეყნიდან საქართველო 44-ე ადგილზე გავიდა 57 ქულით.  აღნიშნული ინდექსი 0-დან 100-მდე ქულით ფასდება, სადაც 0 ნიშნავს „სრულიად კორუმპირებულს“, ხოლო 100 – „კორუფციისგან სრულიად თავისუფალს“. 2016 წელს მოლდოვას 30 ქულა და 123-ე ადგილი ერგო, რაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე ამ ქვეყნისთვის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აღმოჩნდა. უკრაინამ, ისევე როგორც რუსეთმა, ამ ინდექსში 131-ე ადგილი დაიკავა.

ინფოგრაფიკა, კორუფციის აღქმის ინდექსი


უკრაინა: კორუმპირებულთა მხილებაზე მონოპოლია მხოლოდ სახელმწიფოს გააჩნია

უკრაინაში ყველაზე კორუმპირებული პირების წინააღმდეგ სასამართლო პროცესის წარმოება შესაძლებელია, მაგრამ პრობლემა რეალური შედეგების მიღწევაშია, რომელიც ამ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი უნდა იყოს: მხილება და ქონების კონფისკაცია!  თუმცა ასე არ ხდება, რადგან როგორც „უკრაინის ანტიკორუფციული ცენტრის“ დირექტორი ვიტალი შაბუნინი ამბობს „ადამიანებისთვის განაჩენის გამოტანის მონოპოლია სახელმწიფოს გააჩნია“. აღნიშნული ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც უკვე ხუთი წელია იმისთვის იბრძვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა საკუთარი საქმე აკეთონ და უმაღლეს დონეზე არსებული კორუფციის გამო შესაბამისი პირები დაისაჯონ.

2013-2014 წლებში მაიდანზე განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებით, კორუფციასთან საბრძოლველად რამდენიმე უწყება შეიქმნა, მაგრამ მათი ეფექტურობა კვლავ საეჭვო რჩება.

ინფოგრაფიკა, უკრაინაში არსებული ანტიკორუფციული უწყებები

ბატონი შაბუნინი განმარტავს, თუ როგორ იყენებენ სასამართლოებს პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად და უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობის დასაბრკოლებლად. უკრაინაში, ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი უწყებაა, რომელიც 2015 წლის აპრილში შეიქმნა და რუმინეთის ეროვნული ანტიკორუფციული დირექტორატის მოდელს დაეფუძნა. შაბუნინის თქმით, ანტიკორუფციულმა ბიურომ კორუფციისა და ფულის გათეთრების ყველაზე ცნობილი საქმეების გამოძიება სცადა, მაგრამ შესაბამისი ორგანოები ამ საქმეების მიმდინარეობას ხელს არ უწყობდნენ და სისხლის სამართლის საქმეების წარმოებას აკონტროლებდნენ. მაგალითად, მოსამართლეები კომპანიებისგან და სახელმწიფო დაწესებულებებისგან დოკუმენტების გამოთხოვნაზე უარს აცხადებდნენ. როგორც ჩანს, იმის მიუხედავად რომ უკრაინის მიერ ანტიკორუფციული ბიურო ევროპული სტანდარტების შესაბამისი რეფორმების განხორციელებისთვის შეიქმნა, მას საქმიანობის თავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნდა თუ იგი გავლენიანი პირების ინტერესებს არ ეხებოდა.

ვიტალი შაბუნინი, უკრაინის ანტიკორუფციული ცენტრის დირექტორი

2017 წლის 20 აპრილს ანტიკორუფციული ბიუროს ოფიცრებმა, ყოფილი პარლამენტარი ნიკოლაი მარტინენკო, სახელმწიფო კომპანია „ვოსტგოკის“  (კომბინირებული სამთო საწარმოა, სადაც ურანის მადანის მოპოვება და გადამუშავება ხდება) ბიუჯეტის ხარჯებთან დაკავშირებული დარღვევების გამო დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ხალხის ყოფილმა წარმომადგენელმა, სახელმწიფო დაახლოებით 14.4 მილიონი ევროთი აზარალა. მოგვიანებით მარტინენკო ოთხი წლის მანძილზე სახელმწიფო საწარმოო „ენერგოატომის“ ბიუჯეტიდან 6.4 მილიონი ევროს გაფლანგვაშიც დაადანაშაულეს. ბრალდების მიხედვით, იგი სამ სხვა ოფიციალურ პირთან ერთად დანაშაულებრივი შეთანხმების ფარგლებში მოქმედებდა, რაც სატენდერო მოთხოვნების ხელოვნურად გაზრდასა და ჩეხური კომპანიის სასათბურე პირობებში ჩაყენებას გულისხმობდა; ტენდერების მოგების შემდეგ, აღნიშნული ჩეხური კომპანია, პანამაში არსებულ ოფშორულ კომპანიაში თანხებს რიცხავდა და ამ პროცესს მთლიანად დეპუტატი მარტინენკო მართავდა.

ბატონი შაბუნინის თქმით, ეს უკრაინის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი საქმე იყო როდესაც, მართალია შედარებით „მცირეკალიბრიანი“, მაგრამ მაინც ოლიგარქი, რომელსაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენები გააჩნდა, კორუფციის ბრალდებით გამოძიების ინტერესის საგანი გახდა.

2016 წლის ივნისში, დეპუტატ ალექსანდრე ონიშენკოს ქვეყნიდან გაქცევა, კიდევ ერთი იმის დამადასტურებელი ფაქტია, რომ ანტიკორუფციული ბიურო ნამდვილად ქმედუნარიანი ორგანოა. ეს მას შემდეგ მოხდა რაც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა უმაღლეს რადას -უკრაინის ერთპალატიან პარლამენტს, ამ პირისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა  სთხოვა, რათა ბუნებრივი აირის სექტორში განხორციელებული უკანონო გარიგებების გამო ონოშენკო დაეკავებინათ.

ფოტო. ნიკოლაი მარტინენკო    ფოტო: unian.ua

„როცა ამგვარი პირები უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს მხედველობის არეალში ხვდებიან,  რატომ არ შეიძლება წინა პლანზე მყოფი ოლიგარქების საქმეებიც გამოიძიონ?   გამოდის, რომ თუ ოლიგარქები საჯარო მოხელეები არ არიან, ისინი სისხლისსამართლებლივი დევნის ობიექტები არ ხდებიან, თუმცა ყველაფერს მათ მიერ კონტროლირებული ადამიანები ახორციელებენ.  მაგალითად, ოლიგარქ რინატ ახმეტოვის კომპანია მოგებას მხოლოდ იმიტომ იღებს, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ასე გადაწყვიტეს. ამ სქემაში, ახმეტოვის აშკარა მონაწილეობის მიუხედავად, მის მიმართ ბრალდების წაყენება შეუძლებელია. საქმეში, რომელშიც უკრაინის ეროვნული ბანკია გარეული და სასამართლომ ბანკის მმართველი დაადანაშაულა, ვერანაირი ბრალდება ვერ წაუყენეს ამ ბანკის მფლობელ ოლიგარქს, რომლის მეშვეობითაც თანხების გატანა ხდებოდა“

– ამბობს შაბუნინი, რომლის აზრით მართლმსაჯულების სისტემის გამართულად მუშაობისთვის საჭიროა ქვეყანა „გაიწმინდოს“ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ოლიგარქების მიერ სტრატეგიულ პოზიციებზე არიან დანიშნულნი. ამავე დროს, ექსპერტი აღნიშნავს, რომ საბოლოო მიზანს არა ოლიგარქთა დასჯა, არამედ მათი „საცეცეების“ მოჭრა წარმოადგენს, რომლებითაც ისინი სახელმწიფოზე ზემოქმედებენ.

რინატ ახმეტოვის

ოლიგარქების ზეგავლენა მართლმსაჯულების სისტემაზე სხვადასხვანაირია. ხანდახან მოსამართლეებს მოისყიდიან, ხანდახან განაჩენებს „ყიდულობენ“, ხოლო ცალკეული მოსამართლეების რეგიონებიდან უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლოებში დაწინაურება, ყველაზე წარმატებულ და აპრობირებულ სტრატეგიად რჩება.  როდესაც საქმე სერიოზულ კონფლიქტებს ეხება, (მაგალითად, როდესაც პრეზიდენტ პოროშენკოს ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთვის იმის ჩვენება მოუნდა, თუ ვინ იყო მათ შორის მთავარი) მოსამართლე, კოლომოისკის წრის წარმომადგენლის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე, უბრალოდ პრეზიდენტის ბრძანებას ასრულებს. „ეს პოლიტიკური ზეგავლენის მაგალითია“ – აღნიშნავს შაბუნინი. მისი თქმით, იმისთვის რომ მთელი სასამართლო სისტემა ერთ ადამიანს დაექვემდებაროს, საკმარისია იმ მთავარი უწყებების კონტროლი, მაგალითად: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რომელიც მოსამართლეთა კარიერაზე გადაწყვეტილებებს იღებს.

იგორ კოლომოისკისთვის

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ყოფილი იუსტიციის უზენაესი საბჭოს რეორგანიზების ფარგლებში, 2016 წელს შეიქმნა. ამ კოლეგიალური ორგანოს დაარსება, იმ ერთ-ერთ დიდ ცვლილებას წარმოაჩინეს, რომელიც 2014 წელს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ საზეიმოდ გამოცხადებული სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო სწორედ ის ორგანოა, რომელიც პროფესიონალი და არაკორუმპირებული მოსამართლეების კორპუსის ჩამოყალიბებასა და მათი დამოუკიდებლობის დაცვაზეა პასუხისმგებელი. ორგანოს მოვალეობებში მოსამართლეეების დანიშვნა, მათი თანამდებობიდან გათავისუფლება და მათ წინააღმდეგ მიმართული დისციპლინარული პროცედურების განხილვა შედის. ბოლო პერიოდში, პროკურორების  წინააღმდეგ მიმართული დისციპლინარული  პროცედურების განხილვის ვალდებულებაც საბჭოს დაემატა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, უკრაინის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს არჩევს და მათ კანდიდატურებს პრეზიდენტ პოროშენკოს დასამტკიცებლად წარუდგენს. აღნიშნული ორგანიზაციის შემადგენლობის, ასევე მისი თავმჯდომარის იგორ ბენედისიუკის ბიოგრაფიის და ასევე, მისი და პრეზიდენტ პოროშენკოს კავშირების ანალიზისას, საბჭოში შემავალ მოსამართლეთა პატიოსნებასთნ დაკავშირებით კითხვები ჩნდება.

პეტრო პოროშენკოს

ბენედისიუკის პოზიცია მაშინ გამომჟღავნდა, როდესაც მოსამართლეთა დაკავებასთან და დაპატიმრებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო წესების ფაქტობრივი ცვლილება მოხდა. პრეზიდენტმა პოროშენკომ პირობა დადო, რომ ნებისმიერ მოსამართლეს, რომელსაც ქრთამის აღებაში ამხელდნენ, ყოველგვარი წინაპირობის და ნებართვების გარეშე დააპატიმრებდნენ, მაგრამ სწორედ ამ განცხადების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა დაკავებასთან დაკავშირებით, საბჭოსგან წინასწარი ნებართვის მიღების წესი შემოიღო. ამრიგად, სასამართლო რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი რისკის ქვეშ დადგა და მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენის და მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი მოსამართლეების დაცვის მნიშვნელოვანი ბერკეტი ამოქმედდა. ამ „რეფორმირებულმა“ ორგანომ, ზემოდხსენებული თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, რომელიც სისტემაში წამყვან პოზიციებზე პრეზიდენტ პოროშენკოს ხელშეწყობით მოხვდა, დისციპლინარული საბჭოს სხდომების პირდაპირ ეთერში გადაცემის პრაქტიკა შეწყვიტა. აღნიშნული საბჭო, მათ შორის, იმ მოსამართლეების საქმეებსაც განიხილავს, რომლებმაც 2013-2014 წლებში მაიდნის საპროტესტო გამოსვლების ჩახშობას ხელი შეუწყვეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბევრი წევრი, პრეზიდენტის ყოფილი იურისტები ან მისი პარტიის წევრობის ყოფილი კანდიდატები არიან. საბჭოს ზოგიერთი წარმომდგენელი კორუფციაშია ეჭვმიტანილი. მაგალითად, პაველ გრეჩკოვსკი, რომელიც 2016 წლის სექტემბერში დააპატიმრეს. გამოძიების ინფორმაციით, მან სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით 424,000 ევროს ოდენობის ქრთამი აიღო და ეს ქრთამის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო. სასამართლომ იგი 123,000 ევროს გირაოთი გაათავისუფლა, მის მიმართ საბოლოო განაჩენი კი ჯერაც არ გამოცხადებულა. გრეჩკოვსკი კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაშია და დისციპლინარული საბჭოს წევრის რანგში მოსამართლეების პატიოსნებას აფასებს.

2016 წლის აპრილში, ანტიკორუფციულ უწყებებზე პრეზიდენტის უზარმაზარი გავლენის დამადასტურებელი შემთხვევა მოხდა, როდესაც საგამოძიებო ჟურნალისტმა ანა ბაბინეცმა „პანამის დოკუმენტების“ შესწავლის შედეგად აღმოაჩინა, რომ სახელმწიფოს მეთაურს მისი შოკოლადის იმპერია, იგივე „როშენის“ ქარხანა, არ გაუსხვისებია, იმის მიუხედავად რომ მან ამის პირობა არჩევნებამდე დადო. ჟურნალისტმა დაამტკიცა, რომ იმ დროს როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში სისხლიანი სამხედრო შეტაკებები მიმდინარებდა,  რასაც ყოველდღიურად ათობით ჯარისკაცის სიცოცხლე ეწირებოდა, პრეზიდენტი საკუთარი ბიზნესის ოფშორულ ზონაში გადატანის სქემით იყო დაკავებული.

„ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც პრეზიდენტის საქმიანობას გამოიძიებს. როდესაც პოროშენკოს ოფშორული ბიზნესების შესახებ მასალა გამოვაქვეყნეთ, თავდაპირველად თითქმის ყველა იმას ამტკიცებდა, რომ ამაში კრიმინალური არაფერი იყო. ჟურნალისტური მასალის გავრცელებიდან პირველი ხუთი საათის მანძილზე გენერალური პროკურატურა აცხადებდა, რომ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, ანუ როგორც მე მივხვდი, მათ გამოძიება ოფისიდან გაუსვლელად ჩაატარეს“

ანა ბაბინეცი, OCCRP-ის საგამოძიებო ჟურნალისტი, უკრაინა

„ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც პრეზიდენტის საქმიანობას გამოიძიებს. როდესაც პოროშენკოს ოფშორული ბიზნესების შესახებ მასალა გამოვაქვეყნეთ, თავდაპირველად თითქმის ყველა იმას ამტკიცებდა, რომ ამაში კრიმინალური არაფერი იყო. ჟურნალისტური მასალის გავრცელებიდან პირველი ხუთი საათის მანძილზე გენერალური პროკურატურა აცხადებდა, რომ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, ანუ როგორც მე მივხვდი, მათ გამოძიება ოფისიდან გაუსვლელად ჩაატარეს“ – ამბობს ანა ბაბინეცი. მისი თქმით, ჟურნალისტური გამოძიებების შედეგად, უფრო დაბალი რანგის პოლიტიკური ფიგურების მიმართ გამოძიების დაწყება შესაძლებელია, მაგრამ ძირითადად ასეთი გამოძიებები წინ არ მიიწევს და კორუმპირებულები სასჯელის თავიდან აცილებას ახერხებენ.

ონლაინ გამოცემა „ჩვენი გროშების“ მთავარი რედაქტორი იური ნიკოლოვი აღნიშნავს, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე უკრაინაში მაღალი თანამდებობის პირები ნამდვილად დააკავეს, მაგრამ გისოსებს მიღმა დიდხანს არავინ დარჩენილა.  „ყოფილა შემთხვევები, როცა ოფიციალური პირები მინისტრთა კაბინეტის სხდომებზე დაუპატიმრებიათ. ქვეყნის მთავარი მეხანძრე, კამერების თანდასწრებით, პირდაპირ მთავრობის სხდომაზე დააკავეს. ეს ორი წლის წინ მოხდა, თუმცა ის ჯერ კიდევ არ წასულა ციხეში“ – ამბობს იური ნიკოლოვი. ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობს და მისი შედეგები ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის მომავლისთვის.

იური ნიკოლოვი, „ჩვენი გროშების“ მთავარი რედაქტორი, უკრაინა


მოლდოვა: „მოუქნელ“ მოსამართლეებს ჯვარზე აცვამენ

ბოლო წლებში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სისტემიდან განდევნილი მოსამართლეები სულ უფრო ხშირად საუბრობენ მოლდოვას სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციაზე და მოსამართლეთა უმაღლესი საბჭოს (რომელიც უკრაინის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მსგავსი ორგანოა) პოლიტიზირებაზე. ბოლო მაგალითი იმისა, რომ მოსამართლის პატიოსნება და პროფესიონალიზმი სისტემაში მიღების კრიტერიუმებს არ წარმოადგენს, განსაკუთრებით ხელმძღვანელ პოზიციებზე, 2017 წლის 20 ოქტომბერს მომხდარი შემთხვევა იყო, როდესაც მოსამართლეთა გენერალურმა ასამბლეამ მოსამართლეთა უმაღლეს საბჭოში ექვსი ისეთი მოსამართლე აირჩია, რომელთა პატიოსნებაზე სერიოზული კითხვები არსებობდა. ამ პოზიციებზე წარდგენილი ორი კანდიდატი კი, რომლებიც სისტემას ღიად აკრიტიკებდნენ, აღნიშნული თანამდებობების მიღმა დარჩნენ.

„როგორც ჩანს, მოსამართლეთა უმაღლესი საბჭოს წევრობის იდეალური კანდიდატი ბრმა, ყრუ და მუნჯი უნდა იყოს. იმ კოლეგებს, რომლებიც სისტემას აკრიტიკებენ, მუდმივად ჯვარს აცვამენ ხოლმე. ტრაგიკულია ის, რომ მთელი სასამართლო სისტემის ჯვარცმა ხდება.  ის ფაქტი, რომ მოსამართლეები მათ მიერ მოსამართლის წოდების მიღებისას დადებულ ფიცს არ ასრულებენ და ინსტიტუციონალიზებულ უბედურებას არ ეწინააღმდეგებიან, კატასტროფაა არა მხოლოდ სასამართლოსთვი,ს არამედ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, რომელთა გადასახადებითაც ჩვენი ხელფასები ფინანსდება“ – განაცხადა მოსამართლე ჟორჟე ბალანმა თავისი კოლეგების მისამართით 2017 წლის 20 ოქტომბერს. მისი თქმით, მან აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებისა და სხვებისთვის სისტემის კორუმპირებულობა დაემტკიცებინა.

„ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ვიღაც განგებ ცდილობს მოსამართლეებში შიშის დათესვას, რათა მათ ჩვენით იმანიპულირონ“

– აღნიშნა მოსამართლე ვიორიკა პუიკამ ბოლო დროს მოსამართლეების წინააღმდეგ გახშირებულ საქმეებზე საუბრისას.

ფოტო. ვიორიკა პუიკა

მოლდოვაში, 2016 წლის სექტემბერში, 16 მოქმედი და ყოფილი მოსამართლე დააკავეს.  მათ რუსეთიდან შემოსული 20 მილიონი დოლარის გათეთრებაში მონაწილეობა დაბრალდათ. იმის მიუხედავად, რომ მოსამართლეების როლი ამ საქმეში ჯერ კიდევ 2014 წელს გახმაურდა, ისინი დანაშაულიდან მხოლოდ ორნახევარი წლის შემდეგ აიყვანეს. ამჟამად, არცერთ მათგანს ოფიციალური ბრალი წაყენებული არ აქვს და არცერთი მათგანი  ციხეში არ იმყოფება. საგულისყურო ფაქტია, რომ იმავდროულად, მოსამართლე დომნიკა მანოლე სისტემიდან მხოლოდ იმის გამო განდევნეს, რომ მან მმართველი პარტიისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილება მიიღო.

მოლდოვას მართლმსაჯულების სისტემის მიერ ბოლო რვა წლის მანძილზე გამოძიებას დაქვემდებრებული, გასამართლებული და მსჯავრდებული არცერთი მოსამართლე პატიმრობაში არ იმყოფება. იმის მიუხედავად, რომ ამ პერიოდში სულ მცირე 40 ასეთი საქმე აღიძრა,

პატიმრობა მხოლოდ ერთ მოსამართლეს შეეფარდა და მანაც, სასამართლო დარბაზიდან გაქცევა მოახერხა. პოლიციას იგი დღემდე არ დაუკავებია,  მიუხედავად იმისა, რომ თითქმის სამი წელია მასზე ძებნაა გამოცხადებული.

ამ პერიოდში, ევროპულმა ინსტიტუტებმა მოლდოვას სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის 28.2 მილიონი ევრო დახარჯეს, მაგრამ სისტემაში არსებული კორუფციის გამო, საზოგადოების ნდობა სასამართლოს მიმართ მკვეთრად დაეცა. 2012 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სასამართლოს ნდობას უცხადებდა გამოკითხულთა 26%. ეს მაჩვენებელი 2016 წელს 8%-მდე შემცირდა. „საზოგადოებრივი აზრის ბარომეტრის“ მონაცემებით, 2017 წლის გაზაფხულზე გამოკითხულთა მხოლოდ 2%-მა „დიდი ნდობა“ გამოუცხადა სასამართლო სისტემას, 22%-ს სასამართლოს მიმართ „გარკვეული ნდობა“ ჰქონდა, ხოლო 73%  „ბოლომდე არ ენდობოდა“ ან „საერთოდ არ ენდობოდა“ სასამართლოს.

ინფოგრაფიკა საზოგადოებრივი აზრის ბარომეტრი 2011-2017

მართალია, ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები როგორებიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვალდ ფილატი და ყოფილი დეპუტატი ვიაჩესლავ პლატონი არიან და რომლებსაც „დსთ-ს ტერიტორიაზე N1 გამფლანგველებს“ უწოდებენ, ცოტა ხნის წინ სისხლისსამართლებლივ დევნას დაექვემდებარნენ და ოფიციალურად ბრალიც წაუყენეს, მაგრამ მათ წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო სარჩელები შეიძლება პოლიტიზირებულად მივიჩნიოთ, რადგან აღნიშნული საქმეები მხოლოდ მას შემდეგ აღიძრა რაც ამ ადამიანებს კონფლიქტი შეექმნათ ოლიგარქ ვლადიმირ პლაჰოტნიუკთან. იმ დროს როდესაც ფილატი და პლატონი გისოსებს მიღმა იმყოფებიან, სკანდალური ბიზნესმენი და ქალაქ ორჰეის მერი ილან შორი, რომელიც „საუკუნის ქურდობის“ მნიშვნელოვანი მონაწილეა, თავისუფლებაზე იმყოფება, იმის მიუხედავად რომ იგი კროლის ანგარიშში მოხსენიებულია როგორც იმ გარიგებებთან დაკავშირებული პირი, რომლის შედეგადაც მოლდოვადან ერთი მილიარდი დოლარი გაქრა. კროლი (Kroll) ამერიკული აუდიტორული კომპანიაა, რომელიც იძიებს იმას, თუ როგორ შეძლო ქვეყნის საბანკო აქტივების დაახლოებით მესამედის მფლობელმა სამმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, რთული გარიგებების მეშვეობით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხების გაცემა, რაც ქვეყნის მშპ-ს 15%-ს შეადგენს. აღნიშნული სესხების ჯერაც არავის დაუფარავს. გარდა ამისა, 2016 წლის ოქტომბერში დეპუტატებმა და სახელმწიფოს ყოფილმა მეთაურმა შვიდი კანონისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცეს, რომლითაც აღნიშნული მილიარდიანი სესხის გადახდა ფაქტობრივად მოლდოვას მოქალაქეებს დააკისრეს.

ჯერჯერობით აღნიშნული საბანკო აფიორა ბოლომდე გამოძიებული არაა და ის პირები, ვინც ამ ქურდობით „ხელები მოითბეს“ დაპატიმრებული არ არიან.

„კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ დღემდე ქვეყნის ხელმძღვანელობას არაფერი გაუკეთებია იმ სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელების მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, რომლებმაც ამ დანაშაულის პრევენცია ვერ შეძლეს. საუბარია, მაგალითად, ეროვნული ბანკის ყოფილ მმართველზე, ნაციონალური ანტიკორუფციული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელზე, საინფორმაციო და უსაფრთხოების სერვისის დირექტორზე და გენერალურ პროკურორზე“

–  ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა მოლდოვას“ ექსპერტი იანინა სპინეი. მისი აზრით, ეს კონკრეტული შემთხვევა იმის ერთ-ერთი მიზეზია, რომ ქვეყნის გარე პარტნიორებმა მოლდოვასთვის მაკრო დაფინანსების გამოყოფა შეაჩერეს.

ვლადი ფილატი

ვლადიმირ პლაჰოტნიუკთან

იანინა სპინეი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა მოლდოვას“ ექსპერტი

ვლადისლავ გრიბინჩეა

ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მოლდოვას ხელისუფლებამ ის პირობები ვერ დააკმაყოფილა, რომლებიც სასამართლო რეფორმისთვის საბოლოო ტრანსფერის, 28 მილიონი ევროს გამოყოფისთვის იყო საჭირო. „მოლდოვას იურიდიული რესურს ცენტრის“ თავმჯდომარე ვლადისლავ გრიბინჩეა ამბობს, რომ აღნიშნული თანხა მოლდოვას ხელისუფლებამ უკვე დახარჯა და ევროკავშირს უბრალოდ მისი ანაზღაურება უნდა უზრუნველყო. „ეს მილიონები არ გადმოირიცხება და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 30 მილიონი ევროს ოდენობის დეფიციტი გაჩნდება“ – აღნიშნავს ექსპერტი.

ევროკავშირმა საბიუჯეტო დახმარება არა მარტო სასამართლო სისტემის რეფორმის, არამედ სხვა მიმართულებებითაც შეაჩერა. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის განახლდება დაფინანსება. ამასობაში კი დავალიანება იზრდება.

„ეროვნული პატიოსნების ორგანო“ ის სტრუქტურაა, რომელსაც ოფიციალური პირების აქტივების და ინტერესების მონიტორინგი უნდა განეხორცილეებინა, თუმცა მას ბოლო ერთი წლის და სამი თვის მანძილზე არ უმუშავია.

სახელისუფლებო ორგანოების ჩარევის შედეგად, ოფიციალური პირების შემოსავლების და ქონების დეკლარაციების შემოწმებას, არცერთი ორგანო აღარ ახორცილებს; ამ თემასთან დაკავშირებული ყველა შეტყობინება იმ „პატიოსნების ინსპექტორებისთვის“ ინახება, რომლებიც მხოლოდ ფურცელზე არსებობენ. ეს იმის გამო ხდება, რომ „ეროვნული პატიოსნების ორგანო“, რომელიც ევროპული დაფინანსებით რეფორმირდა, მისი თავმჯდომარის შერჩევის პროცესის შეფერხების შემდეგ აღარ ფუნქციონირებს.

ფოტო. როგორ გამოიყურება ერთი მილიარდი დოლარი


საქართველო: პოლიტიკური ინტერესები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნიან

მართალია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და კორუფციის აღქმის საერთაშორისო რეიტინგებში, საქართველო ზემოდხსენებულ ორ ქვეყანასთან შედარებით უფრო მაღალ პოზიციებს იკავებს, მაგრამ აღნიშნულ სფეროებში ამ ქვეყანაშიც გარკვეული პრობლემები არსებობს. „სტუდია მონიტორის“ მთავარი რედაქტორი ნანა ბიგანიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს პოლიტიკური სასამართლო პროცესები გაცილებით ხშირი იყო, ვიდრე ახლა, როდესაც ქვეყანას ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი კულისებიდან მართავს. გამომძიებელი ჟურნალისტის თქმით, წინა ხელისუფლების

დროს გამამართლებელი გადაწყვეტილებები ნულს უდრიდა. „ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სიტუაცია გაუმჯობესდა, მაგრამ პრობლემები კვლავ არსებობს. 2012 წლამდე სერიოზულ გამოძიებებს ვამზადებდით ადამიანის უფლებების დარღვევებზე, მათ შორის სასამართლო სისტემაში. დღეს სიტუაცია შეცვლილია. მაღალი თანამდებობის პირების დაკავებების მაგალითები გვაქვს.  ცოტა ხნის წინ თბილისის მერიაში მსგავსი დაკავება მოხდა“ – ამბობს ნანა ბიგანიშვილი, რომელიც არ უარყოფს, რომ შესაძლოა მერიაში მომხდარი სკანდალი პოლიტიკურ ინტერესებსაც უკავშირდებოდეს.

„ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სიტუაცია გაუმჯობესდა, მაგრამ პრობლემები კვლავ არსებობს. 2012 წლამდე სერიოზულ გამოძიებებს ვამზადებდით ადამიანის უფლებების დარღვევებზე, მათ შორის სასამართლო სისტემაში. დღეს სიტუაცია შეცვლილია. მაღალი თანამდებობის პირების დაკავებების მაგალითები გვაქვს.  ცოტა ხნის წინ თბილისის მერიაში მსგავსი დაკავება მოხდა“

ნანა ბიგანიშვილი, „სტუდია მონიტორის“ მთავარი რედაქტორი, თბილისი

მართალია, ქართველების უმრავლესობა სიღარიბეზე, დაბალ ხელფასებზე და არასაკმარის პენსიებზე ჩივის და ხელისუფლებას ქვეყნის პრობლემების გადაწყვეტის მაგივრად საკუთარ ინტერესებზე ზრუნვაში ადანაშაულებ, მაგრამ იმავდროულად ისინი ამაყობენ იმით, რომ შედარებით მოკლე პერიოდში სახელმწიფო ორგანოებიდან კორუფცია გაქრა და პოლიციელის, ოფიციალური პირის ან იურისტის მოსყიდვის ნებისმიერი მცდელობა ისე მკაცრად ისჯება, რომ ყველას ურჩევნია დიდი ჯარიმები გადაიხადოს, ვიდრე საკუთარი პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ ვინმეს ქრთამი შესთავაზოს.

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი აცხადებს, რომ მაღალ სახელისუფლებო ეშელონებში კორუფცია კვლავ გრძელდება და ძველ სისტემაში დაბრუნების საფრთხეც არსებობს. „ჩემი აზრით, პროკურატურა თავის ქმედებებში საკმაოდ თავისუფალია თუ მისი საქმიანობა პოლიტიკურ ინტერესებს არ ეხება.

გიორგი კანაშვილი

თბილისში პოლიციის შენობები შუშიგან არის აშენებული

პრინციპში, როგორც პროკურატურა ისე სასამართლოები თავისუფალია“ – ამბობს გიორგი კანაშვილი, თუმცა აღნიშნავს ერთი მნიშვნელოვანი ასპექტის შესახებ: ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლასთან ერთად სასამართლო ხელისუფლების „სახეების“ ცვლილება დაიწყო. „სააკაშვილის რეჟიმის დასრულებიდან პირველ რამდენიმე წელიწადშივე, პროკურატურის მიერ წამოწყებული ნებისმიერი საქმე სასამართლოს მხრიდან იბლოკებოდა, რადგან სისტემაში ჯერ კიდევ რჩებოდნენ ყოფილი ხელისუფლების მიერ დანიშნული მოსამართლეეები. სიტუაცია თანდათანობით შეიცვალა ანუ სისტემა ნელ-ნელა „გაიწმინდა“ მთავარ პოზიციებზე მომუშავე ამ ხალხისგან და სხვადასხვა თანამდებობებზე, ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაინიშნა. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველა მათგანი არ მოუშორებია. ბევრ სამინისტროში კვლავ მუშაობენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული პიროვნებები ანუ სააკაშვილის მიმართ ლოიალურად განწყობილები “ – ამბობს კანაშვილი.

ჟურნალისტი და „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის ეროვნული კომიტეტის“ წარმომადგენელი საქართველოში ნათია კობერიძე, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე ესტონეთში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხზე მუშაობს და მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს სწავლობს, თავის მხრივ აცხადებს, რომ ტრადიციის შეცვლის მცდელობამ მარცხი განიცადა: მოსამართლეები და პროკურორები კვლავ პოლიტიკური ინტერესებისთვის და შერჩევითი სამართლისთვის გამოიყენებიან. ამ კონტექსტში მან ყოფილი ფეხბურთელი და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძე ახსენა, რომელიც არჩევნებში „ქართული ოცნების“ სახელით მონაწილეობდა და თბილისის მერად  აირჩიეს.

„არსებობს ბრალდებები კახა კალაძის ძალზედ კორუმპირებულობაზე. იგი კრიმინალურ სამყაროსთან მეგობრობს. კალაძე სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებების წევრებთან ერთად რამდენჯერმე შეამჩნიეს. ამის დამადასტურებელი ფოტოებიც არსებობს და წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ამ პირებთან კალაძეს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს. რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, მან ენერგეტიკის მინისტრის უფლებამოსილებას გადააჭარბა და „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები დაიწყო. იგი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ საქართველოს „გაზპრომთან“ ხელშეკრულებაზე ხელი უნდა მოეწერა, მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოში რუსეთის ბაზრიდან გასვლის ტენდენციები შეინიშნებოდა. საქართველომ რუსეთის გაზის მოხმარება ჯერ კიდევ 2008 წელს შეწყვიტა, რადგან ეს რუსეთის ხელში არსებული პოლიტიკული იარაღია მეზობელი საქართველოს მიმართ, რომელსაც ბუნებრივი აირის შეზღუდული რესურსები აქვს. მიუხედავად ამისა, ბატონმა კალაძემ ყველაფერი გააკეთა ჩვენი ისევ რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად და აბსოლუტურად გაუმჭვირვალე პირობებში კონტრაქტს ხელი მოაწერა, იმ ფონზე როცა ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ მასობრივი საპროტესტო აქციები იმართებოდა. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანას ამ კონტრაქტზე ხელის მოწერის საჭიროება არ გააჩნდა. წარმოგიდგენიათ, რა როლს ითამაშებდა კალაძე პრემიერ-მინისტრს მასზე ზეგავლენის მოხდენა რომ არ შეძლებოდა? ჯერ კიდევ არ ვიცით ამას რა შედეგები მოჰყვება“ – ამბობს კობერიძე და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, რომელიც არსებული ინფორმაციით „გაზპრომის“ აქციონერია,  ამ საქმეზე არანაირი გამოძიება არ დაწყებულა.

შერჩევითი სამართლის, კორუფციის და სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური ზეგავლენის კუთხით, სერიოზულ პრობლემად  ქართველი ჟურნალისტები, საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციაზე წვდომის საკითხს ასახელებენ.
ნათია კობერიძის თქმით, ამგვარ ინფორმაციაზე წვდომა ყოველთვის პრობლემატურია, განსაკუთრებით კი შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების შემთხვევებში.

კახა კალაძე

„არსებობს ბევრი ფაქტი, ჟურნალისტების მიერ სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ სასამართლოში მოგებულ საქმეებზე. უწყებებს საზოგადოებისთვის საინტერესო საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის არავითარი უფლება არ გააჩნიათ, განსაკუთრებით კანონით დადგენილი ვადების კუთხით. იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, ძალიან ხშირად აიგნორებს ჟურნალისტების მოთხოვნებს. ცოტა ხნის წინ სასამართლომ დაადგინა, რომ მან საჯარო ინფორმაციის გაუცემლობით კანონი დაარღვია“ – ამბობს ჟურნალისტი.

ჟურნალისტების ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა პრობლემას მოლდოვაშიც წარმოადგენს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, როდესაც პერსონალური მონაცემების დაცვის საბაბით ხელისუფლება პოლიტიკურ საქმეებში სასჯელებისა და სისტემის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირების მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილებების შესახებ მონაცემების დამალვას ცდილობს.

„ბოლო დროს ჩვენ აშკარად ვხედავთ ტენდენციას, როდესაც სახელმწიფო დაწესებულებები კანონის სუბიექტურ ინტერპრეტირებას ახდენენ და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონს, საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საბაბად იყენებენ. კანონში სუბიექტური და ძალზედ ბუნდოვანი დებულებებია, რომლებიც ამგვარი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა“ – განაცხადა მოლდოვას იურიდიული რესურს ცენტრის პროგრამების დირექტორმა ნადეჟდა ჰრიპტიევჩიმ. ოქტომბრის დასაწყისში, საგამოძიებო ჟურნალისტებმა მოსამართლეთა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და საბჭოს ინფორმაციაზე წვდომის შემზღუდავი ახალი რეგულაციის მიღებისგან თავის შეკავება მოსთხოვეს.

ფოტო. საპროტესტო აქცია მოსამართლეთა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ნამდვილად გაატარა რეფორმები სასამართლო სისტემაში, მაგრამ ამ სფეროზე პოლიტიკის ზეგავლენის შესამცირებლად გაცილებით მეტი ძალისხმევაა საჭირო. მოლდოვაში ყველაზე პრობლემატურად მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნისა და მათი დაწინაურების და ასევე, გახმაურებული საქმეების განხილვისას დახურული მოსმენების გამართვის პრაქტიკა სახელდება. უკრაინაში კი სასამართლო სისტემის რეფორმირება მიმდინარეობს, თუმცა ეს სექტორი კვლავ ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ სფეროდ ითვლება.