მზის და ქარის ენერგიასთან ერთად, მსოფლიოში სულ უფრო ფართოდ გამოიყენება განახლებადი ენერგიის სხვა საშუალებები, როგორიცაა ბიომასა, გეოთერმული წყაროები და ბიოგაზი. აღნიშნული წყაროების მაღალი ეკონომიკური და ეკოლოგიური დადებითი ასპექტების მიუხედავად, იოლი არ არის ენერგობაზარზე მათი შეღწევა. ისინი ნაკლებად გამოიყენება შავი ზღვის მეზობელ ქვეყნებში –  მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში; თუმცა, ამ ქვეყნებში არსებობს რამდენიმე უნიკალური პროექტი, რომლებიც შეიძლება მისაბაძი მაგალითი გახდეს.

ავტორები: ლილია ქურჩი, ლუსია ტაუტი, სტეფან სკორპანი

ბიოგაზი მონასტერში, მოლდოვას ჩრდილოეთით

კიშინიოვიდან, მანქანით 3.5 საათიანი მგზავრობის შემდეგ ედინეცის რაიონის სოფელ ზაბრიჩენში ჩავედით, სადაც 1999 წელს დაფუძნებული სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს. მონასტერში სამყაროსგან განდეგილად 20 ბერი მოღვაწეობს და ლოცულობს. ლიტურგიული და სასულიერო ცხოვრების პარალელურად, მათ საკუთარი მეურნეობაც მოაწყვეს. ეს, ტყის განაპირას მდებარე ერთადერთი მოქმედი მონასტერია მოლდოვას ჩრდილოეთში, რომელსაც მთლიანად თვითკმარი ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობა აქვს და სამაგალითო ადგილია, სადაც ბიოგაზის მისაღებად ცხოველის ნაკელს იყენებენ.

„წინათ, ფერმაში წარმოქმნილ სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებს პირდაპირ მინდვრებში ვყრიდით, რაც ნიადაგში აღწევდა და სასმელ წყალს აბინძურებდა. 2013 წლის შუა პერიოდში, ბიოგაზის მოწყობილობის დამონტაჟება გადავწყვიტეთ და განაცხადი „გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის“ მცირე გრანტების პროგრამაში შევიტანეთ, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს და რომელმაც ჩვენი ხარჯების 50% დააფინანსა. 2014 წლის ბოლოსთვის უკვე დამონტაჟებული გვქონდა პირველი ბიორეაქტორი“ – იხსენებს მონასტრის ადმინისტრატორი მამა დორიმედონტი. მას შემდეგ ბიოგაზის დანადგარის სიმძლავრე გაიზარდა და ახლა ბიორეაქტორის შენახვის მოცულობა 60 მ3-ს აღწევს.



ყოველი მსახურების შემდეგ, მრევლს თბილი სადილით  და სამკურნალო ბალახებისგან დამზადებული ჩაით უმასპინძლდებიან. საკვები ბიოგაზზე მზადდება, სამკურნალო მცენარეები კი ეკოლოგიურად სუფთა პირობებში მოჰყავთ იმ ნიადაგზე, რომელიც ბიოგაზის წარმოების შედეგად მიღებული ორგანული სასუქით არის დამუშავებული.

ბიოგაზის გამოყენებით, მონასტერმა ორივე პრობლემა გადაჭრა: ეკონომიკური (გაზის და შეშის ხარჯების შემცირება) და გარემოსდაცვითი (საყოფაცხოვრებო ნარჩენების განკარგვა, მეურნეობის ნარჩენების ეფექტიანი მართვა, ნიადაგის დაბინძურების შემცირება, სათბური აირების ემისიის შემცირება).

არასამთავრობო ორგანიზაცია „Rural Woman“-ის ინფორმაციით, რომელიც მონასტერს ამ ენერგო პროექტის განხორციელებაში ეხმარებოდა, ზაბრიჩენის მონასტერში დადგმული ბიოგაზის მსგავსი სადგური, მოლდოვას ჩრდოლოეთში, უკვე ოთხ ოჯახში დამონტჟდა. დანადგარების ტევადობა 5მ3-დან 25მ3-მდე მერყეობს და 2016 წლის ოქტომბრიდან, დღეღამეში  7-12 მ3 ბიომეთანს აწარმოებს.

მოლდოვას ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის იონ სობორის თქმით, მოსალოდნელია, რომ ხელისუფლება ხელს შეუწყობს ინიციატივებს, რომლებიც ბიოგაზისგან განახლებადი ენერგიის განვითარებას მოემსახურება. ბიოგაზის შენახვის პოტენციალის გამო იგი ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და განახლებად ენერგიის წყაროდ ითვლება. ექსპერტის განცხადებით, ბიოგაზის დანადგარების დანერგვით გადაიჭრება არა მხოლოდ ენერგო, არამედ გარემოსდაცვითი პრობლემაც, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენების განკარგვას უკავშირდება.

პროფესორის იონ სობორის

გათბობის ნულოვანი ხარჯი

ჩვენ, საქართველოს დედაქალაქიდან, თბილისიდან 50კმ-ზე ნაკლებ სავალზე ვიმყოფებით. ცენტრალური ავტომაგისტრალის გავლით წილკანში ჩავდივართ –  საქართველოს აღმოსავლეთით მდებარე ძველ რელიგიურ ცენტრში, შემდეგ მარჯვნივ ვუხვევთ და ერედამდე ვმგზავრობთ. მცხეთის რაიონში მდებარე ეს თემი, ტყეებითაა გარშემორტყმული. როგორც ოთარ ფოცხვერაშვილმა ტელეფონით აგვიხსნა, მის ფერმამდე მისასვლელად მთელი სოფელი უნდა გაგვევლო. სახლი სოფლის განაპირას მდებარეობს, ორსართულიანი და ამ ადგილიდან მთების და ტყეების ლამაზი ხედი იშლება.

ოთარ ფოცხვერაშვილმა

ოთარ ფოცხვერაშვილი ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებით არის გატაცებული, რაც მის ენერგო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მას აქვს რამდენიმე დანადგარი, რომელთა შესახებ ენთუზიაზმით გვიყვება.

ერედაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების მსავსად, გავრცელებულია მეღვინეობა; შესაბამისად, ოთარმა დანადგარი სპირტიანი სასმელების დასამზადებლად ააგო.  ეს დანადგარი პირველი რამ იყო, რაც ეზოში შესვლისთანავე დავინახეთ. ოთარმა მოწყობილობის მუშაობის პრინციპი აგვიხსნა და მის მიერ დამზადებული „ცეცხლოვანი“ ნექტარის დაგემოვნებას დაგვპირდა.

ჩვენ გავუძელით ცთუნებას და გოგრის, პომიდვრის და სხვა ბოსტნეულის რიგების გავლით მეურნეობის მეორე ბოლოში გავედით. აქ კი ვიხილეთ თავლა და ბიოგაზის სადგური – ერთადერში დანადგარი სოფელში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ მოწყობილობით, ფერმერის დანაზოგი ყოველ ზამთარში დაახლოებით 1,000 ლარია (312 ევრო). „ეს ნამდვილად გამოსადეგი დანადგარია. ჩვენი სახლი დიდია, ოჯახი შვიდსულიანია და ხარჯები მცირე არ გვაქვს. ბიოგაზის გამოყენებით, ჩვენ ვზოგავთ სულ მცირე 5მ3 შეშას“ – ამბობს კმაყოფილი ოთარი.



ბიოგაზის სისტემის გარდა, ოთარ ფოცხვერაშვილმა მზის კოლექტორიც დაამონტაჟა. ამ მოწყობილობით, აბაზანა და სამზარეულო ცხელი წყლითაა უზრუნველოფილი. ასევე, მან სახლის წინა ეზოში დაამონტაჟა ხილის და სამკურნალო ბალახების საშრობი, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს.

ნარჩენი წყლებისგან მიღებული ენერგია

ოდესაში, ლანჟერონის პლაჟთან მდებარე თანამედროვე მრავალსართულიან საცხოვრებელ  კორპუსში, ენერგიის დასაზოგად წყლის გაცხელების უჩვეულო მეთოდს იყენებენ – საკანალიზაციო მილში წარმოქმნილ სითბოს. აქ, 150 ოჯახი აბაზანას იღებს, რეცხავს და კერძებსაც ამზადებს, ხელახლა გამოიყენებენ რა საკანალიზაციო მილში ნარჩენი წყლებისგან მიღებულ სითბოს.

ინოვაციური სისტემის გამო, რომელიც ტუმბოს წყლის გაცხელებას ეფუძნება, მათ დაბალი საფასურის გადახდა უწევთ. მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ეს ინოვაციური სისტემა ინჟინერთა გუნდმა დანერგა, რომელსაც პროფესორი ბორის აფანასიევი ხელმძღვანელობს – ოდესის არქიტექტურის აკადემიის უფროსი ლექტორი და იმავდროულად კომპანია „Saneco Plus“-ის ტექნიკური დირექტორი.

ეს 16 სართულიანი კორპუსი, ასევე აღჭურვილია მზის პანელებით რათა ჩანაცვლდეს  წიაღისეული საწვავის გამოყენება და შემცირდეს სათბური აირები. ეს კომბინაცია  პროფესორ აფანასიევის მიერაა რეკომენდებული, იმ ეფექტიანობისა და ინვესტიციაზე სწრაფი ამონაგების გამო, როგორც ნაჩვეებია ქვემოთ მოყვანილ დიაგრამაში.

საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში, პროფესორი აფანასიევი ტუმბოს მუშაობის პრინციპს გვიხსნის. ტუმბო სითბურ ენერგიას ნარჩენი წყლებისგან იღებს, აგრილებს და წარმოქმნის ახალ სითბოს, რომელიც უფრო ინტენსიურია. თბური ტუმბო ენერგიის ალტერნატიული წყაროა, რომელიც სითბოს, გარემოზე ზემოქმედების გარეშე, უფრო იაფად აწარმოებს.



კორპუსები ენერგიის დაბალი მოხმარებით

„ევროკავშირში ახალი კონცეფცია ამოქმედდა. ყველასთვის სასურველია, ენერგიის ნულოვანი მოხმარების შენობების სტატუსის (nZEB) მოპოვება“ – განაცხადა ვალენტინ არიონმა, კიშინიოვის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა. ამ სტატუსის მიღწევა სავალდებულო იქნება საჯარო შენობებში 2019 წლიდან და ყველა ახლადაგებულ შენობაში 2021 წლამდე.

პროფესორმა ვალენტინ არიონმა

ჩვენ nZEB-ის მაგალითი კიშინიოვში, ინჟინერ სერგიუ კოკარლას სახლში ვიხილეთ. იგი პირველი მოლდოველია, რომელმაც გეოთერმული ტუმბოები დაამონტაჟა, რითაც ზამთარში გათბობას, ხოლო ზაფხულში გაგრილებას უზრუნველყოფს. 2013 წელს, მოლდოვაში, ეკო ენერგიის პირველ ეროვნულ კონკურსში, ბ-ნმა კოკარლამ საუკეთესო პროექტისთვის ჯილდო გეოთერმულ ენერგიაში მიიღო.



აქცენტი ენერგოეფექტიანობაზე

უნივერსიტეტის პროფესორის, ვალენტინ არიონის თქმით, ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება ენერგოეფექტიანობის პარალელურად უნდა განხორციელდეს. „პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს მთლიანი ეკონომიკის ოპტიმიზაცია. იმავდროულად, უნდა დავნერგოთ განახლებადი წყაროები, რომლებიც ტრადიციულ/წიაღისეულ საწვავს ჩაანაცვლებენ“. როგორც მან დასძინა, მთელი ევროპის მასშტაბით და მათ შორის ჩვენს ქვეყნებშიც, სათბური აირების ემისიაში შენობების წილი საკმაოდ მაღალია.

შენობების ენერგო ოპტიმიზაცია აქტუალური თემაა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მთელ რიგ თემებში, რომლებიც ნებაყოფლობით მიუერთდნენ  კლიმატისა და ენერგეტიკის შესახებ „მერების შეთანხმებას“.

მერების შეთანხმება საქართველოში

მერების შეთანხმება უკრაინაში

მერების შეთანხმება მოლდოვაში

ეს არის ევროპული ინიციატივა, რომელიც აერთიანებს ათასობით ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს მთელი მსოფლიოდან. ისინი ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებებს, მათ დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე შეასრულონ ევროკავშირის მიზნები, რომლებიც კლიმატისა და ენერგეტიკის სფეროებს ეხება.  ამჟამად, ხელმომწერებს აღებული აქვთ ვალდებულება, 2030 წლამდე სულ მცირე 40%-ით შეამცირონ ნახშირორჟანგის ემისიები და დანერგონ ინტეგრირებული მიდგომა, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილებისა და მათდამი ადაპტირების საქმეში. შეთანხმება ეფუძნება სამ საყრდენს: შერბილება, ადაპტაცია და მდგრადი, ფინანსურად ხელმისაწვდომი ენერგიის უზრუნველყოფა. ამ ვალდებულების მისაღწევად, ხელმომწერებმა  მდგრადი ენერგიის და კლიმატის სამოქმედო გეგმები შეიმუშავეს, რომლებიც კლიმატის ცვლილების შესარბილებლად  ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების ღონისძიებებს მოიცავს.

დოკუმენტის ხელმომწერმა მერებმა უნდა განახორციელონ შემდეგი ქმედებები:

  • გაუმჯობესდეს შენობების ენერგოეფექტიანობა, რაც ხელს შეუწყობს ენერგიის მოხმარების და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებას;
  • წახალისდეს ნახშირბადის დაბალი ემისიების მქონე, განახლებადი ენერგიის ადგილობრივი წყაროების შექმნა;
  • დაინერგოს მდგრადი სატრანსპორტო სისტემა და შემცირდეს ტრანსპორტიდან ნახშირორჟანგის ემისიები;
  • ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება, რათა მათ შეძლონ საკუთარი ქცევის ადაპტირება და ენერგიისა და კლიმატის საკითხებში გონივრული არჩევანის გაკეთება.

ამჟამად, კლიმატისა და ენერგეტიკის შესახებ მერების შეთანხმებაზე, მოლდოვადან 20 ხელმომწერია დაფიქსირებული, საქართველოში აღნიშნულ შეთანხმებას 16 მუნიციპალიტეტი შეუერთდა, ხოლო უკრაინაში – 175

ექსპერტების ხმა

სხვადასხვა ტიპის მიუხედავად, განახლებადი ენერგიები გარემოს დაცვის მიზნით უნდა განვითარდეს. ექსპერტებმა უკრაინიდან, მოლდოვადან და საქართველოდან ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლა აუცილებელია, რათა შესრულდეს პარიზის კლიმატის ხელშეკრულების მთავარი მიზანი, რაც 2050 წლისთვის მსოფლიო ტემპერატურის არაუმეტეს 2oC-ით გაზრდას გულისხმობს. უკრაინაში, უკვე შემუშავდა 2050 წლამდე, ენერგიის განახლებად წყაროებზე სრულად გადასვლის სცენარები.



აღმოსავლეთ ევროპაში კლიმატთან დაკავშირებული ღონისძიებების საერთაშორისო ქსელის კოორდინატორმა კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში, აირინა სტავჩუკმა აღნიშნა: „რეგიონში ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარების დონე დაბალია და არ გაიზრდება სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმების დანერგვის გარეშე. ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ენერგიის განახლებადი წყაროები ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი გახდეს. მთავრობებმა უნდა შემოიღონ ნულოვანი ტარიფები როგორც კომპანიებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის და ამით წაახალისონ შიდა და უცხოური ინვესტიციები.“

„სამწუხაროდ, საქართველოში არ მოქმედებს კანონი ან რეგულაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგიის ალტერნატიული, განახლებადი წყაროების განვითარებას, მაგრამ ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ. საქართველო ახლახანს შეუერთდა ევროპის ენერგო გაერთიანებას; ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაერთიანებულია ევროკავშირი და მისი მეზობლები და მისი მიზანია, პან-ევროპული ენერგეტიკული ბაზრის შექმნა. ჩვენ მთელი რიგი ვალდებულებები უნდა შევასრულოთ, მათ შორის სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების ჩათვლით“ – აღნიშნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა გიორგი ფანგანმა.



2018 წლის მარტიდან, მოლდოვას რესპუბლიკაში ძალაში შევა ახალი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გამოყენებას. კანონის მიხედვით, 2020 წლისთვის ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში, განახლებადი ენერგიის წილი სულ მცირე 17%-ს უნდა შეადგენდეს. პროფესორ არიონის თქმით, ახალი კანონი ინვესტორებისათვის ამ სფეროში სახელმწიფო  მექანიზმების თანადგომას  ითვალისწინებს. „განახლებად ენერგიებში ინვესტირების შემთხვევაში, ორგანიზაცია მხარდაჭერას მიიღებს ეგრეთ წოდებული „feed-in“ მექანიზმით. მოლდოვაში არიან ინვესტორები რომლებიც ამ საკითხის მოგვარებას წლებია ელოდებიან“ – განაცხადა მან.

მთავრობამ ახლახანს მიიღო მოლდოვაში 2018-2020 წლების „მწვანე“ ეკონომიკის ხელშეწყობის პროგრამა და დაამტკიცა მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტების მიზანია, ხელი შეუწყოს მოლდოვაში „მწვანე“ ეკონომიკური პრინციპების განხორციელებას, ითვალისწინებს რა ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ კეთილდღეობას და გარემოსდაცვითი რისკების შემცირებას. პროგრამის მიხედვით, აქცენტი გაკეთდება ენერგოეფექტიანობის გაზრდასა და განახლებადი წყაროებიდან წარმოებულ ენერგიაზე.



ბიომასა, ბიოგაზი, გეოთერმული ენერგია და თბური ტუმბო ენერგიის ალტერნატიული წყაროებია, რომლებსაც ორგანიზაციები და ინდივიდები გამოიყენებენ მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში. ენერგიის განახლებადი ენერგიის წყაროს ყველა სახეობას დადებითი შედეგი მოაქვთ, როგორც ეკონომიკური ისე ეკოლოგიური კუთხით. შავი ზღვის აუზის ქვეყნებში იზრდება ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება და ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია. ამდენად, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზას ადგანან.